ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ვისთვის პრემიერის პირდაპირობისა და შეულამაზებლად სურათის დახატვის მორიგი მცდელობა იყო, ვისთვის კი (აკაკი მინაშვილისთვის) უგო ჩავესისა და ფიდელ კასტროს დემაგოგია.
ფაქტი ერთია, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში რამდენიმე აქცენტი დაისვა. გაირკვა, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანიას, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი შეცვლის. ისიც ითქვა, რომ ნაციონალებს ალასანიას გადაბირების მცდელობა მართლაც აქვთ, რომელიც, პრემიერის აზრით, უკვე ვერ ერგება საპრეზიდენტო ეტალონს. პრემიერი თვლის, რომ კოალიციის თითოეულ პარტიას უფლება აქვს, გავიდეს კოალიციიდან და ნებისმიერი ნიშა დაიკავოს, თუმცა ჯერჯერობით, ასეთი რამ არ იგეგმება. უფრო მეტიც, ივანიშვილის თქმით, „ვინც საით არ უნდა გადახტეს, არაფერი არ მოხდება და მხოლოდ საკუთარ თავს დაიზიანებს“. ისიც გაირკვა, რომ ვახტანგ ხმალაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სიმბოლური ხასიათის იყო, რათა საზოგადოებასაც და კოალიციასაც კარგად გაეგო ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მნიშვნელობა, რეალურ კანდიდატზე კი კოალიცია მომავალში იმსჯელებს.
ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის მხრიდან ახალი მთავრობისთვის ოთხწლიანი ლოდინის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო და ოდესღაც „ნაციონალების ხერხემლის“ მოუთმენლობა დაკითხვაზე მის სავარაუდო მესამე დაბარებას დაუკავშირა: რას იზამს ვანო მერაბიშვილი, თუ მას დაკითხვაზე მესამედაც დაიბარებენ?!
ზოგადად კი ნაციონალების პანიკა და მათი მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა მათი მომავალი ხვედრით ახსნა. მათ იციან, რომ შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა, ამიტომაც არიან პანიკაში და ცდილობენ, მთელ საქართველოს გადასდონ ეს პანიკა და დაარწმუნონ, რომ რაღაც საშინელება ხდება.
ივანიშვილს არც ევროპაში ტრამვაით მოსიარულე ადეიშვილი დავიწყებია და მას საქართველოში დაბრუნებას და ტროლეიბუსის ფულის მიცემას დაჰპირდა. არც კახეთის ყოფილი გუბერნატორის მახვილგონიერება გამორჩა, როცა მას ნაივურად უკითხავს, დაპირებები რომ მიეცით ხალხს, რატომ არ შეასრულეთო და ამ კითხვას მისივე თანაპარტიელების სიცილი მოჰყოლია, რადგან „ქართული ოცნების“ დაპირება სწორედ სამართალიანობის აღდგენა იყო, რაც პირდაპირპროპორციულად უკავშირდება დამნაშავე ჩინოვნიკთა დასჯას.
ბიძინა ივანიშვილმა დიაგნოზიც დაუსვა ნაციონალებს - „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობაში, სულ ცოტა, ალერგიას იწვევს და გამოიწვევს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში.
ბიძინა ივანიშვილის ასდღიანი ანგარიშის შეფასება For.ge-მ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას სთხოვა.
- მე ვფიქრობ, პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს ბიძინა ივანიშვილის ის გეგმები, რომელიც არსებობს სოფლის მეურნეობის სფეროში. ის, რაც ითქვა, აბსოლუტურად მისაღები და საინტერესოც იქნება უახლოესი მომავლისთვის, თუმცა არ დაგიმალავთ და ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ გეგმის მიმართ, იმდენჯერ არ ასრულებულა პრემიერის ნათქვამი. უბრლოდ, არ მომეწონა ის ტონალობა, რომელშიც ის ესაუბრება საზოგადოებას. ჩვენს წინა ხელისუფლებას - სააკაშვილს, ძირითადად, ეს ეშლებოდა, ის მუდმივად საუბრობდა მონოლოგის რეჟიმში და ყოველთვის ღიზიანდებოდა, როდესაც ეს მონოლოგი დიალოგის ხასიათს იღებდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონ ივანიშვილს დღეს აღიზიანებს არა მარტო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნები, არამედ 20-25 წლის გოგონებთან, ჟურნალისტებთან ჰქონდა დაძაბული საუბარი. კრიტიკულსაც არ დავარქმევდი, მაგრამ იგი ძალიან ღიზიანდებოდა, როდესაც ნახევრადკრიტიკული შეკითხვის ტონალობაში იყო ცალკეული მოსაზრებები გამოთქმული. მე ვფიქრობ, ახალმა ხელისუფლებამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა მეტი დრო უნდა დაუთმოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობას, ასევე, ექსპერტებთან ურთიერთობას და არ უნდა გაღიზიანდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას დამსახურებები აქვს, როგორც ბიზნესმენს, მეცენატსა და პოლიტიკურ ლიდერს ქართველი ერის წინაშე, მაგრამ ის ღმერთი არ არის. შეიძლება, მასაც რაღაც შეეშალოს და ვიღაცამ ამის შესახებ უნდა მიუთითოს და ამას ის არ უნდა აღიქვამდეს, როგორც პირად ტრაგედიას და შეურაცხყოფას. მე ვფიქრობ, რაც მალე შეცვლის იმ ტონალობას, რაც მას ჰქონდა პრესკონფერენციაზე, თავად მისთვის იქნება უკეთესი.
პოლიტიკურ გადაჯგუფებებს რაც შეეხება, კოალიციის გარედან გახლეჩის თემატიკას როცა შეეხო, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ, სანამ იგი პოლიტიკაშია, „ვინც საით არ უნდა გადახტეს, კისერს მოიტეხავს მხოლოდ“. აქვე მან დაადასტურა, რომ ნაციონალებს ირაკლი ალასანიას გადაბირების მცდელობა აქვთ.
- ალასანიას გადაბირების მცდელობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, მართალია, აღნიშნა, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ დაადასტურა. მე ვიტყოდი, რომ უფრო ადგილი აქვს ალასანიას გადაგდების მცდელობას, რადგან პრემიერ-მინისტრმა დღეს აღმოაჩინა, რომ ირაკლი ალასანია თურმე არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო კანდიდატურა. ეს მაშინ, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მისი გამონათქვამი ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ირაკლი ძალიან კარგად შეძლებდა მთლიანად ქვეყნის ხელმძღვანელობას.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ირაკლი ალასანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაფასება მოხდა თავად ბიძინა ივანიშვილში?
- დიახ, ამას ეწოდება გადაგდება, მეტი არაფერი. დღეს შეიძლება, ის ვიღაც სხვას ჰპირდებოდეს რაღაცას, თუმცა სამომავლოდ მერე აღმოაჩინოს, რომ ამის გადაფასებაც უკვე დროულია. ამიტომ აშკარაა, რომ ეს იყო შეცდომა, რომელიც თავის დროზე დაუშვა ოპოზიციურმა სპექტრმა ივანიშვილთან მიმართებით. გახსოვთ, ალბათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც ამაზე ვსაუბრობდი, როცა ისინი უკრიტიკოდ მიუერთდნენ ბატონ ივანიშვილს და ეგონათ, რომ ამის გამო დიდ გავლენას მოიპოვებდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ახალი ოლიგარქიული რეჟიმის ფორმირება იწყება. მას გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები აღარ სჭირდება თავის გვერდით. ეს ზუსტად იგივე პროცესია, რაც მოხდა 2004-2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, ანუ სააკაშვილმა შექმნა შევარდნაძის წინააღმდეგ ძლიერი კოალიცია, რომელშიც შეიყვანა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, მათ ათავისუფლებდა ზუსტად იმ ტემპით, რა ტემპითაც ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა აგროვებდა რეიტინგს. მის ხელისუფლებას პირველად გამოეყო ოქრუაშვილი, რომელიც იმ წლებში ძალიან პოპულარული იყო, შემდეგ - ბურჯანაძე, რომელსაც ასევე ჰქონდა გარკვეული გავლენა ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ახალ ხელისუფლებაშიც. ამიტომ, ალბათ, ალასანია იქნება პირველი მსხვერპლი და შემდგომშიც, თუ ვინმე მეტ-ნაკლებად შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც დამოუკიდებელი და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, მას მოუწევს „ქართული ოცნების“ კოალიციის დატოვება. მე არ მინდა, ვინმემ ეს პოლიტიკურ ან პირად შეურაცხყოფად მიიღოს, ამიტომ გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ თოჯინის ფუნქციას ვინც კარგად შეასრულებს, სავარაუდოდ, მათ წარმატების მეტი შანსი ექნებათ.
ოპოზიციისთვის გაგზავნილ მესიჯებს რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილს საფრთხე ემუქრება და საინტერესოა, რას იზამს ვანო მერაბიშვილი, თუ დაკითხვაზე მესამედაც დაიბარებენ?! ასევე, მისი თქმით, სააკაშვილი და სხვა მაღალჩინოსნებიც პანიკაში არიან და მათი მისამართით გაჩენილი კითხვების გამო ცდილობენ, მოსახლეობაც ამ მდგომარეობაში ამყოფონ.
- რაც ითქვა მერაბიშვილის მიმართ, მე ვფიქრობ, ამას აუცილებლად მოყვება შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შანტაჟი. ივანიშვილს სჭირდება ახლა დამატებითი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, ამისთვის ის აგროვებს ხმებს წულუკიანის უწყების მეშვეობით. ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება სჩადის დანაშაულს, როცა რეალურად არ იძიებს იმ სისხლის სამართლის დანაშაულებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვანო მერაბიშვილი, ისევე, როგორც სააკაშვილი და მთელი მათი თანამოაზრეთა ჯგუფი, ეს არის კრიმინალური ბანდა, რომლებსაც ძალიან მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი. მინდა გითხრათ, რომ სამართლიანობის აღდგენა დარღვეულია არა მარტო ამ ნაწილში, რომ არცერთი დამნაშავე არ არის დასჯილი, არამედ მე გაგახსენებთ, რომ არცერთ ადამიანს, ვისაც ქონება წაართვეს საქართველოში, ეს ქონება არ დაბრუნებია, გარდა თვითონ ბიძინა ივანიშვილისა და არც ასეთი სამართლებრივი მექანიზმები, ჯერჯერობით, შექმნილი არ არის. სამაგიეროდ, ამ ბრალდებებს ისინი იყენებენ, როგორც კომპრომატებს. თავის დროზე ზუსტად ამის გამო ვაკრიტიკებდით მერაბიშვილს, ანუ ხდებოდა უკანონო თვალთვალი, მოსმენები არა იმ მიზნით, რომ შემდგომ სისხლის სამართლის გამოძიება წარმართულიყო ამ მასალებზე, არამედ იმ მიზნით, რომ ეს გამოყენებული ყოფილიყო კომპრომატების სახით სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ, დღეს საქართველოს პროკურატურა არ იძიებს არცერთ საქმეს, თუ არ არის ამაზე უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პირადი სანქცია და პირადი დირექტივა. მერაბიშვილისა და სხვათა საქმეები არის ამის პირდაპირი მაგალითი.
ეს ძველი პროკურორების ბრალი ხომ არ არის, რომლებიც, უფლებადამცველთა თქმით, საბოტაჟს უწყობენ ახალ მთავარ პროკურორს - არჩილ კბილაშვილს?
- არა. არასერიოზულია ამაზე საუბარი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მაღალი რანგის ყველა პროკურორი შეიცვალა. მეორეც, მინდა გითხრათ, ძველი პროკურორები, როგორც შემსრულებლები, მართლაც პროფესიონალები იყვნენ. რა დავალებასაც აძლევდა ადეიშვილი, პროკურატურა ჩინებულად ასრულებდა, საათის აწყობილი მექანიზმივით. დღესაც რა დავალებასაც აძლევენ ივანიშვილი და წულუკიანი, ეს პროკურორებიც ასრულებენ იმ დავალებას. დღეს კი დავალება ასეთია, რომ არ უნდა იქნეს გამოძიებული არცერთი მძიმე კატეგორიის საქმე, თუკი არ იქნება ამის პოლიტიკური აუცილებლობა.
ვიცე-პრემიერად გიორგი მარგველაშვილის მოაზრება პრემიერის მხრიდან რამდენად გამართლებული იქნება?
- მარგველაშვილის შესახებ რაც მან ისაუბრა, ამაში ვეთანხმები, მარგველაშვილი ნამდვილად ინტელექტუალი და საინტერესო ადამიანია, მაგრამ მისი დანიშვნა ვიცე-პრემიერად არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია, რადგან, ალბათ, თქვენც მოგისმენიათ, ბატონ მარგველაშვილს თავად განუცხადებია სხვადასხვა ეთერში, რომ ის არ თვლის თავს პოლიტიკოსად და არ არის პოლიტიკური ფიგურა. ამიტომ დემოკრატიულ ქვეყნებში, საერთოდ ყველგან, 100%-ან შემთხვევაში, ვიცე-პრემიერებად ინიშნებიან პოლიტიკოსები, ადამიანები, ვისაც პოლიტიკაზე პრეტენზია არ აქვს, ამ თანამდებობას არ იკავებენ. ზოგადად, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე არაპოლიტიკოსების დანიშვნა უფრო ავტოკრატიულ ქვეყნებს ახასიათებს, რაც იმ მოტივით ხორციელდება, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური გახადონ ესა თუ ის ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არასწორია ეს გადაწყვეტილება. ეს იგივე იქნება, აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნად მწერალი, ან მხატვარი რომ დანიშნოს, რომელიც იტყვის, რომ არა, მე პოლიტიკაში არ ვერევიო.