თბილისის მერიას მორიგ ბრალდებას წაუყენებენ

თბილისის მერიას მორიგ ბრალდებას წაუყენებენ

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში უფლებადამცველებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლება და თავისუფლება“ დამფუძნებლებმა - მარინა კორძაძემ და მარინა ფანიაშვილმა გამართეს ბრიფინგი თემაზე - თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების გასხვისების დანაშაულებრივი სქემა. მათი განცხადებით, თბილისში პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ჯერ გამსხვილება, ხოლოდ შემდეგ უკანონოდ გახსვისება მოხდა და შემძენი ყველა შემთხვევაში სულ რამდენიმე პირია, რომლებსაც სპეციალურად ამისთვის 100-ლარიანი კაპიტალის მქონე ფირმები აქვთ დარეგისტრირებული. ამასთანავე, ეს პირები ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის და თბილისის მერის, გიგი უგულავას ახლობლები არიან.

„დღევანდელ დღეს წარმოგიდგენთ ქალაქ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების, პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გასხვისების სქემას. როგორ ხდებოდა იმ კომპანიების დაფუძნება, რომლებმაც აუქციონის, თუ პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინეს აღნიშნული ობიექტები და რა ლობისტური ძალების მხარდაჭერით ხდებოდა ამ ობიექტების გაყიდვა, სწორედ ამის შესახებ წარმოგიდგენთ ინფორმაციას. მხოლოდ ქალაქ თბილისში 18 სამედიცინო ცენტრი არის ოპტიმიზირებული და გასხვისებული. 22 000 კვ/მეტრზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობები და 23 000 კვ/მეტრზე მეტი მიწის ფართობი 9 მილიონ ლარად არის გაყიდული“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი კი აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ასეთი მასიური პრივატიზების შედეგად სერიოზული საფრთხე ექმნება ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ სადაზღვევო რეფორმას. კერძოდ, ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა პრაქტიკულად პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ბაზის გარეშე არის დარჩენილი, რის გამოც შესაძლოა სადაზღვევო რეფორმის განხორციელების დაწყების შემდეგ ექიმებს პაციენტების მომსახურება საველე პირობებში მოუწიოთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურაში უკვე შესულია საჩივარი, რომლის წარმოებაც გარკვეული დროის განმავლობაში იბლოკებოდა, რადგან წინა ხელისუფლების გარკვეულ პირებს, როგორც ჩანს, პროკურატურის მუშაობაზე კიდევ მიუწვდებოდათ ხელი, მაგრამ როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ახლა საქმეს უკვე მიეცა მსვლელობა და ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ამ შემთხვევაში სიმართლე დადგინდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლება და თავისუფლება“ დამფუძნებელი, მარინა ფანიაშვილი (ექიმი) აცხადებს, რომ 2011 წელს თბილისის მერიამ პირველადი ჯანდაცვის ობიექტები მედპერსონალს ხუთწლიანი უზურფრუქტის უფლებით გადასცა საკუთრებაში და მისცა უფლება, რომ ამ ობიექტების პროფილი შეენარჩუნებინათ და დაუბრკოლებლად ემუშავათ. მაგრამ იმავე წელს, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მერიამ მის მიერვე გამოტანილი დადგენილება დაარღვია და მის 100%-იან მფლობელობაში მყოფი პირველადი ჯანდაცვის ობიექტები აუქციონზე გაიტანა. მარინა ფანიაშვილის განცხადებით, ძირითადად ისეთი ობიექტები გავიდა აუქციონზე, რომლებსაც ძვირადღირებული შენობები და კარგი სამედიცინო მომსახურება ჰქონდათ. ამასთანავე, ეს ობიექტები არარეალურ ფასად იყო შეფასებული და ამიტომ აუქციონზე ვერ გაიყიდა.

„შემდეგ მერიამ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მისცა დავალება, ნდობით აღჭურვილი პიროვნება მოეძებნა, რომელზეც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით მოხდა ამ ობიექტების გასხვისება. ეს პიროვნება არის კახაბერ ლომსაძე, რომელიც სპეციალურად აღნიშნული ობიექტების შესაძენად აფუძნებდა ფირმებს. მაგალითად, მის მიერ დაფუძნდა შპს „მედისონი“, რომელმაც პირველადი ჯანდაცვის სამი დაწესებულება იყიდა, მისივე დაფუნძებულმა შპს „კლერიონმა“ - ორი ასეთი ობიექტი შეიძინა, ხოლო „მედიკომმა“ აუქციონზე ორი დაწესებულება - „შუა ქალაქი“ და მე-13 პოლიკლინიკა შეიძინა. როგორც კი ეს კომპანიები დაწესებულებებში შემოვიდნენ, თანამშრომლების განთავისუფლება დაიწყეს, მათ შორის გამანთავისუფლეს მეც“, - ამბობს მარინა ფანიაშვილი.

მისი თქმით, ამ სქემით სულ 150 მედიკოსი დარჩა უმუშევრად, ხოლო ვინც პოლიკლინიკებში დატოვეს, თითო ოთახში 4-5 ექიმია შეყრილი და პრაქტიკულად მუშაობისთვის არანაირი პირობები არ აქვთ შექმნილი. ამიტომ მედიკოსებს უჩნდებათ განცდა, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტების შემძენებს მხოლოდ ამ ობიექტების შენობები აინტერესებთ და მათი მედპერსონალის გარეშე ხელში ჩაგდება უნდათ. ამასთანავე, მედიკოსები აცხადებენ, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტები მათ შემძენებს განვადებით გადაეცათ საკუთრებაში და ხშირ შემთხვევაში, იმ თანხის 10%-იც არ აქვთ დაფარული, რაც ამ ობიექტებში უნდა გადაიხადონ. მიუხედავად ამისა, ისინი ობიექტების გასხვისებას ცდილობენ, რათა იქ „კეთილსინდისიერი“ მყიდველი შეიყვანონ, რომელსაც შემდეგ უკვე ვეღარავინ მოედავება. ამასთანავე, ფანიაშვილის განცხადებით, ხელშეკრულებაში, რომელიც სამედიცინო ობიექტების შემძენ კომპანიებთან გაფორმდა, პირდაპირ წერია, რომ მთლიანი ღირებულების დაფარვამდე მყიდველს ამ ობიექტების გასხვისების უფლება არ აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ობიექტები მაინც გასხვისდა უკრაინის მოქალაქეზე, რაც ასევე უკანონობაა.

ორგანიზაცია „უფლება და თავისუფლება“-ს იურისტი, მარინა კორძაძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გასხვისების საკითხის შესწავლისას დანაშაულებრივი სქემა გამოიკვეთა. ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე იურიდიული პირები კი არიან შპს-ები „მედისონი“, „კლერიონი“, „მედიკომი“ და „მედიკომი“, ანუ ორი ერთნაირი დასახელების ფირმა, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრით. მარინა კორძაძის განცხადებით, თავდაპირველად „მედისონის“ დამფუძნებლები იყვნენ კახაბერ ლომსაძე, მარინა გოგეშვილი, ნიკოლოზ ფერიაშვილი, მაგრამ შემდეგ 2011-12 წლებში ამ ფირმის წილები ოთხჯერ გასხვისა და დღეს მისი დამფუძნებლები არიან მარინა გოგეშვილი, ვლადიმერ ბაკურაძე (იგივე კახა ბაკურაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე) და გიგა ესებუა.

„ეს იურიდიული პირები სპეციალურად იმისთვის რეგისტრირდებოდნენ, რომ მათთვის სამედიცინო დაწესებულებების მიყიდვა მომხდარიყო. 2012 წელს დარეგისტრირდა შპს „კლერიონი“, რომლის დამფუძნებლები ასევე არიან კახაბერ ლომსაძე, გიორგი ბერაძე და ვლადიმერ (იგივე კახა) ბაკურაძე. 2013 წლის 28 იანვარს კი მოხდა ამ ფირმის 100%-იანი წილის სასწრაფო წესით გასხვისება და იგი უკრაინის მოქალაქე, იგორ კროლმა შეიძინა, თუმცა დირექტორი კვლავ კახაბერ ლომსაძეა. ორი ერთნაირი დასახელების კომპანია „მედიკომი“-დან ერთ-ერთის ასპროცენტიანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი არის კახაბერ ლომსაძე, ხოლო მეორე „მედიკომში“ მას 50%-იანი წილი აქვს, მეორე 50%-იანი წილის მფლობელი კი არის უკრაინელი ქალბატონი, ირინა ლუტაი“, - აცხადებს მარინა კორძაძე.

მისი თქმით, სანამ ამ ობიექტების გასხვისება მოხდებოდა, მოხდა მათი ოპტიმიზაცია. კერძოდ, 2012 წელს განხორციელდა 16  წვრილი სამედიცინო ცენტრის ორ მსხვილ ობიექტთან - თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი და N2 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან შერწყმა. ამასთანავე, სამედიცინო ცენტრ „ჯანმრთელობას“ შეერწყა სამი ობიექტი - თბილისის მე-19 და მე-10 მოზრდილთა პოლიკლინიკები და შპს „ლაზერი და მიკროქირურგია“, ხოლო 30-ე შერეულ პოლიკლინიკას „თბილისის N3 კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერი“ შეერწყა. ამის შემდეგ დაფუძნდა შპს „მედისონი“, რომელმაც უკვე ეს გამსხვილებული ობიექტები „თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი“, „თბილისის N2 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი“ და სამედიცინო ცენტრი „ჯანმრთელობა“ შეიძინა. შპს „კლერიონის“ მიერ კი შეძენილი იქნა „თბილისის საოჯახო მედიცინის სასწავლო-კლინიკური ცენტრი“ და „თბილისის 30-ე პოლიკლინიკა“. „მედიკომის“ მიერ აუქციონის წესით 2012 წლის ნოემბერში შეძენილი იქნა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი „შუა ქალაქი“ და თბილისის მე-13 პოლიკლინიკა.

იურისტი პირველადი ჯანდაცვის ობიექტების შემძენი შპს-ების დამფუძნებელ კახა ლომსაძის ფინანსურ მდგომარეობაზეც მიუთითებს. მისი თქმით, ლომსაძეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალის“ 35 647 აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო დავალიანება გააჩნია, ანუ სესხი, რომელიც 2012 წლის 28 თებერვალს აქვს მიღებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინება, რომლითაც კახაბერ ლომსაძეს ამ სესხის იძულებით გადახდა დაეკისრა და ამჟამად ამ საქმეზე სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. აქვე მარინა კორძაძე პირველადი ჯანდაცვის ობიექტების შემძენი პირების წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ახლობლობაზე საუბრობს.

„ფიზიკური პირები, რომლებიც ამ კომპანიების დამფუძნებლები არიან, არის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის ძმა, ნიკოლოზ ურუშაძე. კახაბერ ლომსაძე არის ნიკოლოზ ურუშაძის მეგობარი, ხოლო მარინა გოგეშვილი ნიკოლოზ ურუშაძის სიდედრია. ვლადიმერ, იგივე კახა ბაკურაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა“, - ამბობს მარინა კორძაძე.

მისი თქმით, თბილისის 18 სამედიცინო ცენტრი ხელში ჩაიგდეს თბილისის მერთან და იმჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა. ამ ქონების საერთო ღირებულება 9 მლნ 100 ათასი ლარია. ამასთანავე, იურისტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ ობიექტების გასხვისების გამო გაუქმდა თბილისის მერიის ის დადგენილება, რომლითაც ეს ობიექტები მედპერსონალს ხუთი წლით უზურფრუქტის წესით ჰქონდა გადაცემული. ამიტომ მარინა კორძაძე ამბობს, რომ თბილისის მერიის და წინა ხელისუფლების ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაც სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის გათვალისწინებული. ეს არის ცრუმეწარმეობა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და საწარმოში პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებებით, რაც მთლიანობაში მინიმალური სასჯელის სახით 13-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთანავე, იურისტი დასძენს, რომ გამოძიების ფარგლებში სამოხელეო დანაშაულიც გამოიკვეთება და შესაბამისად, სასჯელის ზომაც გაიზრდება.