საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები იმერეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდნენ და რეკრუტირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიიღეს.
ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, წყალტუბოს, საჩხერის, ჭიათურის რაიონებისა და ქუთაისის მოსახლეობაში ყველაზე დიდი დაინტერესება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია. მოქალაქეების კითხვები ძირითადად სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებს, ანაზღაურებასა და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედროების აღდგენის საკითხებს შეეხო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურის სურვილი გამოთქვეს, კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო სამსახურში უკვე მყოფმა პირებმაც.
საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებმა პროფესიული სამხედრო სამსახურით დაინტერესებული ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბროშურები და ჟურნალები გადასცეს.
რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია პარალელურად კახეთის რეგიონშიც მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში, წნორში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, გურჯაანსა და საგარეჯოში.
პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. აქციაში ასევე, ჩართულები არიან საკალათბურთო კლუბ „არმიას“ მოთამაშეები.