ენერგეტიკის საიდუმლოებებს გაცხადება არ უწერია?!

ენერგეტიკის საიდუმლოებებს გაცხადება არ უწერია?!

ენერგეტიკაში ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გასაიდუმლოება კვლავ გრძელდება. წლების განმავლობაში საზოგადოება ენგურჰესის მემორანდუმის გასაჯაროებას ითხოვდა, ახლა კი სხვა მოთხოვნა გაჩნდა.

საზოგადოებას აინტერესებს რატომ დაედო გრიფი „საიდუმლო“ ენერგოკომპანიებს და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას?

არსებობს ეჭვი, რომ რომ ტარიფის დაწევის სანაცვლოდ კომპანიებმა მიიღეს სხვადასხვა დაპირებები და შეთავაზებები სახელმწიფოსაგან. მაგალითად, რუსულ „ინტერ-რაოსთან“ მიმართებაში ისმის კითხვა - დენის გაიაფების სანაცვლოდ ხომ არ გადაეცა ენგურჰესი ხანგრძილივი პერიოდით სამართავად? ან „ენერგოპროჯორჯია’’-ს ხომ არ მოეხსნა ვალდებულებები ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და ინდივიდუალური გამრიცხველიანების ვადამ რამდენიმე წლით გადაიწია?

სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიებს ხომ არ გაუუქმდათ ვალდებულება, 24-საათიან ენერგომომარაგებაზე?

ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობამ, მარეგულირებელ კომისიას მიმართა წერილით თუ რა კონკრეტული პირობები იყო დადებული სახელმწიფოსა და ენერგო კომპანიებს შორის, მაგრამ მათ შემდეგი პასუხი მიიღეს:

„საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, სს „საპარტნიორო ფონდს“ და სს „ინტერ რაო ესს“, სს „თელასს“, შპს „მტკვარი ენერგეტიკას“, სს „ხრამჰესი-1“ და სს „ხრამჰესი-2“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი შეიცავს დათქმას აღნიშნული დოკუმენტის კონფიდენციალურად ცნობის თაობაზე“.

როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებას ძველის მსგავსად ენეგეტიკაში ბევრი რამ აქვს დასამალი.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარე, ენგურჰესის ელექტროსადგური მოინახულა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რეალურად როგორ იმართება დღეს „ენგურჰესი“.

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოსთან” გააფორმა მემორანდუმი - „ენგურჰესის” ერთობლივი მართვის შესახებ, რამაც იმთავითვე დიდი დაპირისპირება გმოიწვია ხელისფლებასა და საზოგადოებას შორის. მთავრობამ მემორანდუმის ტექსტი სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების საბაბით გაასაიდუმლოვა. ეს ნაბიჯი ოპოზოციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაზეთი „რეზონანსი” წლების მანძილზე დაობდნენ მემორანდუმის განსაჯაროებისთვის, თუმცა სასამართლომ არცერთი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნიშანდობლივია, რომ მემორანდუმის ტექსტი საიდუმლოდ დარჩა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც.

„ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა კახი კალაძემ გაარცელა განცხადება, რომ „ინტერ რაოსთან 2008 წელს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში არ შესულა. შესაბამისად, გაუქმებული მემორანდუმის დეტალების შესახებ საუბარი დღეს ინტერესს მოკლებულია და ეს ფაქტი საზოგადოებაში მხოლოდ დამატებით უსაფუძვლო კითხვებს გააჩენს“.

საჯარო რეესტრის მიხედვით, დღეს „ენგურჰესს” 100 პროცენტით სახელმწიფო შპს „ენგურჰესი” მართავს. თავის მხრივ, შპს „ენგურჰესის” საწესდებო კაპიტალში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტიანი წილი,  პრეზიდენტ სააკაშვილის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, მისი არსებობის ვადით, მართვის უფლებით ენერგეტიკის სამინისტროსთვის არის გადაცემული.