ჯორჯიის შტატში აშშ-ის კონგრესის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომლის შედეგები სენატში ძალთა ბალანსს განსაზღვრავს

ჯორჯიის შტატში აშშ-ის კონგრესის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომლის შედეგები სენატში ძალთა ბალანსს განსაზღვრავს

დღეს ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც განსაზღვრას, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაზე. ამჟამად, სენატში უმრავლესობა „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს.

ჯორჯიის შტატში „რესპუბლიკურ პარტიას“ სენატორები დევიდ პერდიუ და კელი ლეფლერი წარმოადგენენ. მათ „დემოკრატი“ კანდიდატები, ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი უპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიის შტატის ორივე „რესპუბლიკელი“ სენატორი მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებას არ აღიარებენ.

2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნების შედეგად, სენატორმა დევიდ პერდიუმ ამომრჩეველთა ხმების 49.7% მიიღო, ხოლო მისმა „დემოკრატმა“ კონკურენტმა, ჯონ ოსოფმა 47.9%. რაც შეეხება სენატორ კელი ლეფლერს, მან ამომრჩეველთა ხმების 25.9% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, რაფაელ უორნოკმა - 32.9%.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჯორჯიის შტატის მოსახლეობა, როგორც წესი, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს უჭერდა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, აღნიშნულ შტატში „დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯორჯიის შტატში ხმების ფალსიფიცირებას ჰქონდა ადგილი და დამარცხებას არ აღიარებს.

აშშ-ის კონგრესში 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად, „რესპუბლიკელებმა“ სენატში 50 მანდატი მოიპოვეს, ხოლო „დემოკრატებმა“ – 48. დარჩენილი ორი მანდატი განსაზღვრავს, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაზე.

„დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ორივე პარტიას სენატში თანაბარი რაოდენობის ადგილები ექნება, თუმცა „დემოკრატებს“ უპირატესობა ექნებათ, ვინაიდან აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგად, „რესპუბლიკელების“ თუნდაც ერთი კანდიდატი გაიმარჯვებს, „რესპუბლიკელები“ სენატზე კონტროლს შეინარჩუნებენ.

სენატზე კონტროლი მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცების კუთხით. გარდა ამისა, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვინაიდან აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წამყვან თანამდებობზე კანდიდატურების დასამტკიცებლად სენატის თანხმობა დასჭირდება.