ირაკლი ალასანია - თავდაცვის სამინისტრო ძირითად აქცენტს ჯარის საბრძოლო მზადყოფნაზე გააკეთებს

ირაკლი ალასანია - თავდაცვის სამინისტრო ძირითად აქცენტს ჯარის საბრძოლო მზადყოფნაზე გააკეთებს

თავდაცვის სამინისტრო ძირითად აქცენტს ჯარის საბრძოლო მზადყოფნაზე გააკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინსიტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს 100 დღის განმავლობაში შედგენილი კონკრეტული გრძელვადიანი გეგმა გააცნეს, რომელშიც ძირითადი აქცენტები ლოჯისტიკის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სფეროზე კეთდება. "მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მოვახერხეთ სახსრების მობილიზება იმისთვის, რომ პირველ რიგში რაც არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება - ჯარისკაცი, მეომარი - მისი სოციალური პრობლემები გადაწყდეს და მას ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება. ამიტომ ჩვენ უკვე გავზარდეთ ავღანეთში ჩვენი მებრძოლების ხელფასი და უახლოეს დღეებში ვაპირებთ, გავზარდოთ 25%-ით სამხედრო მოსამსახურეების 89%-ის ხელფასი. ჩვენ ვიზრუნეთ მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე და მალე გამოქვეყნდება, რა ჯანდაცვის პოლისი ექნება ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. მათი სამედიცინო მომსახურება მინისტრისა და გენერლის მომსახურებას გაუთანაბრდება", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, გაუმჯობესდა კვების ხარისხიც, ამიერიდან კი მეტი აქცენტი საბრძოლო მზადყოფნაზე გაკეთდება.

"გვეყოლება ისეთი არმია, რომელიც 4 წელიწადში მთლიანად პროფესიულზე გადავა და იქნება სრულად თავსებადი ნატოსთან და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. თავდაცვის სამინისტროში სტრუქტურულ ცვლილებებზე მთავრობის ხვალინდელ სხდომაზეც ვისაუბრებთ და ამ გრძელვადიანი გეგმების განხორციელებაში პრემიერის სრული მხარდაჭერა გვაქვს", - განაცხადა ალასანიამ.

პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში საათზე მეტხანს გაგრძელდა.