დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა პრეზიდენტის ვადის საკითხი. ამის შესახებ ბევრი ითქვა და იწერება. ფაქტია, რომ 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც თეთრი შავზე დაფიქსირდა, რომ პრეზიდენტს თავის პოსტზე ყოფნა შეუძლია არც მეტი, არც ნაკლები 5 წელი და 9 თვე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომდევნო არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალაში შევა ინაუგურაციის შემდეგ, გამოდის თითქმის 6 წლით განუსაზღვრავთ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა.
იმ პერიოდში საზოგადოების უარყოფითმა რეაქციამ ამ “დემოკრატიულ” გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა. სამწუხაროა, რომ მაშინ, რატომღაც, “არ აღშფოთდნენ” ჩვენი უცხოელი მეგობრები. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სააკაშვილმა საზოგადოების აზრის იგნორირებით და დასავლელ მეგობართა “არ აღშფოთების” ხარჯზე უფრო თამამად განაგრძო “ცხოვრება და საზრდოობა”.
საერთოდ არ შევეხებოდი ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორის “არ აღშფოთების” თემას, რომ არა ერთი აღმოჩენა - მათ მყისიერი “აღშფოთებები”მხოლოდ ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, საქართველოში ახალი ხელისუფლების მმართველობის პირობებში დაეწყოთ. ძირითადი “აღშფოთების” საგანი არის პოლიტიკურ და თანამდებობის პირთა დაკავებები. დარწმუნებული ვარ, გამოვხატავ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას და ავუხსნი მათ, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური თანამდებობის პირების დაპატიმრებები კი არ არის, არამედ ჩვეულებრივ კრიმინალთან ბრძოლაა. ისე, კარგი იქნებოდა მათ “აღშფოთების” კვალი დაეტოვებინათ ბევრად უფრო ადრე, უამრავ ძალადობაზე, მკვლელობაზე, დაშინებაზე, ქონების ხელყოფაზე, დამოუკიდებელი მედიის დახურვა-წართმევაზე, გაყალბებულ არჩევნებზე და უამრავ სხვაზე. დარწმუნებული ვარ, ბევრად ადრე, სათანადოდ რომ “აღშფოთებულიყვნენ”, შეიძლება სააკაშვილი ცოცხების რეჟიმამდე არ მისულიყო. გამომდინარე აქედან, 9 წლის განმავლობაში დასავლეთის არასათანადო “აღშფოთების” წილი პასუხისმგებლობის შედეგად, სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” “ცხოვრობს და დღემდე საზრდოობს”.
არ ვიქნები ობიექტური, აქვე რომ არ აღვნიშნო – რომ არა აშშ და დასავლეთის უშუალო ჩარევა, 1–ლი ოქტომბრის ღამე ისე მშვიდად არ ჩაივლიდა... ხაშური მონაგონი იქნებოდა!
რატომღაც საქართველოში ბევრს ეგონა, რომ კოჰაბიტაციის რეჟიმში სააკაშვილი უფრო მეტ გონიერებას გამოავლენდა, მაგრამ როგორც ჩანს მისი შეჩერება და ნორმალურ განედზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ცოტა ხნის წინ, სტასბურგიდან პირდაპირი ჩართვის დროს გადავწყვიტე დამეთვალა სააკაშვილის ტყუილები. ერთ ტყუილს მეორე მოყვა, შემდეგ მესამე, მეოთხე… იმდენჯერ იცრუა, რომ თვლა ამერია. ტყუილები იქით იყოს, მაგრამ საყურადღებოა, რომ მის განზრახ “აბდაუბდაში” თითოეული ფრაზა რაღაც სამომავლო გეგმისთვის არის გამიზნული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მას ისევ შეუძლია ბევრი გააფუჭოს, ავნოს და დიდი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოს. ჩემი აზრით, სააკაშვილი ნომერ პირველი საშიში პერსონაა ქვეყანაში.
დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დიპლომატიაში, მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, მქონია უამრავი შეხვედრა პრეზიდენტებთან, უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მინახავს მათი გამოსვლები საერთაშორისო ორგანიზაციებში და ვიცი, რომ ევროპელები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ პრეზიდენტს, რომელიც პირდაპირ ეთერში მიმართავს მრავალმილიონიან საზოგადოებას, შეუძლია მოიტყუოს. მაგრამ საინტერესოა, როგორ ტყუვდებიან ჩვენთან? ადმიანები, რომლებიც მუდმივად მოწმენი ხდებიან სააკაშვილის არაორდინალური და არანორმალური ცხოვრების, როგორ რჩებიან მისი ერთგულნი? როდესაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების უემოციო, ავტომატურ სახეებს ვაკვირდები, მახსენდება ფრანგი პოეტის და კრიტიკოსის ნიკოლა ბუალოს ნათქვამი: “სულელი მუდამ მოძებნის უფრო მეტ სულელს, რომელსაც გააკვირვებს”.
ფაქტია, რომ სააკაშვილი თანაგუნდელებს აკვირვებს და აგიჟებს! ისინიც, გაკვირვებულები და მლიქვნელები, ბელადის ნებისმიერ დანაშაულს გმირობად აფასებენ. საზოგადოებაში სერიოზული ეჭვია, რომ აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. მაგალითად იმასთან, რასაც წერდა ბალზაკი: “მლიქვნელობა გულისხმობს ანგარებას”. სავარაუდოა, რომ სწორედ ანგარების ჯაჭვში არიან გადახლართულები და ამიტომაც წყდება ნაციონალური მოძრაობის ჯაჭვი არც თუ ისე სწრაფად, თუმცა წყდება. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს თანაგუნდელები ჯაჭვის გლეჯას ერთმანეთს დაასწრებენ.
რაც შეეხება სააკაშვილის პრეზიდენტობის თემას, ჩემი აზრით, ის ბევრად ადრე უნდა წასულიყო. კონსტიტუციაში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - პრეზიდენტი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. მთელი მისი პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკაში დაშვებულმა შეცდომებმა და, განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას მისმა დაუფიქრებელმა და საბედისწერო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია ქართული უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა. ნორმალური რომ იყოს, პრეზიდენტი, რომელმაც ვერ უზრუნველყო ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება, ჩაება ავანტიურისტულ ომში, რომლის გამოსწორებაც თითქმის შეუძლებელია, აუცილებლად გადადგებოდა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ტრაგედია რომ მომხდარიყო რომელიმე, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა. ხოლო არგადადგომის შემთხვევაში, წარმოდგენილი მაქვს ხალხი როგორი მეთოდებით გაისტუმრებდა უღირს მთავარსარდალს (წარმოვიდგინე იაპონიის პრემიერი, როგორ ღირსეულად წავიდოდაომის წაგების და მიწების დაკარგვის შემთხვევაში...)
ის, რაც ომის წაგების შემდეგ გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. ჯერ გამოაცხადა, რომ საქართველომ ომი მოუგო რუსეთს და დიდი ზეიმიც გამართა “ხელების ჩაკიდების” ეფექტით (მახსენდება ჩრდილოეთ კორეა. საფეხბურთო მატჩი, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ბრაზილიასთან დამარცხდა, მთავრობამ ქვეყანა 2 დღე და ღამე აზეიმა – ბრაზილია დავამარცხეთო). წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია ხალხის თვალისასახვევმა გრანდიოზულმა კონცერტებმა და შოუებმა, რაშიც არანაირი საბიუჯეტო ფინანსების ხარჯვას არ ერიდებოდა, გადააღებინა უსახური ფილმი ომის შესახებ, არ იშურებდა არაფერს , ოღონდ ხალხს ტერიტორიების დაკარგვა დავიწყებოდა. კარგად გვახსოვს მისი ცინიკური განცხადება – სულ რამდენიმე სოფელი დავკარგეთო. ამის მთქმელი პრეზიდენტი ნამდვილად არ გადადგებოდა! ჰოდა აგრძელებს სააკაშვილი დაკარგული ტერიტორიების, ნახევარი მილიონი ლტოლვილის და ზურგ შექცეული საზოგადოების ხარჯზე ცხოვრებას და საზრდოობას.
მინდა შევეხო “ნაციონალური მოძრაობის” თითქოსდა ოპოზიციონერობას. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ , არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ნამდვილად უმცირესობაა, მაგრამ ის, რომ ისინი ქვეყანაში კლასიკური გაგებით ოპოზიციას წარმოადგენენ – არის სისულელე. ამ პარტიის ლიდერი პარალელურად ქვეყნის პრეზიდენტის ფუნქციას ითავსებს, “ნაციონალური მოძრაობის’’ ხელშია სასამართლო ხელისუფლება, ეროვნული ბანკი, პარტია აკონტროლებს კერძო ბანკებს. დედაქალაქში, რომელშიც კონცენტრირებულია საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ქალაქის მერი ნაციონალია, ეს ძალა აკონტროლებს მერიის უკლებლივ ყველა სამსახურს, ხელმძღვანელობს დედაქალაქის საკრებულოს. თბილისის რაიონების გამგებლებს და მათ სამსახურებს ასევე “ნაციონალები” აკონტროლებენ. მთავრობის რიგ სამინისტროში მინისტრის მოადგილეები და მათ დაქვემდებარებულ უწყებებში 80% ნაციონალების მმართველობის დროს მიღებული კადრებია. რეგიონებში გუბერნატორები, ბევრი გამგებელი და საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობა, ასევე ნაციონალები არიან. მათ მფლობელობაშია და კონტროლს ექვემდებარება ძირითადი სამაუწყებლო ტელეარხები - “რუსთავი 2 “ და საზოგადოებრივი მაუწყებელი...
როგორ შეიძლება ეს ძალა წარმოადგენდეს ოპოზიციას?! ისევ აღვნიშნავ, რომ “ნაციონალები” მხოლოდ ქვეყნის პარლამენტში წარმოადგენენ უმცირესობას. აქედან გამოსავალი და ამის წამალი მხოლოდ ერთია - ქვეყანაშში უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობების რიგგარეშე არჩევნები, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა - თბილისში. ამ პარტიის მომხრეებს კი შევახსენებ - დემოკრატიული საზოგადოების ერთერთი ძირითადი ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივი აზრის და დამდგარი ახალი რეალობის გათვალისწინებით, ნორმალურ ქვეყნებში ტარდება რიგგარეშე არჩევნები. დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტური არსი სწორედ რიგგარეშე არჩევნებშია.
რატომღაც ჩვენ ძალიან ადვილად და ინერტულად შევურიგდით “ნაციონალური პარტიის” ოპოზიციონერობის განმარტებას. ამის გამო დავინტერესდი სხვა ქვეყნების მაგალითებით. აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნები თავიდანვე გამოვრიცხე. გავეცანი ბევრი ქვეყნის მაგალითს და შეგვიძლია „ვიამაყოთ” - მსგავსი მძიმე პოლიტიკური გარემო არ დაფიქსირებულა არსად! რასაკვირველია, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი და პარლამენტის უმრავლესობა სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ, ან პრემიერ მინისტრი, ვთქვათ, ოპოზიციაშია ან მერი კრიჭაში უდგას პრეზიდენტს, მაგრამ ისეთი მაშტაბური ძალაუფლება, როგორიც დღეს პრეზიდენტს და მის პარტიას გააჩნია, არ არის არსად! ასეთი ფსევდო ოპოზიციონერობით “ნაციონალური მოძრაობა” მშვენივრად ახერხებს “იცხოვროს და ისაზრდოოს” ჩვენ ხარჯზე. ბევრი ამბობს: „იყვნენ, “ისაზრდოონ”... მათ ხომ არაფერი შეუძლიათ!“ ჩემი აზრით, ეს შეფასება მცდარი და ნაჩქარევია. უკვე აშკარაა, რომ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები შინ და გარეთ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას. საკმარისი იქნება გავიხსენოთ სააკაშვილის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად სახიფათოა მისი ყოველი დღე სახელმწიფოს ყველაზე მაღალ პოსტზე.
პარლამენტის მიერ 2013 წლის ბიუჯეტის მიღებისთანავე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ბიუჯეტით დაჩაგრეს აჭარლები, რომ ეს არის მასთან ანგარიშსწორება, მისი გულისთვის სჯიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და მის მოსახლეობას. ეს არ შეიძლება იყოს პრეზიდენტის განცხადება! ასეთი ტიპის განცხადებებს ქვეყნის მტრები აკეთებენ! თუნდაც ეს ერთი განცხადება შეიძლება გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ საზოგადოებას მისი იზოლაციის კანონიერი მოთხოვნა დაეყენებინა.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილი გამოვარდეს და თქვას, რომ მას სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასაც უჩაგრავენ... შემდეგ, მოეჩვენოს, რომ დაუჩაგრეს ქვემო ქართლი.
მეტი სიფრთხილე გვმართებს! უგუნური პოლიტიკოსების გამო სამოქალაქო დაპირისპირების ქარტეხილები ბევრჯერ გავიარეთ. დიდ სირცხვილად მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა დღეს ისევ აჯობოს საზოგადოებასდა თავის თამაშში ჩაგვითრიოს. სამწუხაროდ, ვრწმუნდები იმაშიც, რომ სააკაშვილი მოვლენების მიმართ აღარ არის ადექვატური. ამიტომ არის რეალური საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფოს საზიანოდ სერიოზულ დანაშაულზეც წავიდეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა იმფორმაცია, რომ შეიძლება სამეგრელოში გადავიდეს, ზუგდიდის პრეზიდენტის რეზიდენციაში სამართავად და იქედან დაგვმოძღვროს. მისგან არც ეს არის გამორიცხული.
ბოლო დროს “ნაციონალყრმა მოძრაობამ” სერიოზული ფრონტი გაშალა ქვეყანაში თითქოს საბიუჯეტო კრიზისის არსებობის გამო. ოდნავ კომპეტენტური ადამიანი მაშინვე ხვდება, რომ აქ კრიზისზე არ არის საუბარი, ეს არის გამიზნული თემა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც 2013 წელს ფიქრობენ საქართველოში კაპიტალის დაბანდებას. ცხადია, რომ ნაციონალებს აქვთ გეგმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარალიზებისათვის. ისინი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებენ ბიუჯეტის ჩიხში შესყვანად; “ოცნებობენ” საბიუჯეტო ქაოსზე; სურთ, რომ დაფიქსირდეს პირველი არგაცემული ან დაგვიანებული პენსიები და ხელფასები...
აი, მაშინ აპირებენ სერიოზულად კუდის მოქნევას. დაიწყებენ იმის დასაბუთებას, თუ როგორი კარგები იყვნენ ისინი და როგორი სუსტია ახალი ხელისუფლება. სამწუხაროდ ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში მოსახლეობის ნაწილი “პარაზიტებს” დაუჯერებს (ასე იყო ყოველთვის). სხვათა შორის, ურიგო არ იქნებოდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს “საბიუჯეტო კრიზისთან” დაკავშირებით მეტი აქტიურობა გამოეჩინა და მოსახლეობისათვის მკვეთრი, დასაბუთებული განმარტებები მიეცა. გამოვიდა ისე, რომ მთავრობის პოზიციის დაცვა და ახსნა იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არსებობს, დამოუკიდებელ ექსპერტს პროფესორ ლადო პაპავას მოუხდა.
დაუშვებლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ დეპუტატებს საგამოძიებო უწყებებში მოწმის სტატუსით იბარებენ, ისინი კი არ ცხადდებიან, იგნორირებას უკეთებენ კანონს. ან, პროკურორი დაკავებულს წაუყენებს ბრალს, ნაციონალი მოსამართლე კი ბრალდებულს ათავისუფლებს. როგორც დავაკვირდი, ნაციონალები ამით უკვე თავსაც იწონებენ, სასამართლოდან “გმირებად” გამოდიან. არავინ თქვას, რომ ასეთი ფაქტები მოსახლეობაში გარკვეულ იმედგაცრუებას არ იწვევს. ხომ არ ჯობია, გარკვეული პერიოდით, საერთოდ შეჩერდეს დაკავებები, სანამ არ ჩატარდება სასამართლო რეფორამა.
რაც უფრო მეტ შეცდომას და პასიურობას გამოიჩენს მთავრობაც და საზოგადოებაც, მით უფრო შეუწყობს ხელს სააკაშვილს და ნაციონალებს პარაზიტულ “ცხოვრებასა და საზრდოობაში”.
ვფიქრობ, სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე მთავრობა ძალიან პასიურია. პრემირ მინისტრმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტის დროს თქვა, რომ სომხეთს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ნატო-ში შემავალ ქვეყნებთან და ასევე კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რაც მან დადებითად შეაფასა. გაუგებარი არაფერია. სააკაშვილმა ამას სხვა ფორმა მისცა და განაცხადა, რომ ორი გზა არ არსებობს – ნატო-სთანაც კარგი ურთიერთობა გქონდეს და რუსეთთანაც, ეს გამორიცხულიაო. რატომ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩუმად და რატომ არ აძლევს კვალიფიცირებულ პასუხს სააკაშვილის აბდაუბდას?
მათ ვისაც არ ახსოვთ შევახსენებ – საფრანგეთის პრეზიდენტმა, სარკოზიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს თავისუფლების მოედანზე მრავალმილიონიან (ტრანსლირება ხდებოდა პირდაპირ ეთერში) აუდიტორიას მიმართა. თავის სიტყვაში მინიმუმ ორჯერ მოუწოდა სააკაშვილს და ხელისუფლებას, მიუხედავად ურთულესი ურთიერთობებისა, გამონახონ საერთო ენა რუსეთის ხელისუფლებასთან და აღადგინონ ნორმალური ურთიერთობები. განსაკუთრებულად დადებითად შეაფასა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა.
ნატოს წევრი ქვენის ლიდერმა ერთმნიშვნელოვნად მოგვიწოდა რუსეთთან ურთიერთობებისკენ და ამავე დროს ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. სხვათა შორის, სარკოზიმ მაგალითად საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობებიც მოიყვანა. გაიხსენა, როგორი მძიმე ურთიერთობები ჰქონდათ საფრანგეთს და გერმანიას ოკუპაციის გამო. „მაგრამ ჩვენ დავძლიეთ თითქოსდა დაუძლეველი მტრობა და დღეს საფრანგეთი და გერმანია ყველაზე წარმატებული ქვეყნები და პარტნიორები არიან ევროპაში“ – ამბობდა ნ.სარკოზი. აღსანიშნავია, რომ ორივე ნატო-ს წევრი ქვეყანაა, რომლებსაც საუკეთესო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ რუსეთთან.
ჩემი პოლიტიკური და დიპლომატური გამოცდილებიდანაც კარგად მახსოვს, რომ არ ყოფილა არც ერთი მაღალი სტუმარი თუ დელეგაცია, რომელიც არ მოუწოდებდა საქართველოს, ჰქონოდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენი უზარმაზარი პრობლემა ყოველთვის იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი, რომელიც სააკაშვილის “დიდი პოლიტიკოსობის” წყალობით საოცრად დამძიმდა.
ვხედავთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა და მიზანი რუსეთთან კავშირების აღდგენისა, რასაკვირველია, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების გარდა. (სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი სუბიექტის დამოუკიდებელ ერთეულად აღიარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულფასოვნად აღვადგინოთ ურთიერთობები).
რუსეთთან შერიგების და ურთიერთობის აღდგენის გზაზე ახალი მთავრობა უამრავ არასამართლიან და დემაგოგიურ განცხადებებს მოისმენს “პარაზიტების” მხრიდან, მაგრამ მინდა მას გოეთეს ნათქვამი შევახსენო : “თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ”.
“ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგებს სერიოზული საინფორმაციო ფრონტი აქვთ გაშლილი პრემიერ ივანიშვილის მთავრობის საწინააღმდეგოდ. თუ დააკვირდებით, მათ უნდათ, რომ ერთ დიდ ფეისბუქად გადააქციონ ჩვენი საზოგადოება. თითქმის ყოველ დღე შემოაგდებენ ახალ-ახალ თემებს, ინიციატივებს, რომლებზეც განუწყვეტლივ მიდის განხილვა, ხშირ შემთხვევაში უაზრო კამათი და დროს ხარჯვა. რასაკვირველია არის უმნიშვნელოვანესი თემები, რომელშიც მთავრობის უწყებები უნდა იყვნენ ჩართულნი და იძლეოდნენ მკაფიოდ კვალიფიცირებულ განმარტებებს, მაგრამ სხვა დემაგოგურ “შემოგდებულ” თემებზე დრო უნდა დაიზოგოს, რადგან დრო ყოველთვის ცოტაა, ხოლო გასაკეთებელი იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია.
P.S. ერთერთი აქტუალური თემა, რომელზეც საზოგადოების ყველა ფენაში საუბრობენ, არის საკადრო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები. იმას, რომ საკადრო საკითხებში გარკვეული პრობლემები არსებობს, ნაწილობრივ მეც ვიზიარებ. ვფიქრობ, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სერიოზული კადრების – არმაზ ახვლედიანის, სალომე ზურაბიშვილის, ლადო პაპავას... კვალიფიციური რესურსი არ იყოს გამოყენებული სახელმწიფოს სამსახურში? შეიძლება ვინმემ შეიტანოს ეჭვი ჩემ ტენდენციურობაში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მათ შორის არც ერთი არ არის ჩემი ნათესავი ან მეგობარი, არც არასოდეს მიმუშავია მათთან ერთად. უბრალოდ საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს მათ საქმიანობას, ნაშრომებს და ცხოვრების წესს.