აშშ-ის კონგრესმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონზე დონალდ ტრამპის ვეტო დაძლია.
24 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო. 28 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ვეტო წარმომადგენელთა პალატამ დაძლია. დღეს კი ვეტოს დაძლევას მხარი სენატმაც დაუჭირა.
დონალდ ტრამპმა კანონპროექტი იმის გამო გააკრიტიკა, რომ იგი არ შეიცავს დებულებას „კომუნიკაციების სფეროში ეთიკის შესახებ“ კანონის 230-ე კარის გაუქმებაზე. აღნიშნული კარი ტექნოლოგიურ კომპანიებს სასამართლო სარჩელებისგან იცავს მომხმარებლების კონტენტის განთავსება, წაშლისა და სხვაგვარად მოდერირებისთვის. დონალდ ტრამპის თქმით, კანონპროექტის ბევრი დებულება მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კურსს ეწინააღმდეგება, კერძოდ მის ძალისხმევას, სამშობლოში დააბრუნოს ამერიკელი სამხედროები.
აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა $740 მილიარდს აღემატება. ამ თანხიდან $69 მილიარდი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი.
თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საუბარია საქართველოზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს „ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს, ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში. მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“.