თურქეთი სომხეთს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებისკენ მოუწოდებს

თურქეთი სომხეთს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას გმობს და სომხეთს მისი შესრულებისკენ მოუწოდებს.

„მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სომხური დაჯგუფებების მიერ განხორციელებული თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაა. 26 ნოემბერს, 8, 11 და 27 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმების შედეგად, დაღუპულები და დაჭრილები არიან“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სომხური დაჯგუფებების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 27 დეკემბერს მთიან ყარაბაღში, ხოჯავენდის რაიონში სომხური შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.