დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ჰომინიდების - ზეზვასა და მზიას აღმოჩენის შემდეგ დაწინაურებულ დავით ლორთქიფანიძეს მომჩივანები გამოუჩნდნენ. კერძოდ, დავით ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში მყოფი ხუთი მუზეუმის ექსპონატთა მდგომარეობის შემოწმებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ დარბაზის წევრები ითხოვენ.
მათი თქმით, სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის, სახელმწიფო მუზეუმის, ქარვასლის, მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალისა და ეთნოგრაფული მუზეუმების დაქვემდებარებაში მყოფი ექსპონანტების გასხვისების ფაქტები არსებობს. ამდენად, მუზეუმებში არსებულ ექსპონატთა მდგომარეობისა და მათი იდენტობის მიზნით საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს, რათა ოპერატიულად გამოძიებულ იქნას ყოფილი ხელისუფლების მიერ, როგორც მუზეუმებში არსებულ ექსპონატთა მდგომარეობის, მათი იდენტურობის, სიძველისა და თავდაპირველი რაოდენობის საკითხი, ისე მუსიკალურ სასწავლებლებში არსებული ვითარება.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია კი უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეების, მუსიკოსების, ისტორიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა შესაძლოა, საქართველოსთვის საბოლოოდ დაიკარგოს და უცხო ქვეყნების მუზეუმებსა და კოლექციებში აღმოჩნდეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ თავმჯდომარის თანაშემწე ბაია ამაშუკელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას, როგორც ხელოვნების ექსპერტ-ისტორიკოსს და ქართველს, აინტერესებს, სად მიდის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ამდენად, პირველ ეტაპზე, ჯერ ხუთი მუზეუმის საქმის გამოძიებას მოითხოვს, თუმცა მოგვიანებით, შესაძლოა, გაფართოვდეს არეალი.
ბაია ამაშუკელის თქმით, ზემოთჩამოთვლილი მუზეუმების შესახებ უკვე რამდენიმე წელია, არსებობს ფაქტებიც, კითხვებიც და ჭორ-მართალიც. ამიტომ სიმართლე უნდა დადგინდეს.
„ამ მუზეუმებში არსებული თუ მუზეუმებიდან გატანილი ექსპონატების შესახებ ძალიან ცუდი ფაქტები ვრცელდება. საგანგაშო ინფორმაცია ხელოვნებათმცოდნეებისგან, მუზეუმის თანამშრომლებისგან მაქვს, რომლებსაც ჯერ კიდევ ერიდებათ და თავს იკავებენ ყველაფრის თქმისგან. ადრე ყველა მუზეუმს ჰქონდა კატალოგის კერძო ნუსხა და ერთგვარად, თვითმმართველობის პრინციპი ხორციელდებოდა. თუმცა მოგვიანებით ყველაფერი დაუქვემდებარეს ერთ კაცს, დავით ლორთქიფანიძეს, რომელზედაც არსებობს კულუარული ინფორმაციები, რომ თავის დროზე მან ჩამოიყვანა ოქროს დნობის ტექნოლოგიის ბერძენი რესტავრატორები. ეს ტექნოლოგია მოიცავს ისეთ ტექნიკას, რომ სერიოზული ანალიზის გარეშე არ დგინდება ექსპონატის იდენტურობა. ჩვენ ვიცით, სახელმწიფო მუზეუმიდან თავის დროზე წაიღეს ექსპონატები. მოგეხსენებათ, სიწმინდეების შესახებ რა ამბავი იყო მაშინ ატეხილი, დაბრუნდა თუ არა ეს ექსპონატები, ესეც უცნობია. ნაციონალების ზეწოლით ასეთ საკითხებს ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს,“ - აცხადებს ბაია ამაშუკელი.
ხელოვნების ექსპერტი აცხადებს, რომ პროფესორმა ალეკო ცინცაძემ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში არსებულ კუს ყელსაბამში, რომელიც ძვ. წ. აღ-ის მე-5 საუკუნით თარიღება, კუს ექსპონატის ელემენტების ნაკლებობას მიაკვლია.
ბაია ამაშუკელის განმარტებით, აღნიშნული ექსპონატი არის დავით ლორთქიფანიძის მამის, მისი ლექტორის, ოთარ ლორთქიფანიძის გათხრების შედეგად მოპოვებული. მას შემდეგ, რაც ამ ყელსაბამში ექსპონატთა ელემენტების ნაკლებობა დაფიქსირდა, მუზეუმის თანამშრომლების პირველი პასუხი იყო, რომ ამდენივე ელემენტი იყო თავიდანვეო.
„ბოლოს მიუტანა ამ ადამიანმა წიგნი, სადაც ხატია, რომ 94 ცალი კუს ელემენტი იყო და მათ საიტზეც დაიდო, თურმე ალეკო ცინცაძემ აღმოაჩინა დანაკლისიო. რას მიკეთებენ ამ დროს მუზეუმის დირექტორი და თანამშრომლები? დაიჭყლიტაო, რატომ უთხრეს თავიდან?“ - კითხულობს ბაია ამაშუკელი.
მისივე თქმით, იგივე მოხდა ზარზმის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების გატანასთან დაკავშირებითაც, როცა ერთი ამბავი იყო ამტყდარი, რადგან რაბათის ციხეში უნდოდათ მათი წაბრძანება. გარდა ამისა, ბაია ამაშუკელმა თვითონ სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ იქ კატალოგის გადანომვრა, ჩარჩოების გამოცვლა და ასლების გაკეთება მიმდინარეობდა. საუბარია ასეულობით ექსპონატზე.
ამას ემატება ისიც, რომ ჯანაშიას მუზეუმში არსებობდა საცავი, სადაც ინახებოდა შაჰის ალაფი. ყველა ხელოვნებათმცოდნემ იცოდა, რომ ეს ალაფი მუზეუმში არსებობდა, მაგრამ, რადგან იყო ალაფი, არ გამოდიოდა საექსპოზიციოდ. თუმცა ახლა ირკვევა, რომ ხალიჩები, ნუმიზმატური მონეტები და ძველი კოლხეთის დროინდელი ნივთები აღარ არის და წაღებულია. ამდენად, ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. გარდა ამისა, ამ მუზეუმებში ფინანსური დარღვევებიც გამოვლინდება.
„თვით ის ფაქტი, რომ თვითნებურად მოჰკიდეს ხელი და სააკაშვილის რეზიდენციაში წაიღეს ექსპონატი, ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ერთი ფაქტი რომ მოხდა, ამას სხვა ფაქტებიც მოჰყვებოდა. ამიტომ დროულად უნდა გაირკვეს ყველაფერი, სანამ ფაქტის წინაშე დავდგებით. როგორც ვიცი, კულტურის წინა სამინისტრომ ისეთი კანონი მიიღო, რომც აღმოვაჩინოთ ჩვენი ცალკეული ექსპონატი რომელიმე მუზეუმში, ოფიციალურად მას ვერ გამოვითხოვთ. რამდენიმე წლის წინ განგაში რომ ავტეხე, მომაკითხეს საპატრიარქოსთან არსებული სიწმინდეების მოძიების სააგენტოდან და მითხრეს, ჩვენ ვიყავით სამინისტროში, მოვითხოვეთ ამ სიწმინდეების ხელშეკრულება, თუ როდის წავიდა ისინი და როდის დაბრუნდება, მაგრამ ხელშეკრულებაში ზოგადად წერია, რომ დაბრუნდება მაისში. თუმცა, რომელი წლის მაისში, ეს არ წერიაო. არც ის წერია, თუ რა სიწმინდეებია გატანილი“.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბაია ამაშუკელი მუზეუმების შემოწმებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ, თუ ჩვენი ექსპონატების გატანა მაინცდამაინც აუცილებელი იყო, მაშინ ქართველი ხელოსნების მიერ მულაჟები უნდა დამზადებულიყო, ხელოსანიც გასამრჯელოს მიიღებდა, ექსპონატიც არ გავიდოდა ქვეყნიდან და ტურისტიც აქ ჩამოვიდოდა. ამასთან, მას აეჭვებს ისიც, თუ რატომ კეთდებოდა ეს ყველაფერი საპატრიარქოსა და საზოგადოების გვერდის ავლით.
გარდა ამისა, ბაია ამაშუკელი ე.წ. „შავ არქეოლოგიაზეც“ საუბრობს. მისი თქმით, უცნობია, რომელი უცხოური კომპანიები აწარმოებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს და გათხრების შედეგად როგორია ჩვ.წ.აღრიცხვამდე მოპოვებული არტეფაქტების ბედი.
„არტეფაქტების გაუჩინარებაც საეჭვოა, რადგან მთელი ჩვენი ტერიტორია სიძველეებითაა მოფენილი. სადაც არ უნდა გათხარო, რაღაცას აღმოაჩენ. ლამის ფარაონების წინაპრები გამოვდივართ კავკასიელები. ამიტომ საინტერესოა, სად მიდის ეს ნიმუშები?!“ - ინტერესდება ბაია ამაშუკელი.
მისი თქმით, ყველა მუზეუმში ასეთივე მდგომარეობაა, გაძარცვეს და გაანიავეს ყველაფერი. თავის დროზე ტროცკიმ აიღო ეს თავის თავზე და 11 ურემი თვალმარგალიტი გაიტაცა. ასე მოხდა საქართველოშიც. კერძოდ, სვანეთში რომ ატყდა ერთი ამბავი, ბაია ამაშუკეკელს ინტერნეტში უნახავს, უცხოელი წერდა, რომ იყიდებოდა სვანური ხატები, ექსპონატები. გაჭირვების გამო მოსახლეობა ყიდდა ამ ყველაფერს.
„პირადად გადავცემ ამ ინფორმაციებს კულტურის მინისტრს. კულტურის ჯგუფის წევრები რომ ვიყავით მასთან შეხვედრაზე, მე მას ვუთხარი, რომ ამას ვგეგმავით. კულტურის მინისტრი საქმის კურსშია და ამას თვითონ უნდა მიხედონ“, - აცხადებს ბაია ამაშუკელი.
For.ge დაინტერესდა, რა რეაგირება მოჰყვა კულტურის სამინისტროში ბაია ამაშუკელის განცხადებას. ასევე, გვაინტერესებდა, ამ უწყებაში ფლობდნენ თუ არა ინფორმაციას სხვა მუზეუმებში არსებული ვითარების შესახებ, რადგან ცალკეული მუზეუმების თანამშრომლებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ნიკა რურუას პერიოდში ახლობლობით დანიშნული მუზეუმის დირექტორების ხელით არაერთი ექსპონატი გამქრალა მუზეუმებიდან. ეს ეხება როგორც უძველესი ექსპონატებით ცნობილ მუზეუმებს, ისე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებს. თუმცა ვერანაირ კითხვაზე პასუხი კულტურის სამინისტროში ვერ მივიღეთ. კულტურის მინისტრის ერთმა მოადგილემ მეორე მოადგილესთან, მარინე მიზანდართან გადაგვამისამართა, მარინე მიზანდარის კოორდინატები პრესსამსახურმა არ მოგვცა, მოგვიანებით რამდენიმედღიანი ამაო რეკვის შემდეგ გაირკვა, რომ მარინე მიზანდარი უცხოეთში იმყოფებოდა და მის ნაცვლად მთელ კულტურის სამინისტროში პასუხს ვერავინ გაგვცემდა. ამის შემდეგ ამავე სამინისტროს მუზეუმების დეპარტამენტს დავუკავშირდით, მაგრამ იქ ბაია ამაშუკელის განცხადების შესახებ არაფერი სმენოდათ.