გათავისუფლდება თუ არა ნაცმოძრაობა სააკაშვილისგან

გათავისუფლდება თუ არა ნაცმოძრაობა სააკაშვილისგან

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციურ სპექტრში თავის დამკვიდრების შანსი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისგან გათავისუფლების შემდეგ აქვს.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და მისგან გათავისუფლებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შანსი, იპოვოს ადგილი ოპოზიციურ სპექტრში. თავიდან ის იქნება ბურჯანაძის, კუკავას კონკურენტი, მაგრამ ესეც არის შანსი და არა გარანტია“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, ვინც გადაწყვეტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გაჰყვეს, გაიზიარებს იმ ხვედრს, რაც ასლან აბაშიძის აღორძინებისა და მოქკავშირის წევრებს ერგოთ.
გათავისუფლდება თუ არა ნაცმოძრაობა სააკაშვილისგან, რომელიც აქამდე ნაციონალების ე.წ. გამწევ ძალად, ანუ ლოკომოტივად ითვლებოდა? ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი მართლაც არის ლოკომოტივი, რომელიც აშკარად ჩიხში მიდის, თუმცა ნაცმოძრაობის ვაგონებიც ისეა დაჟანგული, რომ ამ ლოკომოტივისგან მათი ჩახსნა შეუძლებელი ხდება. ამდენად, ისინი ჩიხში შედიან, თუმცა ეს მათი არჩევანია.

ექსპერტის თქმით, თუ ნაციონალების რომელიმე ვაგონმა მოახერხა და ლოკომოტივს ჩაეხსნა, მას გადარჩენის შანსი ექნება.

„ვისურვებ, ყველა მათგანი ჩამოეხსნას ამ ლოკომოტივს, რადგან ჩიხში შესვლა გარდაუვალია. არათუ ვერ შეელევიან სააკაშვილს, შეიძლება, ძალიანაც უნდათ შეელიონ, მაგრამ იმდენად მჭიდროდ არიან გადაბმულები, რომ ბევრი ადამიანი ვერ ხედავს როგორ ჩაეხსნას და გამოსავალს ეძებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სახელისა და შემადგენლობის ოპოზიციურ სპექტრს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ისინი დღესაც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში არიან, მათი რიტორიკა არ გულისხმობს თუნდაც ელემენტარულ ბოდიშს იმ განუკითხაობისთვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე განმარტებით, პოლიტიკაში დარჩენის შანსი რომ დარჩეს ადამიანს, მინიმუმ, ბოდიში მაინც უნდა მოიხადოს ჩადენილი დანაშაულისთვის. ამდენად, თუ ისინი შეიცვლიან თავის ქცევას და ცოტა ნაცარს მაინც წაიყრიან თავზე, შეიძლება, ქართულმა საზოგადოებამ დატოვოს კიდეც პოლიტიკაში. თუ არადა, გარდაუვალია, მათი აღსასრული.

ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ეეჭვება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ გუნდით ოპოზიციად ჩამოყალიბების რაიმე შანსი ჰქონდეს. მისი თქმით, სააკაშვილისგან ნაციონალების გათავისუფლება საკმარისი არ არის, თუმცა ეს იქნება ძალიან დიდი ტვირთის მოშორება. ექსპერტს მიაჩნია, რომ ნაციონალების მხრიდან დამატებით საჭირო იქნება კიდევ დიდი გადახალისება და მოკავშირეების და არა კონკურენტების ძებნა. ამ შემთხვევაში კი, შეიძლება, გადარჩეს არა მთლიანი ნაცმოძრაობა, როგორც ასეთი, არამედ მისი გუნდის ის წევრები, ვისაც პოლიტიკაში დარჩენა სურთ. 

ექსპერტის აზრით, თავად ნაციონალებს შორის აუცილებლად იქნებოდა შემდეგი განსჯა, თუ ვისით ჩაანაცვლონ სააკაშვილი. უფრო მეტიც, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გამორიცხულია, ნაციონალებს ამაზე არ ემსჯელათ, რადგან დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ დღეშია, რომ რაღაც ჯგუფი ერთად და ყველანი ცალ-ცალკე საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ, თანაც არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც.

„ნაციონალთა ეს ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დატრიალებულ უბედურებებში მათი პერსონალური წვლილი არ არის და ისინი სამართლებრივი (და არა მორალური) პასუხისმგებლობისგან თავისუფლები არიან, ეს ადამიანები შეიძლება, ინტენსიურადაც განიხილავდნენ საკითხს, რომ მოშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ ნაციონალებთან ყოფნა ნიშნავს იმ პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რაც მათ ჩაიდინეს. თუ მათთან მყოფ ადამიანს ამაში არანაირი წვლილი არ აქვს, რატომ მოინდომებს აიღოს პასუხისმგებლობა სხვის ნამოქმედარზე?! ეს არალოგიკურია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, მართალია, სააკაშვილი ნაციონალების გამწევ ძალად ითვლება, მაგრამ იგი თავის გუნდს უკვე უფსკრულისკენ ეწევა. ამ გუნდს რეიტინგი ძალიან შეუმცირდა და რეიტინგის დაცემაში ლომის წილი თავად სააკაშვილს მიუძღვის. ამიტომ, თუკი ის სახეები, რომლებიც აშკარად გაღიზიანებას იწვევენ, აღარ იქნებიან ამ პარტიის წამყვანი სახეები და შეიცვლება პრინციპები, ამასთან, თუ პარტიის დარჩენილი ნაწილი მოინანიებს იმ დანაშაულს, რაც მისმა პარტიამ ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში, ამის შემდეგ ყველას აქვს რეაბილიტაციის შანსი. ასეთი შანსი ამ პარტიასაც ექნება.

„პერსონალურად არ ვილაპარაკებ, თუ ვინ შეიძლება, ჩაანაცვლოს სააკაშვილი, მაგრამ ისინი შეიძლება აღმოჩნდენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც კონსტრუქციულები არიან. საუბარია ნაციონალების ძველ სახეებზე, ისინი შეიძლება იყვნენ ამ პარტიის ხელახალი დაბადების წყარო. თუ ამას ახალი სახეებიც დაემატება, უფრო საინტერესო პერსპექტივა ექნებათ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე აზრით, ნაციონალები მარტო სააკაშვილისგან კი არ უნდა გათავისუფლდნენ, არამედ იმ პოლიტიკოსებისგანაც, რომლებიც სააკაშვილისეულ სტილსა და სტრატეგიას ატარებდნენ ამ პარტიაში. საუბარია მათი მხრიდან აგრესიულობაზე, ხალხისა და ოპოზიციის უგულებელყოფაზე, მედიაზე ძალადობაზე, ძალადობის პრინციპის მომხრეობაზე, კანონზე გადაბიჯებაზე. ეს ყველაფერი კი მარტო სააკაშვილის ნამოქმედარი არ ყოფილა.

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იზიარებდა ამავე პრინციპებს. ამიტომ, საჭიროა ამ ჯგუფისგან პარტიის გათავისუფლება. მარტო სააკაშვილისგან გათავისუფლება ნამდვილად არ კმარა იმისთვის, რომ პარტიამ მომავალში რაიმე ადგილი მოიპოვოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში,“ - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.