ჩინელები კვლავაც მოდიან...

ჩინელები კვლავაც მოდიან...

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია იმ ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელზეც თბილისის ზღვაზე ჩინური დასახლების პროექტი და შესაბამისი სარეკლამო რგოლია ასახული. 

ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, წინა ხელისუფლებამ 2012 წელს ფარული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ ჩინური ქალაქის მშენებლობას და 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას ითვალისწინებს.
ვიდეომასალა ჩინურ ენაზეა. 10-წუთიანი ვიდეოკლიპი ჩინეთის ტელევიზიებით უკვე გადის და მოსახლეობას საქართველოს შესახებ უამბობს. ვიდეომასალაში ასევე დეტალურადაა აღწერილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და პროექტი, თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ტერიტორია ჩინელების ჩამოსახლების შემთხვევაში. კლიპში ასევე ჩანს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრება.

For.ge ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.

- ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა_ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შს მინისტრმა და მოგვიანებით პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ,  მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა, ყოფილმა და მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ, ასევე, ეროვნული ბანკის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ხალხის ზურგს უკან, ფარულად გააფორმეს მსხვილი კორუფციული ხელშეკრულება ჩინელ მოქალაქეთა ჯგუფთან. ამ ხელშეკრულების თანახმად, ამ მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ თბილისთან ახლოს უზარმაზარი ტერიტორია ჩინური ქალაქის მშენებლობისთვის და ამ ქალაქის მიმდებარედ. ასევე, აქ უნდა ჩამოსახლდეს 127 ათასი ჩინელი მოქალაქე და ესენი ხმის უფლების მქონე მოქალაქეები იქნებიან.

ამის ამსახველი ვიდეორგოლი, რომელიც მე წარვადგინე, დამზადებულია ჩინელების მიერ ჩინური ტელეკომპანიებისთვის, სადაც მიდიოდა პრომოუშენი და უნდა განემარტათ ჩინელი საზოგადოებისთვის, თუ სად მიჰყავთ, რომელ ქვეყანაში და როგორ ქალაქს უშენებენ საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება უცხო ქვეყნის 127 ათასი მოქალაქისთვის და მათი ჩამოსახლება ჩვენისთანა პატარა სახელმწიფისთვის ცოტა არ არის, თანაც ეს კონსოლიდირებული ხმაა, რომელიც ათ წელიწადში მილიონ შვიდასი ათასი იქნება. ეს ნიშნავს, რომ უცხო სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, ჩინეთი, საქართველოში პოლიტიკური სურათის შეცვლას შეძლებს. ერთი შეხედვით, აქ შენდებოდა პატარა ჩინური ავტონომია, მაგრამ ათ წელიწადში იქით უნდა გვეხვეწა ამ მილიონ შვიდასი ათასი ჩინელისთვის, რომ ქართული ავტონომია მოეცათ.

უკვე წლებია, ჩინელების ნაწილი საქართველოში დამკვიდრდა, როგორც სოფლად, ისე - ქალაქად. ამ პროექტის შესაბამისად, ჩინელების მორიგმა ნაკადმა უკვე თუ დაიწყო ჩამოსვლა?

- ამ პროექტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და ჩვენ არც უნდა დავუშვათ ამის განხორციელება. ეს სახელმწიფო ღალატი იქნება. მინდა, გავიხსენო დემეტრე  თავდადებული. რატომ გაურთულდა, იცით,  მონღოლურ ურდოსთან ურთიერთობა? ერთი პერიოდი, ნაკლები ხარკი რომ გადაეხადა, დემეტრე ქართულ სოფლებს მალავდა, ოცი სოფლის ნაცვლად ამბობდა ხუთიაო. ამის შემდეგ მონღოლებმა უთხრეს, თუ აქ სიცარიელეა, მაშინ, მოდი, ჩვენ დავიწყებთ მონღოლების ჩამოსახლებას, რომ ყოველი კომლიდან ხარაზა ავიღოთო. სწორედ მონღოლების ჩამოსახლებას შეეწინააღმდეგა დემეტრე. ამით დაიწყო მისი უბედურებები. დემეტრეს მაშინ რომ დაეშვა მონღოლთა მრავალრიცხოვანი ჩამოსახლება, დღეს რა ენაზე ვილაპარაკებდით? ჩინეთის 127 ათასი მოქალაქე ავტომატურად დაიკავებს ჩვენი მოქალაქეების - ქართველის, რუსის, სომხის, აზერბაიჯანელის ადგილს შრომით ბაზარზე, სხვადასხვა სამსახურში, ბიზნესში. ისინი მოდიან თავიანთი დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ფულით და რეალურად, მოკლე ხანში, საქართველოს ეკონომიკის და სხვა სფეროების მმართველ ელიტად მოგვევლინებიან. ეს 127 ათას მოსახლიანი ქალაქიც საქართველოში თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი შეიძლება ყოფილიყო. ასეთია რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. მათი რანგის ქალაქი იქნება. 3D-ში არის მთელი ქალაქი აშენებული, ადმინისტრაციული შენობებია, სადაც მხოლოდ ჩინური წარწერებია.

ლაზიკას ამისთვის ხომ არ უმიზნებდნენ?

- ლაზიკაც ავანტიურა იყო და ამ ქალაქს ლაზიკასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ასეთივე და ამის მსგავსი ავანტიურა იქნება ჩინური დასახლებაც, თუმცა ლაზიკაში განსხვავება ის იყო, რომ სინამდვილეში, ანაკლიის პორტი კეთდებოდა.

ამ კლიპის გაშვების შემდეგ ახალი ხელისუფლება უკვე საქმის კურსშია. ჩინელთა ნაკადის შეჩერებას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს მათი მხრიდან? მიგრაციის კანონის მიღება ხომ არ უნდა დააჩქარონ?

- პირველ რიგში, ამას მთელი ერის ფეხზე დადგომა უნდა მოჰყვეს. ამ ჩანაწერში შეხვედრების ფოტომასალებია ასახული ყოფილ ჩინოვნიკებთან, ასევე, ხელშეკრულების გაფორმების ფოტომასალაცაა. ჩანაწერში ჩინელები პირდაპირ ამბობენ, თუ ვინ დაეხმარა ამ საქმეში, პირველი ფოტო პრეზიდენტთან არის გადაღებული, შემდეგ - ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილის, უგულავას, ქადაგიძის, ქობალიას, ჩოჩელის ფოტოებია. 

საქართველოში ჩინელთა მიგრაცია ჩინეთის ხელისუფლების დონეზე გადაწყდა?

- აქ რამდენიმე მილიარდზეა საუბარი და, რა თქმა უნდა, ადამიანთა ეს ჯგუფი ჩინეთის ხელისუფლებას საქმის კურსში ჩააყენებდა. აქ ჩინეთის მოქალაქეთა დანაშაული არ ჩანს, დანაშაული ჩვენებმა ჩაიდინეს. ახლა თუ ვინმე გაგვიფორმებს ხელშეკრულებას და მოგვცემენ ტერიტორიებს თურქეთში ან რუსეთში, რომ ჩვენ იქ ქალაქების მშენებლობა დავიწყოთ, თუ ამის თავი გვექნება, ამას რა სჯობს, მაგრამ მერე იმ თურქს და რუსს ჰკითხეთ, თუ გაუხარდება ჩვენი ჩასახლება?!