კუბლაშვილების ოჯახი გუბაზ სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებს

კუბლაშვილების ოჯახი გუბაზ სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებს

33 წლის დავით კუბლაშვილის ოჯახი, რომელსაც დიალეზის პრობლემა აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც for.ge-ს დავით კუბლაშვილის მეუღლემ, მაგდალინა კუბლაშვილმა განუცხადა, მის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ის შვიდი წელი თირკმლის დონორს ეძებდა.

„უკვე წლებია, რაც ჩემს მეუღლეს დიალეზის პრობლემა აქვს. ის შვიდი წლის განმავლობაში, თირკმლის დონორს ეძებდა და გასულ კვირას, მინსკში დონორი გამოჩნდა. დახმარების მიზნით, ვინაიდან, ოპერაცია 38 ათასი დოლარი ჯდებოდა, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს, გუბაზ სანიკიძეს შევხვდით, რომელმაც გვითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ოპერაციას დაგვიფინანსებდა და არანაირი პრობლემა არ იყო. მან გვითხრა, რომ „არ არის პრობლემა, ოპერაცია გაიკეთე და თანხა გადმოგერიცხებაო“. გასული კვირის ხუთშაბათს კი, ჩემი მეუღლე მინსკში გაემგზავრა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ხვალ, ის უნდა გამოწერონ, ფინანსებს კი ესენი არ რიცხავენ. სანიკიძე კი აცხადებს, რომ მე არაფერი მითქვამსო, რაც სიცრუეა“, - აცხადებს კუბლაშვილი.

ამას გარდა, მაგდალინა კუბლაშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მიერ მის მეუღლეს, 18 ათასი დოლარი გაემოყო, რითაც, მან რამდენიმე კურსი და მოსამზადებელი პერიოდი გაიარა.

„ოპერაციის შემდეგ, ჩემი მეუღლე თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, გვეუბნება, რომ მეოთხე სართულიდან გადმოვხტები და თავს მოვიკლავო. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რომ არა სანიკიძის დაპირება, მას მინსკში არ გავუშვებდით“, - განმარტავს კუბლაშვილი.

კუბლაშვილების ოჯახის წევრთა ბრალდებებს გუბაზ სანიკიძე პასუხობს და მათ სახელმწიფოს შანტაჟში ადანაშაულებთ.

როგორც for.ge-ს სანიკიძემ განუცხადა, დავით კუბლაშვილს აქვს დიალეზის პრობლემა და საუბარი იყო იმაზე, რომ მას ოპერაცია სჭირდებოდა.

„ამ საქმეზე, ჯანდაცვის სამინისტროში საუბარი მქონდა და უწყება დაფინანსების გაცემაზე თანახმა იყო, მაგრამ დავით კუბლაშვილს სამინისტროში შესაბამისი პროცედურები უნდა გაევლო, რაც ყოველთვის სავალდებულოა. ამის შემდეგ კი, მას სამინისტრო დაეხმარებოდა. მოხდა ისე, რომ ის სამინისტროში არ მივიდა და მინსკში გადაფრინდა, მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ იქ ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ჩემთვის გამოცანაა, მას გარანტიების გარეშე ოპერაცია როგორ გაუკეთდა. მან არანაირი პროცედურა არ გაიარა და ახლა კი, თანხას ითხოვს. ამ ადამიანების მხრიდან ეს არის დაშანტაჟება სახელმწიფოსი და რადგან  მან შესაბამის პროცედურები არ გაიარა,  მის მიმართ, არანაირი ვალდებულება არ არსებობს. მის ოჯახს ვთხოვ, ამ საქმეს თუ ჩავეძიებით, შეიძლება იქედან  სხვა რაიმე ამოვიდეს. ამ კაცის ცოდვით ღამე არ მეძინა და  ყველაფერი გავაკეთე, რომ მას პრობლემა არ ჰქონოდა. რატომ არ მივიდა ის სამინისტროში?“, - განაცხადა სანიკიძემ და თუ რას გულისხმობდა „საქმეების ჩაძიებაში“, მან for.ge-ს კითხვა უპასუხოდ დატოვა.

რაც  შეეხება იმას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გუბაზ სანიკიძე, როგორც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრი რაში ხედავს გამოსავალს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ „გამოსავალს ვერ ხედავს“.

„ფაქტია, რომ კუბლაშვილმა პროცედურები არ გაიარა და საკითხი ამოწურულია“, - დასძინა საკმაოდ აგრესიულად  მერვე მოწვევის კანონმდებელმა.