საკანონმდებლო ორგანოში, პოლიტიკური ტემპერატურა დღითი დღე მატულობს. მერვე მოწვევის პარლამენტში უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ და ერთურთის მისამართით, არც შეურაცხმყოფელი შეფასებები დაიშურეს. პოლიტიკური დებატებისას, მმართველი გუნდის გაღიზიანება, ფრაქცია „რეგიონების“ თავმჯდომარის, ტარიელ ლონდარიძის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.
კერძოდ, ლონდარიძის მტკიცებით, მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით ოპონენტმა, ომარ ნიშნიანიძემ მიმართა. აღსანიშნავია, რომ ნიშნიანიძესა და ლონდარიძეს შორის დაწყებული დაპირისპირება გოკა გაბაშვილსა და ზაზა პაპუაშვილს შორის გაგრძელდა, რომელთა სიტყვიერ პაექრობაშიც, ნუგზარ წიკლაური ჩართო. უნდა ითქვას, რომ მხარეებს შორის გაწევ-გამოწევაში განსაკუთრებით, ყოფილი სპორტსმენტი ზვიად ზვიადაური აქტიურობდა, რომელსაც თანაგუნდელები შეძახილით „კარგად დაარტყი“ აქეზებდნენ. მხარეებს შორის არსებული ემოციური ფონი რა გავლენას მოახდენს 8 თებერვლის სხდომაზე, სადაც წლიური მოხსნებეით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წარდგება, ეს უცნობია, თუმცა, უმცირესობა პარასკევის სხდომაზე ექსცესებს არ გამორიცხავს და მმართველ ძალას დაფიქრებას ურჩევს.
პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასების მიზნით, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს ესაუბრა:
უმცირესობა რიგით მეთერთმეტე დეპუტატმა, გიორგი ფეიქრიშვილმა დატოვა. თქვენი გუნდის რღვევას, რას უკავშირებთ?
- არ ვთვლი, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა, არამედ ეს არის უკან დახეული პერსონალური გადაწვეტილება იმ ადამიანებისა, რომელთაც ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლეს. იცით, რომ თითოეულ მათგანზე, რომელიც ჩვენი რიგებიდან წავიდა, ზეწოლა ხორციელდებოდა. მართალია, არცერთ მათგანს არ ვამართლებ, რადგან რბილად რომ ვთქვა, მათი საქციელი ძალიან ულამაზო და მათი მხრიდან, პრინციპების დათმობაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მათთვის მტკივნეული ნაბიჯი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის რამდენიმე დეპუტატი უკვე მითვლილი ჰყავდა, რეალური ბალანსი არ შეცვლილა და საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერც მიაღწევენ, ყოველ შემთხვევაში, იმ ვადებში, რაც მათ სურთ. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას თავიანთი დირექტორის იმის გამო დასჯის, რომ მათ თავის დროზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრება ვერ მოახერხეს.
თქვენი ყოფილი კოლეგების გადაწყვეტილებებს მათზე განხორციელებულ ზეწოლს უკავშირებთ, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავთ, რომ ისინი თქვენს ხედვებს აღარ იზიარებენ, მაგრამ ბიზნესინტერესების დაცვას ცდილობენ, რადგან კახა ოქრიაშვილი და გოჩა ენუქიძე სწორედ ბიზნესაქმიანობას ეწევიან?
- ოქრიაშვილს ვესაუბრე და მას არ უთქვამს, რომ მან შეხედულებები გადააფასა, არამედ ის ამბობს, რომ მისთვის ბიზნესი უფრო ძვირფასია, ვიდრე პარტიული ინტერესები. ოქრიაშვილმა პატიონსად თქვა, რომ პირველ რიგში, ის ბიზნესმენია და შემდეგ უკვე პოლიტიკოსი. რაც შეეხება ენუქიძეს, როგორც ჩანს, მანაც ამ პრინციპით იხელმძღვანელა, მაგრამ ულამაზო ფორმით, რადგან ის შეეცადა, რომ მისი გადაწყვეტილება გარდაუვალ ნაბიჯად წარმოედგინა. მართალი გითხრათ, არცერთ ნაბიჯს არ მივესალმები.
ანუ, თავის დროზე, ეს პირები, თქვენს რიგებშიც ბიზნესინტერესების დაცვის მიზნით მოხვდნენ?
- ეს მათ დაადასტურეს. როგორც ჩანს, ადრე, მათი პოლიტიკური პოზიციები არაგულწრფელი იყო და ჩვენთან მოვიდნენ არა როგორც სახელისუფლებო პარტიასთან, არამედ იმიტომ, რომ მათ შეღავათები ჰქონოდათ, რაც არ ჰქონდათ. ეტყობა, ისინი თავს სახელისუფლებო ძალასთან კომფორტულად გრძნობენ.
11 დეპუტატის გადაწყვეტილებას, მუქარასა და ზეწოლას უკავშირებთ. თუმცა, კონკრეტულ ფაქტებს, რატომ არ ასახელებთ, ამ ზეწოლებში, თუ ვინ მონაწილეობს?
- მაგალითად, მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით, ტარიელ ლონდარიძე მას შემდეგ დაიბარეს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოგროვების საკითხი დადგა. მანამდე არ დაინტერესებულან. რაც შეეხება ლემონჯავას, მას ფოთის პროკურორმა ვერაფერი მოუძებნა და ედავება, რომ თურმე, ადრე, ლემონჯავას მისი კუთვნილი უკანონო ავტოფარეხი აუღია.
ფიქრობთ, რომ წინა ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი?
- რაც შეეხებათ დეპუტატებს, ეს ანგარიშსწორება არ არის, არამედ მათ მიმართ ზეწოლა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. ამას გარდა, არის უწყებრივი ზეწოლები.
რაც შეეხება მარიკა ვერულაშვილის გადაწყვეტილებას, ის იყო პრეზიდენტთან დაახლოებული პირი და მის ნაბიჯს, რითი ხსნით?
- თვეების განმავლობაში, მის მეუღლეს ეუბნებოდნენ, რომ თუ ამ ნაბიჯს ვერულაშვილი არ გადადგამდა, მას დაიჭერდნენ.
თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვერულაშვილის მეუღლეს პრობლემები წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. კერძოდ, ის რამდენჯერმე, დაკითხვაზეც კი, დაიბარეს. ამ ინფორმაციის შესახებ თუ გსმენიათ?
- იყო პრობლემები, რომელიც ამათმა გადაიბარეს და უთხრეს, რომ დაგიჭერთ, მაგრამ მარიკამ ეს ნაბიჯი გადადგა და უყურეთ თუ დაიჭერენ.
თქვენი რიგების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას ელით?
- დარწმუნებული ვარ, რომ იმ ზღვარზე მივედით, რის შემდეგაც, სერიოზული კლება აღარ იქნება.
რაც შეეხება თავდაცვის სფეროს, საუბარი იყო, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში, სამხედროებს ატერორებდნენ და ა.შ ახალი ძალის მოსვლის შემდეგ, ამ უწყებას სათავეში ირაკლი ალასანია ჩაუდგა. თქვენი შეფასებით, რა პროცესები მიდის თავდაცვაში?
- თავდაცვის სამინისტროში შეკითხვა გადავაგზავნეთ, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, რამდენი ადამიანია სამსახურიდან გათავისუფლებული, ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ, მაგრამ დაფიქსირებულია, რომ უკვე 300 ოფიცერია გათავისუფლებული და მინაწერია, რომ აღნიშნული რაოდენობიდან ზოგს კონტრაქტი დაუმთავრდა, ზოგი თხოვნით გაუშვეს და ა.შ. თავისთავად, ეს ციფრი იმაზე მეტყველებს, რომ უწყებაში წმენდა პოლიტიკური ნიშნით ჩატარდა. უბრალოდ, ეს ყველაფერი, ძალიან მოკლე პერიოდში, თავად ალასანიას მოუბრუნდა, რადგან ზუსტად იგივე მეთოდით, როგორც მან წმენდა ჩაატარა, ახლა სხვადასხვა სტრუქტურიდან მისი ხალხი გამოყარეს.
პოლიტიკური ნიშნით, ადამიანებს თქვენი ხელისუფლების პირობებშიც ათავისუფლებდნენ. ამას გარდა, ახალაიას მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება, რომ ეს პერიოდი, სამხედროებისთვის ყველაზე რეპრესიული იყო და ა.შ.
- ასეთ ყველა ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება კეთდება, რომ მიმდინარეობს გამოძიება და რაღაც შედეგი ხომ უნდა ვნახოთ? პროკურატურაზე უკეთესად, ვერ გიპასუხებთ, მითუმეტეს, „ოცნებისა“ და წულუკიანის პროკურატურაზე, რომლებიც ყველაზე მონდომებული ადამიანები არიან მსოფლიოში, რომ ასეთი ფაქტები დაამტკიცონ. დაველოდოთ და თუ დაამტკიცებენ ვნახავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას ბოლოჯერ 8 თებერვალს მიმართავს. პარასკევს, ქვეყნის პირველი პირის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას, პოლიტიკური დებატები გაიმართება. ვინაიდან, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ემოციური ფონი მატულობს, ექსცესებს ელით?
- მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხია, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს, რაიმე სახის გადაცდომა არ მოხდეს. იმედი მაქვს, რომ თავანთი უმრავლესობის მოთოკვას შეძლებენ. ამასთან, ისეთ სამარცხვინო ფორმაზე ხელი უნდა აიღონ, როგორიცაა გარეთ თავიანთი მხარდაჭერების მოყვანა. იმის მტკიცება, რომ მათი მოყვანილი ხალხი არ არის, ამას არავინ დაიჯერებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დებატები შედგება, თუმცა, რა ფორმით - ვნახავთ.