პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცახდებით, საქკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ხვალ არ შედგება.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართა და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტის მოსმენა მოგვიანებით შედგება.
სპიკერის შეფასებით, კანონმდებლები საქართველოს კონსტიტუციას პატივს სცემენ, მათ შორის პრეზიდენტის უფლებებს, მაგრამ ამავდროულად, პატივს საკუთარ თავსაც სცემენ.
„გვინდა, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შედგეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ანუ, იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც ეკუთვნის პარლამენტსა და ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს მიეცემა საშუალება პარლამენტში გამოვიდეს და კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ საკითხზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ან როდესაც, ცალსახად და მკაფიოს იქნება გამოხატული პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია. ეს რამდენ ხანში მოხდება ვერ გეტყვით. თუმცა, დაინტერესებულნი ვართ, რომ მალე მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება. როგორც წესი, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა მოვიდეს, ის ზოგჯერ მარტის ბოლოსაც მოსულა, ამითი სამართლებლივად არაფერი არ ხდება, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ისე გვინდა ვიმუშაოთ, რომ ქვეყანას ღირსეული პარლამენტი ჰყავდეს“, - აცხადბს უსუფაშვილი.
რეგლამენტის მიხედვით, ხვალ, პარლამენტში წლიური მოხსენებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარმდგარიყო. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
უმცირესობა უმრავლესობას ამ წინადადებას, მხარდაჭერის სანაცვლოდაც, კონსტიტუციაში საგარეო კურსის უცვლელობის ასახვას სთავაზობს.