700-მილიონიანი სოფლის მეურნეობა

700-მილიონიანი სოფლის მეურნეობა

ფერმერებისთვის 11 თებერვლიდან კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება. მარტიდან გლეხები იაფი კრედიტებს მიიღებენ, ხოლო სოფლად შინაური პირუტყვის ვაქცინაცია და ნიადაგის კვლევა-ანალიზი ჩატარდება. საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 700 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თებერვლის შუა რიცხვებიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 ათასზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, ვისაც საკუთრებაში 0-დან 5 ჰექტარის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს.

ორშაბათიდან მოყოლებული ფერმერებს დაურიგდებათ ბარათი, რომლის მეშვეობითაც ნიადაგის დახვნასა და გაფხვიერებას შეძლებენ, ხოლო მარტიდან დარიგდება ბარათი, რომელიც გამიზნული იქნება ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად. „0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა.

0.25 ჰექტარიდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწათმესაკუთრეები, რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით. ის ფერმერები, რომელთაც აქვთ 0.25 ჰექტარიდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან, ხოლო 1.25-დან 5 ჰექტრამდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს“, - განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ.

მარტიდან იგეგმება სამი სახის საკრედიტო პროდუქტის ამუშავებაც. მცირე ფერმერებს საშუალება ექნებათ მიიღონ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი საწარმოო სეზონის დასაწყისში და დასრულების შემდეგ ისინი გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.

მინისტრის განმარტებით, დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით. კირვალიძის განცხადებით, ასევე დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას.

მცირე ფერმერები 5000 ლარამდე უპროცენტო სასაქონლო კრედიტს, ხოლო საშუალო და დიდი ფერმერები კი 5000-დან 100 000-ლარამდე კრედიტს მიიღებენ, რომლის საპროცენტო განაკვეთი 7-8% იქნება. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსებას, ამისთვის ფონდიდან მილიონი ლარის ოდენობით სესხი გაიცემა, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ია.

კრედიტებს ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები გასცემენ. პროცედურა კი ასეთი იქნება: ფერმერი საკუთარი ბიზნეს იდეით მიმართავს ბანკს ან საფინანსო ორგანიზაციას. ბანკი განიხილავს მის პროექტს, დადებითი პასუხის შემთხვევაში გამოუყოფს კრედიტს.

გარდა ამისა, წელსვე გაიხსნება სოფლის მეურნეობის მინიმუმ 60-მდე გადამამუშავებელი საწარმო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წლის მარტიდან ამუშავდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის უვნებლობის კოდექსის შემუშავებაზეც დაიწყო მუშაობა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, დაწყებულია ასევე ცვლილებებისა და დამატებების შემუშავება ვეტერინარიის კანონში შესატანად. გარკვეული ცვლილებები შევა ასევე, მცენარეთა დაცვის კანონში.

ეს აუცილებელია, რადგან სამომხმარებლო ბაზარზე სრული უკონტროლობაა. მაგალითად, სურსათის უვნებლობის სააგენტოს აღრიცხული აქვს, რომ ბაზარში საქონლის ხორცის ნაცვლად შედიოდა ვირისა და ცხენის ხორცი.

მინისტრის განმარტებით, ყველა ცდილობს კონტროლზე თავის არიდებას.

„გასაგებია, რომ კონტროლის გამკაცრება ყველასთვის სასურველი არ არის, მაგრამ ეს არის საზოგადოების არჩევანი. ყველას ჰყავს სახლში ბავშვები და ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი უნდა დავუსვათ“, - აღნიშნა დავით კირვალიძემ.

სწორედ ამიტომ 2013 წლისთვის სურსათის უვნებლობის ბიუჯეტი 3 მლნ ლარიდან 15,7 მლნ ლარამდე გაიზარდა. სამინისტროს ინფორმაციითვე, უკვე შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები და იწყება მათი განხორციელება ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით.

დაგეგმილია მილიონზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია. ასევე კერძო სექტორში არსებული პირუტყვის აღწერა და მისი აცრა. ქვეყნის მასშტაბით ნიადაგების ფიზიკური და ქიმიური თვისებების სწორად შეფასებისათვის საწყისი ანალიზების შესასრულებლად მთავრდება სპეციალური პროგრამის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს მიწათმოსარგებლეებს ზუსტად განსაზღვრონ ნიადაგების აგროსაწარმოო თვისებები, რაციონალურად გამოიყენონ სასუქები და მაქსიმალური ეფექტურობით შეარჩიონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები.