კერძო მზღვეველების ნაწილი ბაზრიდან საერთოდ გაქრება

კერძო მზღვეველების ნაწილი ბაზრიდან საერთოდ გაქრება

საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ამ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მთავრობის 100–დღიანი საქმიანობის შეჯამებისას პირველად აცხადებს, რომ კერძო სადაზღვევო სექტორს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კერძო მზღვეველებს აქვთ დრო, რომ კარგად გაიაზრონ საკუთარი როლი, აუხსნან მოსახლეობას ეს და გადაეწყონ ამ ახალ რეალობაზე.

„არაფერს ახალს არ ვიგონებთ, ეს ასე უნდა იყოს. უბრალოდ, აქამდე კერძო სექტორი დამოკიდებული იყო სახელმწიფო ფულზე. ახლა კი მათ უნდა შესთავაზონ ახალი პაკეტები იმის ზემოთ, რასაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს შესთავაზებს“, - აღნიშნავს პრემიერი და დასძენს, რომ არ აქვს სურვილი რომელიმე კომპანია გაკოტრდეს.

საყოველთაო დაზღვევა კი თვის ბოლომდე ამოქმედდება და ქვეყანაში დამატებით 2,2 მილიონი ადამიანი დაეზღვევა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაზღვევის პირველი ეტაპი, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყება, მომხმარებელს მინიმალური სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებულ მომსახურებას სთავაზობს. პოლისით გათვალისწინებულია ორი მთავარი ბლოკი - ოჯახის ექიმთან შეუზღუდავი ვიზიტი და გადაუდებელი შემთხვევების მართვა.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან დაზღვევის საბაზისო პაკეტები ამოქმედდება, ანუ არსებულ პაკეტს გეგმიური სერვისი დაემატება, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონალურ დონეზე. ასევე გაფართოვდება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალი.

დაფინანსდება ორსულობა-მშობიარობის ხარჯები. მიმდინარეობს მუშაობა მონაცემთა ბაზის დაზუსტებაზეც. მომსახურება ელექტრონული ბაზის მეშვეობით განხორციელდება. იმ ორსულებს, ვისაც უფრო მაღალი მომსახურების მიღება სურთ, საბაზისო პაკეტის ზევით თანხის გადახდა თავად მოუწევთ, თუმცა აქვე მინისტრი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დაზღვევა სრულად უზრუნველყოფს იმ ხარჯების დაფარვას, რაც ორსულობის მონიტორინგსა და მშობიარობის უსაფრთხო და კვალიფიციურ მიღებას სჭირდება.

რა გავლენას მოახდენს საყოველთაო დაზღვევის ამოქმედება სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებზე? პირველი მინიშნება პრემიერმა უკვე გააკეთა. სხვათა შორის, ივანიშვილის მსგავსად კერძო მზღვეველებს პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ სადაზღვევო ასოციაციაში. იქ პირდაპირ აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფო დაზღვევის პაკეტი მოცულობითი იქნება, ჯანდაცვაზე ორიენტირებული კომპანიების ნაწილი ბაზრიდან გაქრება.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სადაზღვევო კომპანიები კორპორაციული და საცალო შეთავაზებების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ. კერძო სადაზღვევოებში, კი ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არ აქვთ.

სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ დასკვნის გამოტანა კონკრეტული დეტალებისა და სადაზღვევო პაკეტების გაცნობის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ლაშა ბაზაძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობა ცდილობს დაზღვევის ამოქმედება არსებულ სიტუაციას მოარგოს ისე, რომ კერძო კომპანიები არ დაზარალდნენ.

„თუ სადაზღვევო პაკეტები კორპორატიულ სეგმენტსაც წაიღებს, „ალფას“ ხელმძღვანელობა სტრატეგიის გადაწყობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს ბაზაძე.

საყოველთაო დაზღვევის პირველი ეტაპი თებერვლიდან იწყება, რასაც სადაზღვევო ფონდის ამოქმედება მოჰყვება. მოგვიანებით კი - გაზაფხულის ბოლოს - დაზღვევის ზედამხედველობის დამოუკიდებელი სამსახური ამუშავდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ზედამხედველობის ცალკე გამოყოფის ინიციატივა ეკუთვნის, საუბრისას ამბობს, რომ თებერვალში საკითხთან დაკავშირებით მეორე და მესამე მოსმენა ჩატარდება და ახალი სამსახური, სავარაუდოდ, გვიან გაზაფხულზე ამოქმედდება.

როგორ იმუშავებს ზედამხედველობა, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. დავით ონოფრიშვილის თქმით, ზედამხედველობის სამსახური  დამოუკიდებელი იქნება და განიხილება ზედამხედველი საბჭოს ჩამოყალიბებაც.