ნაცებმა და ევროპელებმა საკუთარი თავი ჩიხშივე დაასრულეს - ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მათ გარეშე გეგმავს

ნაცებმა და ევროპელებმა საკუთარი თავი ჩიხშივე დაასრულეს - ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მათ გარეშე გეგმავს

როგორც ირკვევა, უკვე ერთი კვირაა ოპოზიციის ნაწილი, საუბარია „გირჩსა“ და „მოქალაქეებზე“, გამოდიან ინიციატივით, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად იქცეს და თუ „ოცნება“ დათანხმდება, 48%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ამის პარალელურად კი „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ განაცხადეს, რომ ნაციონალებისგან დისტანცირება უნდა მოხდეს და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს 2022 წელს მაინც დანიშნავს და ე.წ. სერბულ მეთოდს დათანხმდება.

როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, რომ ნაციონალების და ევროპელების მიერ შემოთავაზებული ბოიკოტი ჩიხია და ამ კრიზისიდან გამოსასვლელად გარკვეულ დათმობაზე წასვლა აუცილებელია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს იდეა ფასილიტატორ ელჩებს ეკუთვნით, ამიტომაც თუკი „ოცნება“ ამ შეთანხმებაზე წამოვა, ცუდი ამაში არაფერია, რადგან მათ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის გეგმა, რომ გაზაფხულზე აღელვებულ ხალხს დაელოდებიან და რევოლუციას მოაწყობენ, მიუღებელია.

ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი for.ge-სთან ამბობს, რომ კონსულტაციები ამ თემაზე მხოლოდ „გირჩთან“ აქვს და „ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს უარყოფს. მისი თქმით, თუ ვინმესთან მოლაპარაკებას გადაწყვეტენ, ამას საჯაროდ გააკეთებენ. ამ ეტაპზე კი „გირჩთან“ მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა აქვთ. იოსლიანი ამბობს, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ უნდა დასრულდეს შეთანხმებით, რაც გულისხმობს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას.

საკოორდინაციოს საბჭოს ბრიფინგზე კი პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ოპოზიციასთან მხოლოდ ერთი შეთავაზება აქვს - პარლამენტში დროულად შესვლა.

„მე არავისთან მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ. შეთავაზება მექნებოდა ერთი - დროზე შევიდნენ პარლამენტში. აიღონ პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეებმა დააწესეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ შემდეგ არჩევნებზე - დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანაირი ირონიის გარეშე“, - თქვა პრემიერმა.

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდება და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. მან ერთ-ერთ ტელეარხის ეთერში თქვა, რომ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიცია კი არა, ახლა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ითხოვს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრულად პროპორციული არჩევნები... ეს სხვა პარტიებმა და ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს... ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები სრული პროპორციული და იქიდან უნდა დაიწყოს ახალი 4 წლის ათვლა“.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ თუკი ამ შეთანხმებაზე „ოცნება“ წამოვა, ამაზე კარგი არაფერი იქნება, რადგანაც ოპოზიცია ელჩებთან ვერ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და მოლაპარაკებების პროცესი ჩიხშია შესული. ის ოპოზიციის მეორე მხარისგან ვერ ხედავს გეგმას, თუ ბოიკოტის პირობებში ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე როგორ უნდა დაითანხმონ, ამიტომაც მისთვის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არა აქვს.

„ამ საკითხებზე კარგა ხანია საუბრები მიდის. ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა, თითქოს ელისაშვილს ხელისუფლება ფარულად ესაუბრება, რაც აბსურდია. ფარულად კი არა პირიქით, ამაზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რადგანაც ძალიან კარგი საკითხია. ამით მედიაც უნდა დაინტერესდეს. დიდი ხანია ეს ინფორმაცია და იდეა არსებობს და როგორც ვიცი, იგი ფასილიტატორი ელჩების მხრიდან წამოვიდა.

მე ამ იდეას სხვაგვარად ვუყურებ და არ ვფიქრობ, რომ ასე გასატარებელი ამბავია. ვინაიდან ელჩებს ვერანაირი დოკუმენტებით ვერ ვარწმუნებთ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ეს იდეა, რომ თვითმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად გამოვიყენოთ, საუკეთესო მგონია. კარგი იქნებოდა რომ ნაციონალებს გაყალბების მტკიცებულებები დაედოთ, მაგრამ ვერ დადეს. ამიტომ ჯერჯერობით ჩვენი მეგობრების პოზიცია არის ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ახლა ჩვენ გვინდა, რომ თვითმმართველობის არჩევნები იგივე სისტემით ჩავატაროთ და ვნახოთ, თუკი „ოცნება“ დამარცხდება და 48%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ 2021 წელს მოვითხოვოთ, რომ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს“, - აცახდებს მეგრელიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სასამართლო არა გვაქვს და არც სხვა ინსტიტუტი რომ დავამტკიცოთ არჩევნების გაყალბება. ბოლო ბასტიონი პარლამენტია და თუ ისიც ერთპარტიული დავტოვეთ, მაშინ ოპოზიციას სხვა არანაირი გზა აღარ რჩება. მისი აზრით, თუ ოპოზიციამ ეს პასუხისმგებლობა არ გამოიჩინა, სხვა გამოსავალი მოლაპარაკების გარდა აღარ არსებობს. ბოიკოტს რომ დაადგნენ, ბოლომდე კაცმა არ იცის ვინ რას აკეთებს.

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანმა კი „ახლა გაიგო“, რომ თურმე ალეკო ელისაშვილი და ის ფარულ მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან ყოფილან. არადა ირწმუნება, რომ ეს ასე არ არის და რომც იყოს ეს თემა, რომელიც თვითმმართველობის ერთგვარ პლებისციტად გადაქცევას ნიშნავს, ძალიან კარგი იდეაა. ამიტომ იოსელიანი თვლის, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ღირს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ამაზე „ოცნება“ წამოვა.

„დღეს გავიგე, რომ „ოცნებასთან“ თურმე ფარულ მოლაპარაკებაზე ვყოფილვართ. ესაა პარადოქსი, რადგანაც ამ იდეაზე ჩვენთან არავის არასდროს არ უსაუბრია. არადა ამ იდეის ინიციატორი ფასილიტატორი ელჩები არიან და როგორც ვიცი, ოპოზიციაში ამაზე „გირჩი“ საუბრობს. თავად ამ იდეის შესახებ ერთი კვირაა რაც ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი და საინტერესო იდეაა, ძალიან მეეჭვება, რომ „ოცნებას“ ეს იდეა აწყობდეს. 2021 წელს შესაძლოა 48%-ი ვერ აიღონ. ამიტომ ხელისუფლებას დაკარგავენ. ოპოზიციის ნაწილს შეთანხმება უნდა და იმ პაკეტის წამოღება, რაზეც ვსაუბრობთ. მეორე ნაწილი ამბობს, რომ გაზაფხულზე მღელვარებას დაელოდებიან. სიტყვა რევოლუციის ხსენება აღარ მინდა. ამ მეორე ნაწილზე გეგმას ვერ ვხედავთ, ამიტომ ვეუბნებით, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, რომელი სტრატეგიაც სწორად მიგვაჩნია. ეს არ ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ ვიყიდებით ან ოპოზიციის ოპოზიცია ვართ.

თუ ოპოზიციას ფასილიტატორების თვალწინ ერთი პროცენტის დამტკიცებაც არ შეგვიძლია, რაღაზე ვსაუბრობთ?! თუკი თვითმმართველობის არჩევნები პლებისციტად გადაიქცა და „ოცნებამ“ თქვა, რომ 48 პროცენტს თუ ვერ ავიღებთ, მაშინ რიგგარეშე არჩევნებს 2022 წელს დავნიშნავო, ამაზე კარგი რა იქნება“, - აცახადებს იოსელიანი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციაში გარკვეული მოძრაობა შეინიშნება, რადგანაც პატარა პარტიები მიხვდნენ, რომ ჩიხში მოექცნენ. ბუნებრივია, ამის გამო პარტიების შიგნით აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა და დაპირისპირების მუხტიც იზრდება. საყვარელიძე ამბობს, რომ ასეთი ჩიხური პოლიტიკის ავტორის - ნაციონალებისგან დისტანცირებას პარტიები რომ დაიწყებდნენ, მოსალოდნელიც იყო. თუმცა ამას რაც უფრო სწრაფად გააკეთებენ, მით უკეთესია. ამის გამო, ისინი როგორც პოლიტიკოსები ყოველდღიურად ზიანდებიან.

„მე აქამდე ისიც კი მიკვირს, რომ ამას ამდენი ხნის განმავლობაში ეს პატარა პარტიები ვერ მიხვდნენ. ახლა დაინახეს, რომ ნაციონალებმა და ასევე ევროპელებმაც ისინი ისეთ ჩიხში შეიყვანეს, საიდანაც გამოსავალი არაა. ამიტომ ჩიხში შემყვან პოლიტიკური ძალიდან დისტანცირებას რაც უფრო მალე დაიწყებენ, მით უკეთესი მათთვის. ოპოზიციის შუაში მყოფ ამომრჩეველს მესამე პოლიტიკური ძალა სასიცოცხლოდ სჭირდება, ამიტომ ვინც ახლა პარლამენტში შევა, მას ამ ძალის შექმნის შანსი ეძლევა.

გახსოვთ, ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახარიამ ნაციონალებს გამოუცახდა, რომ მე თქვენ ქუჩაში დაგტოვებთო. გახარიას ღვაწლი რამდენად არის ამაში, ძნელი სათქმელია, მაგრამ გახარიას ნათქვამს, რომ ნაციონალები თავად ასრულებენ - ფაქტია. თუ ნაციონალები და ევროპელები ქუჩაში დარჩებიან და პარლამენტში არ შევლენ, ეს ხელისუფლებისთვის კომფორტია და ამ კომფორტს რატომ აძლევენ, გაუგებარია“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, რაც დრო გავა და ემოციები ჩაცხრება, პარტიები მიხვდებიან, რომ სხვის თამაშს თამაშობენ და პოლიტიკურად ხელიდან გაუშვეს შანსი, რეალურად, ქვეყანაში ახალი ძალა შეექმნათ. ამიტომ საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი „ლელო“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „მოქალაქეები“ ნაციონალებისგან და ევროპელებისგან დისტანცირებას დაიწყებენ და პარლამენტში კონკრეტული შეთანხმების ფონზე შევლენ, მაშინ მათი პოლიტიკური დივიდენდები კიდევ უფრო გაიზრდება და შუა გაკრეფილი ოპოზიციური ამომრჩევლის მოზიდვასაც შეძლებენ.

„ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თუ დაინახა, რომ ქუჩაში დგომა მომგებიანი არაა და პირიქით, პარლამენტში შესვლაა მათთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მაშინ ისინი შუა გაკრეფილ ამომრჩეველს მიიზიდავენ. ახლა ნაციონალებისგან თუ დისტანცირება არ მოახერხეს, მაშინ მათთვის ქუჩაში დგომა სრული კრახის ტოლფასია. პარლამენტში შესვლით და იქ წარმატების მიღწევით, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების შანსები ჩნდება. ამის პარალელურად კი, ველი, რომ ოპოზიციაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაჯგუფებები მოხდება. ბევრი ახალი პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნება, რაც ნაციოანლების ჩაძირვის წინაპირობა გახდება“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.

Ninja რა მიკვირს იცით? ღმერთმა ლანგარზე მოგართვათ პარლამენტი ნაცების გარეშე, რასაც ვერ იოცნებებდით და კიდევ ფიქრობთ შესვლა-არშესვლაზე? თუ გაქვთ რამის თავი თქვენ ედებატეთ უმრავლესობას და ხალხიც დაინახავს, რას წარმოადგენთ და შემდეგ არჩევნებში გააკეთებს საჭირო არჩევანს და შეიძლება ნამდვილ ოპოზიციადაც ჩამოყალიბდეთ და ჩააჩოჩოთ ნაცები, რასაც ასე ნატრობდით(თუ არ ფარისევლობდით). ჰა, ბურთი და მოედანი.
3 წლის უკან
romani Ninja
მცირე პარტიებს, ამ შემთხვევაში, ერთადერთ რაციონალურ და ტაქტიკურად სწორი ნაბიჯის გადადგმას სთავაზობთ. ბატონი საყვარელიძეც იგივე აზრზეა. მესამე ძალის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ, მაგრამ, შანსი იმისა, რომ თავიდან აიცილონ მომავალ არჩევნებში სრული გაუჩინარება, ამ გზით - პარლამენტში თავის გამოჩენით, კიდევ აქვთ. სხვა მიზეზებთან ერთად თუ რატომ არ აკეთებენ ამას - ნაცებს, შესაძლოა, მართლაც, რაიმე სახის კომპრომატი ქონდეთ მათზე. სხვაგვარად, მათ თვითმარგინალიზაციას ახსნა არ აქვს.
3 წლის უკან