ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ ვერ შეთანხმდა. ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ისევ ძალაშია, ხელისუფლება ოპოზიციას პარლამენტში სთავაზობს საკითხების განხილვას. რას მოგვცემს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი და სად არის გამოსავალი? როგორი უნდა იყოს პოლიტიკური თანხმობა, რომ ამ ურთულეს დროს ქვეყანა კიდევ უფრო არ დაზარალდეს? ამ და სხვა საკითხებზე for.ge-სთან ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე საუბრობს.
დემურ გიორხელიძე: ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაა. სამწუხაროდ, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა ავტომატურად დგება. პოლიტიკა ყოველთვის არის თანხმობა, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ჯერჯერობით ყველაფერი კანონის ფარგლებში კი ხდება, მაგრამ როგორც ვხედავთ, პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ნამდვილად არ არის უდარდელად, ეს ჩანს ახალი სახეებიდან. მე არ ვიცი ისინი რა პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებიან, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ხარვეზებს ისინი ხედავენ და ეს კარგია. ასე რომ, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. მე არ ვიცი ეს რითი დასრულდება, მაგრამ ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება. საუბარი იმაზე, რომ ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში მხოლოდ ერთი ჯგუფი იჯდეს და იღებდეს კანონებს, ეს ნამდვილად ვერ მოხდება.
ამბობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია?
- მე ჯერ კიდევ 2016 წელს ვამბობდი, რომ ძალიან ცუდია როდესაც ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ფაქტობრივად, „ოცნებამ“ ამით პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა. საჭირო იყო ნიადაგის მომზადება გადასვლისთვის. ნორმალური სიტუაციაა მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ავანსცენაზე არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც ერთმანეთს აწონასწორებენ. თუ შუა გაკრიფე და ყოველდღე „ნაციონალურ მოძრაობა“-ს უკეთებ რეკლამას, ხელისუფლების გადასვლა როგორ უნდა მოხდეს? ვინ უნდა წაიღოს ის? - ცხადია მეორე ძალამ. სხვა ალტერნატივა პოლიტიკური თვალთახედვიდან არის სისულელე ან დოყლაპიობა. თუ არავინ არ არის ქვეყანაში ორი ძალის გარდა, თუ შენ ძალიან გააფუჭებ სიტუაციას, გინდა თუ არა ძალაუფლებას ხელში აიღებს მეორე ძალა, რადგანაც ეს პირობა შენ შექმენი. ამიტომ, ჩვენ გვინდა გადასვლისთვის მომზადება. ამისათვის საუკეთესო იქნება შეთანხმება არა ხვალ, არამედ ერთი წლის შემდეგ, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. დავლაგდეთ, ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური თამაშის წესები. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველგან და ყველაფერში პრობლემებია, დაძაბულობაა შავ ზღვაზე, წყნარ ოკეანეში, ჩინეთის ნაპირებთან, სერიოზული პრობლემებია ბელორუსში, ახლა უკვე მოლდავაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ეს ყველაფერი არის გავლენები საქართველოს მდგომარეობაზე. ამიტომ, ახლა უკვე პოლიტიკური ხედვაა საჭირო.
ოპოზიციის პოზიცია ასეთია - ან ყველაფერი, ან არაფერი. ვხედავთ, რომ ოპოზიცია ისტორიის გამეორებას აპირებს, დათმობის შემთხვევაში ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და რა იცვლება ამით? ეს იგივე ადამიანები არიან, ვისთანაც ამდენი პრეტენზია ჰქონდა ხალხს. პარტიები და ადამიანები არ იცვლებიან თავისი იდეოლოგიით...
- პირველი დიდი შეცდომა, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დამთავრებისთანავე დაუშვა ოპოზიციამ. წინასაარჩევნო მოქმედება არ იყო სწორი, რამაც გამოიწვია ის რაც დღეს ხდება. ასევე, არჩევნებმა უჩვენა ხელისუფლების სისუსტეები და აჩვენა ის, რომ ხალხის განწყობა აშკარად ოპოზიციურია. ოპოზიციამ არ გამოიყენა ეს სისუსტე და პარლამენტში არ დაუნთეს ცეცხლი ხელისუფლებას, რომელიც აშკარად სუსტადაა. ასევე, „ოცნებამ“, კობახიძის და სხვა „მოლაპარაკე თავების“ მეშვეობით ძალიან ცუდი ფონი შექმნა, რითიც სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. როგორც კი ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, ოპოზიციამ, რომელსაც უკვე დაშვებული ჰქონდა და გადარჩა სერიოზულ ზეწოლას, გამოიყენა ის შეცდომა და ახლა უკვე დაჯდა იმ პოზიციაზე, საიდანაც მისი ჩამოყვანა ძალიან რთული იქნება. ეს არის ხელისუფლების შეცდომის შედეგი. ამიტომ, ქვეყნისთვის ამ სიტუაციაში ყველაზე კარგია პოლიტიკური თანხმობა. სხვა შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები უბრალოდ გარდაუვალია.
და რას მოგვცემს ვადამდელი არჩევნები?
- არაფერს არ მოგვცემს. არჩევნები იცით რა დროს მოგვცემს შედეგს? თუ ჩვენ ვთანხმდებით არჩევნების პროცედურებზე და მივიღებთ მკაცრ შეთანხმებას, რომ ვინც დაარღვევს ამ პროცედურებს, ჩვენ გვექნება მექანიზმი რომ ამ პოლიტიკურ პარტიას, ქართველი ხალხის წინაშე გავხდით არაქმედუნარიან პარტიად და მას მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა. ასევე, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ვერანაირი დარღვევა პროცედურების ვერ მოხდება და ჩვენ დავემორჩილებით იმ შედეგს, რომელიც დადგება. რიგგარეშე არჩევნები იმიტომ კი არაა საჭირო, რომ რევოლუცია მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ ყველამ აღიაროს შედეგი.
ხელისუფლების წინადადება დღემდე ძალაში რჩება უბნების ხელახალ გადათვლასთან დაკავშირებით, და თუ 1%-იან ცდომილებას მაინც აღმოაჩენს ოპოზიცია, ხელისუფლება უპირობოდ თანხმდება ვადამდელ არჩევნებზე, ამაზე რატომ არ მიდის ოპოზიცია?
- წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მიამიტური შეფასებები. ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა ოპოზიციის ძალიან სერიოზული შეცდომები, ვერ მოახდინა ამ შეცდომების პედალირება და დღეს უკვე, რაც არ უნდა შესთავაზო ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არ წავა ამაზე, იმიტომ რომ თუ ოპოზიცია სწორად ითამაშებს, ხელისუფლებას ჩიხში შეიყვანს.
უკვე ლოგიკურად მივედით იქამდე, რომ ოპოზიცია ყველაფერს ითხოვს და ეს ყველაფერი ხელისუფლებაში მოსვლაა?
- ოპოზიცია ახლა ითხოვს ერთადერთ რაღაცას, რომელიც მასაც გამოიყვანს ჩიხიდან და არსებულ სიტუაციასაც. ის ამბობს, რომ ჩატარდა ცუდად არჩევნები, აქ კი არა ამერიკაში ვერ ჩატარდა კარგად არჩევნები. საქართველოში გარდა 90-იანი წლებისა, არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა, ვიცით, რომ ეს პრობლემა არსებობს. ამიტომ, პოლიტიკური საქმიანობის თავისებურება ისაა, რომ შეცდომების გასწორება არის ძალიან რთული საქმე, სწორედ ამ მდგომარეობაშია ახლა ხელისუფლება.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ის რაც „სამართლიან არჩევნებში“ მოხდა, რა იყო ეს, მიზანმიმართული ქმედება თუ ადამიანური შეცდომა როგორც ეს მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა უწოდა?
- როგორც „სამართლიანმა არჩევნებმა“, ისე სხვა ორგანიზაციებმაც დაუშვეს წმინდა პოლიტიკური შეცდომა, და შეცდომაა ის, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ოთხი ათასი უბანი არ შეგიძლია ორი კვირის განმავლობაში გადათვალო, ეს ხომ კატასტროფაა. დიახ, თუ ორი კვირის განმავლობაში გიწევს გადათვლა, პრობლემები გექნება.
ამ შეცდომამ ვის წისქვილზე დაასხა წყალი, ვინ დარჩა მოგებული ამ ყველაფრით?
- ახლა არის ერთადერთი წისქვილი, ამ წისქვილს კი ჰქვია ქართული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პრობლემები. ახლა საჭიროა წესიერი მუშაობა და ამ წესიერ მუშაობას ქმნის სწორი პოლიტიკა. თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერ მოხდა შეთანხმება, რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ ერთი წლის შემდეგ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.