თალაკვაძე გარდატეხაზე საუბროს, ოპოზიცია მხრებს იჩეჩავს

თალაკვაძე გარდატეხაზე საუბროს, ოპოზიცია მხრებს იჩეჩავს

არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სტატუს–კვო მალე შეიცვლება, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკა პარლამენტში უნდა გაკეთდეს. თალაკვაძის თქმით, ისტორია ადასტურებს, რომ ის, რაც ხალხს სურს და ის, რაც საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად მოხდება.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ყოფილიყო ცხრა პოლიტიკური პარტია. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ემუშავათ და ერთად მიეღოთ გადაწყვეტილებები.

გარწმუნებთ, რომ უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. ვიცი, რომ ზოგიერთს, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ეს ძალიან ეწყინება, მაგრამ საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს, პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტრადიციულად, მმართველ გუნდის შეთავაზებას არ ღებულობს ოპოზიცია. სერგი კაპანაძის განცხადებით, თალაკვაძე, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები, აგრძელებენ პოლიტიკურ „ბლეფს“. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, სანამ არ იქნება შეთანხმება ხელახალ არჩევნებზე, სისტემაზე და პოლიტპატიმრებზე, მანამდე პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. კაპანაძე ამბობს, რომ ერთი და ორი ცალკეული ადამიანი სურათს არ ცვლის და ამ ადამიანების პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც, ვერავინ ვერ იტყვის, რომ პარლამენტში ოპოზიციაც არის.

„ეს რეალურად არ ნიშნავს პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას. როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ შანტაჟზე ორიენტირებული მიდგომა არის ის, რაც მუშაობს. მათ აქვთ ეს დავალება როგორმე ოპოზიცია შეიყვანონ პარლამენტში, რადაც არ უნდა დაუჯდეთ და ამ დავალების შესრულებას ცდილობენ ბოლომდე. მთავარი იყო, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შესულიყო და არ მოეხდინა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია.

ერთი და ორი ცალკეული ადამიანი სურათს არ ცვლის, მაგ ადამიანების შესვლის შემთხვევაშიც ვერავინ ვერ იტყვის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არის. რა თქმა უნდა, გამოსავალი შეთანხმებაშია, უნდა იქნეს მიღწეული ის მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. უნდა შევთანხმდეთ ახალ არჩევნებზე, საარჩევნო სისტემაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, ეს ძალიან დადებითი ნაბიჯი იქნება „ოცნების“ მხრიდან და ასეთ შემთხვევაში, ჯაფარიძეს განცხადებით, ოპოზიციაც მზად არის, დაუყოვნებლივ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს შეთანხმებას.

„არჩილ თალაკვაძის განცხადება იმედის მომცემია. ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია განიხილავს პარლამენტში შესვლასა და იქ მუშაობას, რათა მიღწეული შეთანხება რეალიზებულ იქნას საკანონმდებლო აქტებში. ალბათ, ამას გულისხმობდა, თორემ დღევანდელ მოცემულობაში ოპოზიციამ, 51 ოპოზიციონერმა შეიტანა განაცხადი მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამიტომ დღევანდელი მოცემულობით ასეთი პერსპექტივა არ არის. შესაძლებელია, მათ მხარეს არის მზაობა შეთანხმების მისაღწევად და ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტური მზადყოფნა დიალოგის გაგრძელებისათვის“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ტრადიციულად, რადიკალურ პოზიციას ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობა“. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ოდნავ მაინც კეთილგონივრულად მიუდგებიან, მაშინ მნიშვნელოვანია, დათმობა მოხდეს სწორედ მათი მხრიდან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, გაათვითცნობიეროს ბოლომდე.

„ძალიან მნიშვნელოვან, ერთიან პლატფორმაზე დგას ოპოზიცია. მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, მე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, გაათვითცნობიეროს ბოლომდე, აქვს მას კომპრომისის სივრცე, მოვიდეს კეთილგონივრული წინადადებით, რადგან ამ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი. ამიტომ თუ ოდნავ მაინც კეთილგონივრულ ჭრილში მიუდგებიან, მაშინ მნიშვნელოვანია, მოხდეს დათმობა მათი მხრიდან. თუ არა, მაშინ მოლაპარაკება შედგეს მოლაპარაკებისთვის, არ ვიცი, ექნება თუ არა მას საბოლოო შედეგი და, ალბათ, არც ექნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიდი ინტერესით ელოდება უახლოეს დღეებს „გირჩი“, რომ ნახონ, ვისზე იყო საუბარი, რომელი ოპოზიცია გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას. სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ საინტერესო განცხადება იყო, თუმცა ამ თვალსაზრისით თავად განსაკუთრებული ინფორმაცია არ აქვს.

„ამ დღეებში არაფერი მომხდარა ისეთი, ვთქვა, რომ რაღაც ვიცი, მაგრამ, სავარაუდოდ, ხდებოდა რაღაც კულუარული შეთანხმებები, რომელიც არის საჯარო ამ შემთხვევაში. წელი მთავრდება, ალბათ იგულისხმება ეს რამდენიმე დღე, რაც დაგვრჩა წელს და ერთ-ორ დღეში გავიგებთ, რა იგულისხმა ბატონმა არჩილმა.

ეს ალბათ „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული და არ ვიცი, რამდენად შეესაბამება რეალობას. ისიც შესაძლებელია, რომ ცალკეული ოპოზიციონერები ან ცალკეული პარტიები მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას და შევლენ პარლამენტში. თუმცა არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ეს იყოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს, ვიდრე ეს არ მოხდება, რაიმე ტიპის გარდატეხებზე საუბარი ზედმეტია. თუმცა არ იცის, რას გულისხმობს თალაკვაძე, როდესაც ამბობს, რომ სტატუს–კვო შეიცვალა. მისი თქმით, ფაქტია, ახალი რაუნდი არ გამართულა და შეთანხმების თვალსაზრისით ოპოზიცია წინ არ წაწეულა. იოსელიანის თქმით, არსებული პოლიტიკური ვითარება შეიცვლება მაშინ, როდესაც მიაღწევენ შეთანხმებას და აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ყველაფერი შეიცვლება მაშინ, როდესაც მივაღწევთ შეთანხმებას და ამ შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ გააგრძელებს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, წინ გვაქვს მეხუთე რაუნდი. მეხუთე რაუნდი გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან, მმართველ პრტიასთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. სანამ ეს არ მოხდება, რამე ტიპის ცვლილებებზე, რამე ტიპის გარდატეხებზე საუბარი სრულიად ზედმეტია. ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, არავის ეს არ დაურღვევია. შესვლის შესახებ ცალკეულმა დეპუტატებმა განაცხადეს, მგონი, „პატრიოტთა ალიანსიდან“, თუმცა, ძირითადად ოპოზიცია ამ ნაწილში არის ერთსულოვანი. მოლაპარაკების საკითხები დევს მაგიდაზე“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

 

Aburjga Tasmanieli კარგი კაცია თალაკვაძე, კარგი მოლაპარაკე, შინაგანად დადებით პიროვნება, მაგრამ სჯობდა ამ სტატიისათვის მისი სურათის მაგივრად ქალბატონი კრუელა დეკანოიძის სურათი წაგემძღვარებინათ და რაც თქვა, რომელი მისი ნათქვამიც სტატიაში ფიგურირებს, ის საერთოდ გმოგეტოვებინათ! ისედაც ცხადია რასაც იტყოდა. )))
3 წლის უკან