ჯორჯიის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, „დემოკრატებს“ არჩევნების მოპარვის საშუალება არ მისცენ.
„5 იანვარს სენატში მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ბედი თქვენზეა დამოკიდებული. დარწმუნდით, რომ თქვენი ხმები სათანადოდ დაფიქსირდა. რადიკალურ „დემოკრატებს“ სენატში ადგილების წაღება სურთ. ჩვენ ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მთელი ძალით იბრძოლებს, რათა თეთრი სახლი შეინარჩუნოს.
„ისინი თეთრ სახლს არ წაიღებენ, ჩვენ მთელი ძალით ვიბრძოლებთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დიადი ვიცე-პრეზიდენტი დაგვეხმარება. ის შესანიშნავი ადამიანია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
5 იანვარს ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატში ორი დარჩენილი მანდატის ბედი გადაწყდება. იმ შემთხვევაში, თუ „დემოკრატების“ ორივე კანდიდატი გაიმარჯვებს, სენატზე კონტროლი „დემოკრატიულ“ პარტიას ექნება.