ლაფანყურის ინციდენტის გამო მუსლიმ სულიერ ლიდერთა საბჭო ვერდიქტს გამოიტანს

ლაფანყურის ინციდენტის გამო მუსლიმ სულიერ ლიდერთა საბჭო ვერდიქტს გამოიტანს

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ლაფანყურის ინციდენტის გაუხმაურებელ დეტალებს ასაჯაროებს. მისი თქმით, ლაფანყურის ინციდენტი იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ისტორიაში, ალბათ, პირველად ქართველებმა სტუმრები დახოცეს. თუმცა ამ შემთხვევაში, საუბარია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რომელსაც ქართველ ერთან საერთო არაფერი აქვს. კავკასიელი მებრძოლები კი გაიწირნენ იმისთვის, რომ ყოფილ ხელისუფლებას დაკვეთა არ შეუსრულეს.

ზაალ კასრელიშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჩრდილო კავკასიაში მუსლიმი სულიერი ლიდერების საბჭო შეიკრიბება, სადაც ლაფანყურში მომხდარი ინციდენტის გამო ვერდიქტს გამოიტანენ. ამ ვერდიქტს კი, შეიძლება, სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვეს ორ ჩრდილო კავკასიურ დაჯგუფებას შორის.   

რაც შეეხება უშუალოდ ლაფანყურის ტრაგედიას, ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ კავკასიელ მებრძოლებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და ოპოზიციის ლიდერებზე ზეწოლა შესთავაზა. თუმცა მათგან უარის მიღების შემდეგ - რომ ისინი მებრძოლები იყვნენ და არ აპირებდნენ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას - ჩრდილო კავკასიელების მიმართ უარყოფითად განეწყვნენ. ამ ადამიანებს უარი უთხრეს სირიაში გადაყვანაზე. ეს მაშინ, როცა კავკასიელი მებრძოლები ჩვენს ტერიტორიაზე ლეგალური გზით იყვნენ შემოსულნი და წინა ხელისუფლება მათ სირიაში გადასასვლელად ამზადებდა. უფრო მეტიც, აღნიშნულ ინციდენტამდე ექვსი თვის განმავლობაში ასამდე მებრძოლმა სწორედ საქართველოს გავლით ჩააღწია სირიამდე. ამ შემთხვევაშიც, მათ საქართველოდან თურქეთისკენ უნდა აეღოთ გეზი, იქ მათ სანდო ადამიანი დახვდებოდა, ვინც სირიაში გადაიყვანდა.

თუ რატომ სურდათ ჩრდილო კავკასიელებს სირიაში გადასვლა, ამის შესახებ ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ სირიის მუსლიმმა სულიერმა ლიდერებმა, რომლებსაც ასადის რეჟიმთან ბრძოლა გაუჭირდათ, მოჯაჰიდებს დახმარებისთვის მიმართეს. როგორც წესი, ყველაზე კარგ მოჯაჰიდებად ითვლებიან კავკასიელი მებრძოლები და ამჟამად 600 კავკასიელი მებრძოლი იბრძვის სირიაში.

კასრელიშვილის თქმით, ამ ინციდენტის ერთადერთი მოწმე ცალხელა ახმედი (ჩატაევი) ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს ვერ აკონტროლებდა, რადგან კავკასიელ მებრძოლთა გადაადგილებას ორგანიზებას უწევდა პიროვნება, ფსევდოგვარით პაპასკირი, თავის ორ თანამზრახველთან ერთად. სხვათა შორის, პაპასკირი ამ ტრაგედიის შემდეგ ისეთ მძიმე ვითარებაში ჩავარდა, რომ თურქულ სპეცსამსახურებს ჩაბარდა და სამი მკვლელობა აღიარა, ვინაიდან ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ ადამიანებს ციხეში სამუდამოდ ყოფნა ერჩივნათ, ვიდრე გარეთ დარჩენა და აღნიშნული ინციდენტის გამო პასუხისგება.

ზაალ კასრელიშვილის ინფორმაციით, ლაფანყურის სპეცოპერაციისას თავდაპირველად გია ლორთქიფანიძის, ვანო მერაბიშვილის მოადგილის სახელი ფიგურირებდა. უფრო ზუსტად კი, გია ლორთქიფანიძე, ალბათ, თავისით ვერ გამოიჩენდა ინიციატივას, პირდაპირი მითითება რომ არ ჰქონოდა მერაბიშვილისგან. თუმცა ახალი ხელისუფლება ცდილობს, დაკავებულებთან მიმართებით კანონის ფარგლებში იმოქმედოს და მათზე ზეწოლა არ მოახდინოს. ამდენად, რა შედეგს მოიტანს გია ლორთქიფანიძის სავარაუდო დაკითხვა, უცნობია.

რაც შეეხება ლაფანყურის დეტალებს, მას შემდეგ, რაც მებრძოლებმა საქართველოს საქმეებში ჩარევასა და ლოკალური მასშტაბის არეულობის მოწყობაზე უარი განაცხადეს, არენაზე გამოჩნდა ახალაია და მისი თანამოაზრეები. ამას აღნიშნული სპეცოპერაციის ჩატარება მოჰყვა. იმის გამო, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მებრძოლებს სირიაში გადაყვანაზე უარი უთხრა, მებრძოლებმა უკან, ჩრდილო კავკასიაში დაბრუნება მოითხოვეს. ამაზეც უარი მიიღეს და მაშინ ამ დაჯგუფებამ დამოუკიდებლად გადაადგილება დაიწყო რუსეთის საზღვრისკენ.

ახმედ ჩატაევს ქართულმა სპეცსამსახურებმა შუამავლობა სთხოვეს, მანაც გადასცა კავკასიელ მებრძოლებს მათი დანაბარები, რომ იარაღი დაეყარათ და საქართველოს სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ. ახმედ ჩატაევმა მათგან პირობა მიიღო, რომ აღარ გადავიდოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა იარაღს არ დაყრიდნენ, დარჩებოდნენ ტყეში და დაელოდებოდნენ ხელსაყრელ დროს, როცა საქართველოს ტერიტორიას დატოვებდნენ, ოღონდ არა ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი პირობას დებდნენ, რომ საქართველოს საზღვრის გავლის შემდეგ დატოვებდნენ იარაღს. ამ პასუხის მოსატანად ჩატაევი უკან დაბრუნდა, მაგრამ ქართული მხრიდან შუა გზაში სროლა აუტეხეს და ამას მოჰყვა ე.წ. სპეცოპერაცია, ასევე, პრეზიდენტის სამარცხვინო განცხადება ლეკიანობის დაწყების შესახებ.

For.ge-სთან საუბარში ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ ამჯერად გამოძიებას ძალიან გაუჭირდება მოწმეების დაკითხვა, რადგან, ჯერ ერთი, მოწმეთა დიდი ნაწილი ფიზიკურადაა განადგურებული და მეორე, ვინც ცოცხალია, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. ერთადერთი ცოცხალი მოწმე თურქეთის ციხეშია. გადარჩენილი მებრძოლები ჩრდილო კავკასიის ტყეებში არიან, ერთი მათგანი კი სირიაში იბრძვის. 

მაგრამ უცხოეთშიც ხომ შეიძლება მათი დაკითხვა მოხერხდეს?

- ეს გაძნელებული არ არის, არ ვიცი, პროცედურა როგორ არის, მაგრამ სამართალდამცავ ორგანოებს ეს არ უნდა გაუჭირდეთ. მომხდარის უშუალო მონაწილე თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს. ერთი მათგანი ქართველია და წასულია საქართველოდან. ახმედ ჩატაევი აბსოლუტურად არაფერ შუაშია. იგი არც პროცესში იყო და ვერც აკონტროლებდა სიტუაციას.

მაგრამ ახმედ ჩატაევი შუამავალი ხომ იყო იმ პროცესში?

- შუამავალი იყო, იგი ფაქტზე მიიყვანეს და იმ შუამავლობაშიც მოატყუეს. კარგად დაიწყო და პასუხიც უკან რომ მოჰქონდა ამათთვის, მაშინ ესროლეს, არც ათქმევინეს, რა პირობები მოჰქონდა. სპეცოპერაცია მისი მიყვანის შემდეგ დაიწყო. მან რაც იცის, მხოლოდ ისაა, რაზეც დაელაპარაკა მებრძოლებს, გადასცა ამათი დანაბარები, ამ დროს ესროლეს.

ლაფანყურის .. სპეცოპერაციის მასალების განადგურების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მართლა მოასწრო ყოფილმა ხელისუფლებამ ამ მასალების განადგურება? რამდენად გამოდგებოდა ეს მასალები მათი სამხილისთვის?

- არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. საერთოდ, ყველა მასალა გაანადგურეს, სანამ ხელისუფლების გადაბარება მოხდებოდა. თუ ეს მასალაც გაანადგურეს, რა თქმა უნდა, კვალის დაფარვის მიზნით გაანადგურებდნენ და იმ მასალაში გამოძიებისთვის ბევრი საინტერესო დეტალი იქნებოდა.

ანუ ამ .. სპეცოპერაციას, შესაძლოა, იღებდნენ?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გადაეღოთ.

თუ ეს მასალაც განადგურდა, გამოდის, გამოძიება ჩიხშია შეყვანილი.

- არა მგონია, გამოძიება ჩიხში იყოს შესული, უბრალოდ, უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ, ვიდრე აქამდე დასჭირდებოდათ სამხილების მოპოვების თვალსაზრისით, უფრო მეტი მოძრაობა დასჭირდებათ, მოწმეები საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა ეძებონ.

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციისას მებრძოლთა ნაწილი განადგურდა, მაგრამ ზუსტად ამდენივე გადარჩენილია. უფრო კონკრეტულად, როდესაც დაინახა მეორე ჯგუფმა, რომ მათ თანამებრძოლებს საფრთხე შეექმნათ, თავს უშველეს.

- რამდენადაც ვიცი, ოთხი ადამიანია გადარჩენილი. ერთი მათგანი სირიის ომშიც გამოჩნდა. დანარჩენები, ბუნებრივია, სადმე შეფარულები იქნებიან.

ლაფანყურის სპეცოპერაციიდან რამდენიმე თვე გავიდა, ფიქრობთ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი დღესაც ექნებათ ჩეჩნებს? ახმედ ზაკაევიც იკვლევდა ამ საკითხს.

- ძალიან მალე ჩრდილო კავკასიაში შედგება მუსლიმ სულიერ ლიდერთა საბჭო, ე.წ. შურა და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც, ფაქტობრივად, ვერდიქტი იქნება. ასე რომ, იმ გადაწყვეტილებას დაემორჩილება და მიიღებს ყველა. ზაკაევის კომისიას რაც შეეხება, ეს სულ სხვა ჯგუფია, სულიერი ლიდერები კი - სულ სხვა.

თქვენ აცხადებდით, რომ კავკასიელები იმთავითვე შურისძებაზე საუბრობდნენ და კავკასიელ მებრძოლთა შორის ქართველ ყოფილ მაღალჩინოსანთა ფოტოებიც იყო გავრცელებული. ამ ეტაპზე გაუნელდათ შურისძიების სურვილი?

- ახლა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სულიერ ლიდერთა საბჭო, იმის მიხედვით იმოქმედებენ კავკასიელები.

ასეთი ტრაგედიის მიუხედავად, მათთან მიტევის მცნება არსებობს?

- რამდენადაც ვიცი, ყველა ეჭვმიტანილს მიეცემა საშუალება, ახსნას თავისი საქციელი და გადაწყვეტილება. ყველას მიეცემა საშუალება, თავი იმართლოს. თუ ვერ ახსნეს სიმართლე და ტყუილები დაიწყეს ან შეეშალათ, დანარჩენი, თვითონ გადაწყვიტონ. ამიტომ, სანამ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, სჯობს, მანამდე იფიქროს, თუ რა შედეგი დადგება. 

ამდენად, ყოფილ ხელისუფალთა მიმართ საფრთხე ისევ არსებობს?

- რა თქმა უნდა, რადგან ეს იყო მუხანათური მკვლელობა.

ადეიშვილი გაქცეულია, ბაჩო ახალაია ციხეშია, რაც მისთვის ერთგვარი თავის გადარჩენის მცდელობა იყო კავკასიელთა შურისძიებისგან, ამის მიუხედავად, მათზე მაინც შეიძლება, შური იძიონ ამ თათბირის შემდეგ?

- მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სულიერი ლიდერები, არც ის ვიცით, რა მოლაპარაკებები მიდიოდა მებრძოლებსა და ჩვენს სპეცსამსახურებს შორის. ეს დეტალები მათ იციან. მათ მოისმინეს აქედან გაქცეული, გადარჩენილი მებრძოლების მონაყოლი.

ეს თათბირი სპეციალურად ლაფანყურის თემატიკის გარშემო უნდა შედგეს, თუ ისედაც იკრიბებიან სულიერი ლიდერები?

- ისედაც იკრიბებიან, მაგრამ ერთი შეკრება კონკრეტულად ამ თემას მიეძღვნება.

ადგილობრივმა ქისტებმაც იციან გარკვეული დეტალები. თუ ღირს მათი ჩართვა გამოძიების პროცესში და, თუ ფლობთ ინფორმაციას, რა ეტაპზეა ლაფანყურის საქმის ძიება?

- ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები ამ საკითხში, გამოძიებაში არ ჩაგვახედებენ და არც სურვილი გვაქვს. ჩვენ ვალი მოვიხადეთ და ვთქვით ის, რაც უნდა გვეთქვა და საქართველოს მოსახლეობას და კავკასიელებს ვუთხარით ჩვენეული სიმართლე. არც ის ვიცი, გამოძიება რა ფაზაშია და საით მიდის.

იმ დროსაც გავრცელდა ასეთი ვერსია, რომ ყოფილ ხელისუფლება ამ ბიჭების ქართული ოცნების საპირისპიროდ გამოყენებას აპირებდ, რაზეც უარის მიღების შემდეგ ჩატარდა ლაფანყურის სპეცოპერაცია.

-  ეს იყო შეთავაზება, რაზეც მებრძოლებმა უარი უთხრეს და ამის შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა.

მათ ტერორისტული აქტების განხორციელება შესთავაზეს საქართველოს ტერიტორიაზე?

- არა მგონია, ტერორისტული აქტები შეეთავაზებინათ, ჩვენ არ ვიცით, რა შესთავაზეს და წინა ხელისუფლების სპეცსამსახურებს რა იდეა მოუვიდოდათ. ალბათ, რაღაც ლოკალური არეულობის მოწყობას გამოიყენებდნენ, როგორც თავის დროზე ლოკალური არეულობა მოაწყეს და სპექტაკლები დადგეს განმუხურში და მერე არჩევნების დროს გალში, ავტობუსი რომ აფეთქდა ვითომ და თავდასხმა მოხდა. ნორმალური ადამიანი ვერც მოიფიქრებს იმ ცუდ ამბებს, რაც მათ თავში ყოველდღიურად მოსდიოდათ.

ხომ არ ფიქრობთ, ბაჩო ახალაიას მსგავსად, ყოფილ ხელისუფალთათვის ციხეში ჩაჯდომა უკეთესი იქნებოდა, თუკი ამ მეთოდით დაუსხლტებიან ჩეჩნების შურისძიებას?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, ვინც ამ საქმეში გარეულია, ვისაც ფიზიკურად იცნობენ და, ვინც ფიზიკურად მოძრაობდა და შუამავლობდა, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, ჩამოვიდნენ, ძიებას მისცენ ჩვენება. ეს შეეხება არა მარტო მათ, ვინც გაქცეულია, არამედ ვინც საქართველოშია. თუმცა გაქცეულები უფრო დაუცველები არიან.