„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა და უმრავლესობამ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე კანონპროექტის შესახებ მათ გარეშე იმსჯელა. ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტიცა და მისი გუნდიც ამ ცვლილებების წინააღმდეგია, აქედან გამომდინარე ამ თემაზე დაგეგმილი დებატები დამატებით შესაძლებლობას გააჩენს, საზოგადოებისთვის უკეთ გახდეს გასაგები უმცირესობის არგუმენტები და პოზიცია. მეორე მხრივ, კარგი მოთელვა იქნება საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც, რომ გარკვეული წარმოდგენა შეექმნას, რა შანსი ექნება ხმათა საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად.
აქვე გავიხსენოთ ის მიმართვაც, რომელიც უმრავლესობამ გაავრცელა და ასე იწყება: საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა უმცირესობის წარმომადგენლებს საჯარო - საპარლამენტო და სატელევიზიო - დებატებში იწვევს თემაზე „სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა თუ ხალხის მმართველობა... ვინც თავს აარიდებს შემოთავაზებული ცვლილებებისათვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ... უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. უმრავლესობის წარმომადგენელთა შეფასებით, ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული დეპუტატი - ხალხს თუ დიქტატორს, ანუ პრეზიდენტს“, - ვკითხულობთ მიმართვაში.
რას ნიშნავს უმრავლესობის მხრიდან საკითხის ასე დასმა - მიშა თუ საქართველო? საზოგადოებაში ამ თემაზე მსჯელობა დიდი ხანია, მიმდინარეობს. ხელისუფლებაც და საზოგადოებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტს ქვეყანაში კრიზისის გამოწვევა შეუძლია და ამის შესაძლებლობას მას მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი აძლევს.
კონსტიტუციის არსებული ვარიანტით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა 6 თვის განმავლობაში არ შეუძლია, მაგრამ, სამაგიეროდ, მას მომავალი ერთი თვის მანძილზე, ანუ სანამ ახლად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება შევა ძალაში, შეუძლია დაითხოვოს მთავრობა.
საკონსტიტუციო რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტი ახალ მთავრობას სამჯერ ზედიზედ არ დაამტკიცებს, პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს, მაგრამ დანიშნავს ახალ, საკუთარ მთავრობას.
შესაძლებელია პარლამენტმა შექმნას პირობები ვადამდელი არჩევნებისთვის, მაგრამ ამ არჩევნებს ჩაატარებს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და გასული რამდენიმე არჩევნები არის დასტური, რომ ერთადერთი შანსი ნაციონალებისთვის გაყალბებული არჩევნებია. სააკაშვილის მიერ შეკრებილ მთავრობას, რომლის ხელშიც მთელი ადმინისტრაციული რესურსები გადავა, შეუძლია ის შედეგი დადოს, რაც მოესურვება. თუმცა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ამ თემაზე საუბრისას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სააკშვილს საერთოდ არ სჭირდება არჩევნები - მას სჭირდება სამთავრობო ბერკეტები.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სატელევიზიო ეთერით არაერთხელ განმარტა, რომ ამ კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირებით, ბიძინა ივანიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე მოახდინა პრევენცია იმისა, რომ სააკაშვილმა ამ კონსტიტუციური უფლებით ვეღარ ისარგებლოს.
„მთავარი არის არა ის, კონსტიტუციაში ესა თუ ის ნორმა წერია თუ არა, არამედ ამ ნორმას მისი აღსრულების სათანადო გარემო სჭირდება. მიხეილ სააკაშვილს გეგმები ჩაეშალა, როდესაც ჩვენ ამ კონკრეტული ინიციატივით, ერთის მხრივ, მსოფლიოს ვამცნეთ, რა წერია კონსტიტუციაში, რა სახიფათო იარაღი უჭირავს მას ხელში და მეორე მხრივ, რას ემსახურება მისი პიარ-კამპანია, რომ ქვეყანა დაიქცა, რომ ეს ემსახურებოდა იმას, რათა მთავრობის დათხოვნისთვის ნიადაგი მოემზადებინა. ჩვენ ეს გეგმა გავშიფრეთ. ასე რომ, ეს არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ამ ცვლილებებით არ მივცემთ მას პოლიტიკურ საშუალებას, ეს ნორმა გამოიყენოს და სამართლებრივ საშუალებას ეს ცდუნება ჰქონდეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ახალი რედაქციით 6-თვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული, პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია დაითხოვოს მთავრობაცა და პარლამენტიც, მაგრამ თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ასეთ შემთხვევაში მას ახალი მთავრობის შეკრების უფლება არ აქვს და ახალი პარლამენტის არჩევამდე ძველი მთავრობა რჩება მოვალეობის შემსრულებლად. ანუ, მას აქვს არჩევნების ჩატარების უფლება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტს მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის უფლებას აძლევს, მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის საფრთხის არსებობამდე იმოქმედებს.
„ჩვენ პრეზიდენტს ვეუბნებით: სურს არჩევნების დანიშვნა? დანიშნოს და ხალხმა აირჩიოს, ვინ სურს ხელისუფლებაში. ამ ცვლილებებით ჩვენ მას უფლებებს არ ვუზღუდავთ. პრეზიდენტი ფართო უფლებებით არის აღჭურვილი. რაც არ უნდა რთული იყოს კოჰაბიტაციის პროცესი, ჩვენ მას თავს არ ვესხმით და არ ვართ დესტრუქციულები. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები, თუკი ის ძალაში შევიდა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იმოქმედებს, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე არსებობს“, - აცხადებს კობახიძე.
და მაინც, არსებობს თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე, აქამდე თუ ეს მოლოდინი მხოლოდ თეორიის დონეზე არსებობდა და ძირითადად იმას ემყარებოდა, ვინ რას მოელოდა სააკაშვილისგან. შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად ყოფილმა პრემიერმა და ნაცმოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა.
თავის გამოსვლაში ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობს ამ გეგმაზე და მკითხველს შევახსენებთ ამ გეგმის ძირითად მომენტებს.
„პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ჩვენ, პირდაპირ ვიძახი, 4 წელიწადს ვერ ვაცლით“, - მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, თუმცა გულისხმობს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, მათ შორის ქუჩის აქციების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და გადაბირების გზით ამ ხელისუფლების დასუსტებას. მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელი არ არის.
„ეს არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების ჩატარდეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. ხელისუფლებაში მოსვლის სხვადასხვა ფორმები არსებობს - რეალურად საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. მისი ინსტიტუტების დასუსტება - სახელმწიფოს იმ ინსტიტუტების, რომელიც რეპრესიულია, გადაბირება ადამიანების“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილმა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინ არსებული პოლიტიკური რეალობა მოიყვანა მაგალითად, როცა, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ნაწილობრივ“ იყო ხელისუფლებაში. იმ პერიოდის მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჟამადაც არის წარმოდგენილი ხელისუფლებაში.
„იქ ვაკონტროლებდით მერიას, ინიციატივა გვქონდა ქუჩაში, გახსოვთ ხომ? ანუ, ჩვენ რაღაც ფორმით უკვე უნდა დავიწყოთ ხელისუფლების ეტაპობრივად დაბრუნება და ინიციატივის ხელში აღება... ანუ, ჩვენი პირველი ამოცანა რა არის, რომ ჩვენ ინიციატივა ავიღოთ იგივე მიტინგებზე, პიკეტებზე და ა.შ. მერე შემდეგი ეტაპი იქნება უკვე აქტიური მონაწილეობა სხვა პროცესებში ან პარალელურად... ამიტომ, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება და არ მივცეთ მას საშუალება ან დავბლოკოთ მისი დესტრუქციული ქმედებები ან დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით, ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომელიც ჩვენ გვექნება“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი ძალაუფლება მაინც აღარ ექნება, რამდენიც 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა, რადგან, მისი თქმით, საქართველო შეიცვალა და „მთავარი ბრძოლა“ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეა მოსალოდნელი.
მოკლედ, ნაციონალები ხშირად იმეორებენ, რომ სააკშვილი არ აპირებს უფლებებით ისარგებლოს, მაგრამ ვანო მერაბიშვილი თავადვე ადასტურებს, რომ ამ მთავრობას 4 წელიწადს ვერ დაელოდებიან. თუმცა, ეს რეალური გეგმაა თუ პოლიტიკური ვაჭრობისთვის ნიადაგის შემზადება, ძნელი სათქმელია. მაგრამ ფაქტია, რომ ამ თემის ირგვლივ ნაციონალებმა პოლიტიკური ვაჭრობა უკვე დაიწყეს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მზად არიან უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე იმსჯელონ, ოღონდ სხვა ცვლილებებთან ერთად. ბაქრაძე ამ კონტექსტში ორ საკითხს გამოყოფს: საქართველოს ევროპული ორიენტაციის კონსტიტუციით გამყარებას და საკონსტიტუციო კვორუმის ¾-ით განსაზღვრას, მაგრამ სავარაუდოდ, უმრავლესობა როგორც ამბობს, ამ გარიგებაზე არ წავა.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სხვა ბერკეტიც ამოქმედდა, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტი „კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ არა თუ ამცირებს პოლიტიკური კრიზისის წარმოშობის რისკებს, არამედ პირიქით: ცვლილებების წარმოდგენილი რედაქციით მიღება მოშლის კონსტიტუციაში არსებული პოლიტიკური კრიზისის აცილების დღეს არსებულ ფორმულასაც, რასაც შეუძლია პროცესები სამართლებრივ ჩიხში შეიყვანოს, მათ შორის, სახელმწიფო ერთდროულად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე დატოვოს.
ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ რომელსაც ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტს ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები უკვე გაუგზავნა.
შენიშვნებში ნათქვამია, რომ „ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტს კვლავ ექნება უფლება, უპირობოდ გადააყენოს მთავრობა. ამავდროულად, ის არ იქნება ვალდებული, მოვალეობათა შესრულება დააკისროს გადაყენებულ მთავრობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანთან: „ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე მთავრობის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს გადაყენებული მთავრობა.“
პრეზიდენტი, მთავრობის გადაყენების შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს პარლამენტის ნდობას, ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი ვალდებული ხდება 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მათ შორის, საკუთარი უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვეშიც“,-ნათქვამია გიორგი ტუღუშის შენიშვნებში.
გარდა ამისა, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ მნიშვნელოვნად მიაჩნია, საქართველოს პარლამენტმა მხედველობაში მიიღოს მოქმედი ნორმის ბუნდოვანება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხსენებული ნორმით ხდება უფლებამოსილების ბოლო 6 თვის ვადის გამოთვლა.
„წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პრემიერ მინისტრი და მთავრობა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას ვერ შეძლებენ პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების გარეშე, ხოლო პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას. შესაბამისად, წარმოიქმნება სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტს ცვლილებების შედეგად დაკისრებული ვალდებულების გამო უკვე დათხოვნილი ჰყავს საკანონმდებლო ორგანო და, ამავდროულად, ის ვერ ახერხებს მთავრობის დაკომპლექტებას ახალი პარლამენტის არჩევამდე“, - ნათქვამია შენიშვნებში.
ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასკვნა მხოლოდ უმრავლესობასა და საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანის მცდელობაა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი დრო აქვს იმისათვის, რომ მსგავსი ნიუანსები გაითვალისწინოს.
ამის გარდა, უკვე არსებობს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოკლევადიანი საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიო საქართველოში ვიზიტს აჯამებს და ხელისუფლებას და ოპოზიციას კვლავ მოუწოდებს კოჰაბიტაციისაკენ.
„რაც შეეხება მოკლევადიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, ბუკიკიომ განაცხადა რომ მათი გატარება 2013 წლის ოქტომბრამდე უკიდურესად აუცილებელია, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს ხელისუფლებისა და პარლამენტის სტაბილურობა. ეს ცვლილებები შეზღუდავს პრეზიდენტის ამჟამინდელ უფლებას დანიშნოს მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე, რაც გაკრიტიკებული იყო 2004 წელს ვენეციის კომისიის მიერ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ვენეციის კომისია თვლის, რომ რეფორმების ნაჩქარევად გატარება სახიფათოა და მხარეებს ფართო კონსენსუსისაკენ მოუწოდებს განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება აუცილებელია პრეზიდენტის ძალაუფლების დასაბალანსებლად, რაც 2004 წლის შემდეგ დარღვეული იყო. ცვლილებები ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეთანხმებით უნდა ჩამოყალიბდეს რათა ეს იყოს ქართველი ხალხის გამაერთიანებელი კანონი“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.