„ლაზიკითა“ და „დიდგორით“ კორეელები და აზერბაიჯანელები დაინტერესდნენ. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ შეკვეთებზე მუშაობისას ყველა დეტალი უნდა დაიხვეწოს და „ლაზიკაც“ და „დიდგორიც“ მოთხოვნის შესაბამისი უნდა გახდეს.
თავდაცვის სამინისტრო ამჟამად „დელტას“ მოდერნიზაციას აპირებს. „ჩვენ დავხვეწთ „ლაზიკას“ და „დიდგორს“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ვაკო ავალიანი.
ქართული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანის - „ლაზიკის“ (რომლის საჩვენებელ გამოცდაში თავის დროზე პირადად მიხეილ სააკაშვილმა მიიღო მონაწილეობა), ასევე, ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორის“ შესაძლებლობების შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის საბრძოლო მანქანების შეძენისას მოლაპარაკებები სხვადასხვა გამოფენებზე იმართება, ან კიდევ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების შედეგად იგებენ მათზე ცნობებს და, შესაბამისად, მათ შესაძენად ჩამოდიან ექსპერტები.
გიორგი თავდგირიძის თქმით, არაა აუცილებელი, მაინცდამაინც დასრულებული კონფიგურაციის პროდუქცია შეიძინოს დამკვეთმა. უფრო მოქნილიც კი იქნება, თუ კორეის (საუბარია სამხრეთ კორეაზე) და აზერბაიჯანის დამკვეთთა კარნახით შევქმნით საბრძოლო მანქანების მოდულს საბოლოო სახით და მათ მივყიდით.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ჩვენს შემთხვევაში, სავარაუდოდ, ალბათ, დიდ შეკვეთებზე არ იქნება საუბარი. უფრო მეტიც, შესაძლოა, „ლაზიკაც“ და „დიდგორიც“ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანად იქნას აწყობილი, რადგან მათი სისტემა ამის საშუალებას იძლევა. ანუ, ძირითადი პარამეტრები იგივე რჩება, მაგრამ, შესაძლოა, იგი გახდეს სამეთაურო მანქანა და კავშირგაბმულობისთვის მეტი საშუალება დაყენდეს, ან დავუშვათ, სპეციალურ სამედიცინო მანქანად გადაიქცეს.
„საბრძოლო მანქანაზე მოთხოვნა იზრდება. ძირითადი მოთამაშები უფრო ძვირადღირებულ საბრძოლო მანქანებს უშვებენ. იმის გამო, რომ ძირითადი შემკვეთები - დასავლეთის ქვეყნები და აშშ კომპლექსურ მანქანებს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ და ძვირადღირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებშიც კომბინირებული, ანუ ყველა მეთოდია გამოყენებული, შესაბამისად, ამ საბრძოლო მანქანების ფასი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს. არის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი გეგმები და მათ არ სჭირდებათ, რომ საბრძოლო მანქანა დაცვის მთელი კომპლექსით იყოს აღჭურვილი. უბრალოდ, მათ სურთ იაფიანი და ეფექტური საბრძოლო მანქანა. ასეთია თუნდაც ავღანეთი. ამიტომ ორი რამაა გასათვალისწინებელი - რისთვის სჭირდებათ საბრძოლო მანქანა და მისი ფასი. ამდენად, ჩვენი „ლაზიკა“ და „დიდგორი“ ვერ იქნება ძვირადღირებული“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
მისივე თქმით, რუსული დაჯავშნული ავტომანქანები პოლონური ძრავით მზადდება. წესით, რუსეთს არ უნდა უჭირდეს ძრავა, მაგრამ იმავე ფასისა და პრაქტიკულობიდან გამომდინარე, მათთვის პოლონური ძრავა ყველაზე უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა. ამდენად, როცა საბრძოლო მანქანების ექსპორტს აპირებენ, იმის მიხედვით, თუ რა სურს დამკვეთს, ცვლიან საბრძოლო სისტემებს.
რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია თავიდან ბოლომდე საბრძოლო მასალის აწყობა, მაგრამ კომბინირებული პროდუქციის შეთავაზება შეგვიძლია. შეიძლება, ცალკეული მანქანის 60 % კორეული აგრეგატებით იყოს აწყობილი. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, კორეა რატომ იძლევა შეკვეთებს საქართველოში? როგორც ჩანს, საქმე მარტივადაა, საქართველოში აწყობილი „ლაზიკა“ შეიძლება გაცილებით იაფი ღირდეს, ვიდრე იმავე სამხრეთ კორეაში.
სამხედრო ექსპერტის თქმით, ჩვენი საბრძოლო მანქანები არც ძალიან განსაკუთრებულია, არც არავიზე უარესი არ არის. ამდენად, ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია და ამ სფეროში ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს თავისი სეგმენტი დაიკავოს.
„სულ რომ არაფერი მოვიგოთ, მთავარია, რომ ეს ადამიანები საქმდებიან. ასეთი შეკვეთების შედეგად ცოცხლდება სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც ყველა ქვეყანაში მეცნიერებაში ფულის ჩადების ყველაზე დიდი დონორია. კორეელების თუ აზერბაიჯანელების მხრიდან ნებისმიერი კაპრიზი უნდა პრაქტიკულად განხორციელდეს, ამიტომ ამ საბრძოლო მანქანებზე მომუშავე მეცნიერებმა უამრავი საინჟინრო და სამეცნიერო პრობლემის გადაჭრაზე უნდა იფიქრონ. ეს კი სამეცნიერო პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას გულისხმობს“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიესალმება, თუ უცხოელები ჩვენი „ლაზიკათი“ და „დიდგორით“ დაინტერესდნენ, თუმცა, მისი განმარტებით, დაინტერესება არ ნიშნავს უკვე გადაწყვეტილების მიღებას.
ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გვყავს ისეთი სპეციალისტები და ისეთი ინტელექტუალური ძალა არსებობს 31-ე ქარხანაში, რომელსაც ძალუძს ასეთი მანქანების შექმნა. თუმცა, ყველა სამხედრო ტექნიკას სჭირდება დახვეწა, განვითარება და იმ კონდიციამდე მიყვანა, როდესაც უკვე შეიძლება საუბარი მის ლიცენზირებაზე, გაყიდვაზე. ამ მხრივ 31-ე ქარხანა, „დელტა“ მუშაობს ამაზე და, სავარაუდოდ, ეს მანქანები კიდევ უფრო დაიხვეწება, გარკვეული პრობლემები აღმოიფხვრება და თუ დაინტერესება იქნება, მისი წარმოება შესაძლებელია.
„ამ ეტაპზე საუბარი რაიმე კონკრეტულ შედეგზე ნაადრევია. მთელი რიგი საკითხებია, რასაც წინა ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყურადღება არ დაუთმო, არანაირი სტრატეგია არ არსებობს, არანაირი ფორმა არ იყო ჩამოყალიბებული, თუნდაც ამ სამხედრო ტექნიკის წარმოების, განვითარების ან დახვეწისთვის. ამ მანქანების შემდგომი მენეჯმენტისა და მრეწველობის განვითარებისთვის ერთი ფურცელიც არ დაწერილა“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მისი თქმით, უბრალოდ ტელეფონით დარეკვა და ტექნიკის შეკვეთა არ ხდება და ამ მრეწველობის სისტემური განვითარება უნდა მოხდეს. ამიტომ სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს ამ თემით თავის ქების საშუალება.