თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი მართვის ნათელი გამოხატულებაა.
ამასთან, ვატო შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში არარაციონალური ხარჯებია გათვალისწინებული. კერძოდ, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისთვის მიუღებელია მერიის მიერ პიარ-კამპანიისთვის გამოყოფილი 13 მილიონი ლარი. მისივე თქმით ამ თანხიდან 8 მილიონი ლარი კულტურული ღონისძიების დაგეგმისთვის არის გამოყოფილი, 5 მილიონი კი სარეკლამო ხარჯებისთვის.
კონკრეტულად, რა ხარვეზები დაინახა ვატო შაქარიშვილმა თბილისი მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში, ამაზე for.ge-სთან საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი საუბრობს.
თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტი წარმოადგინა დასამტკიცებლად, რომელსაც თქვენ უპასუხისმგებლოსა და გაუაზრებელს უწოდებთ. რომ გვითხრათ, კონკრეტულად რას უწუნებთ დედაქალაქის ბიუჯეტს?
- როგორც აღვნიშნე მერიის გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო მართვის გაგრძელებაა წარმოდგენილი ბიუჯეტი. ამ ქვეყანაში როდესაც არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს ბიუჯეტი შექმნილ ვითარებასთან შესაბამისობაში არ არის. ბიუჯეტი სავსეა არარაციონალური და არაეფექტური ხარჯებით. შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული თანხა, კერძოდ 13 მილიონი, რომელსაც მერია მომავალ წელს აპირებს დახარჯოს მხოლოდ პიარაქტივობებში. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელია. შესაბამისად, როგორც უკანასკნელ წლებში, წელსაც მერია თბილისელების ბიუჯეტს უყურებს, როგორც საკუთარ აქტივს. აქედან გამომდინარე, კალაძე ბიუჯეტის განკარგვას პირადი მიზნებისთვის და პიარკამპანიისთვის აპირებს. შესაბამისად, ამ ყველაფერში მონაწილეობას ვერ მივიღებ და ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერ.
როდესაც მერიამ საკრებულოში ბიუჯეტის პირველადი სახე წარმოადგინა, მაშინ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ მერია პიარკამპანიისთვის 5 მილიონ ლარს ხარჯავდა. ახლა ეს თანხა გაიზარდა?
- ამ 13 მილიონიდან, 8 მილიონი არის კულტურული ღონისძიების ორგანიზებებისთვის გამოყოფილი, ხოლო 5 მილიონი სარეკლამო ხარჯებში დაიხარჯება. შესაბამისად, საერთო ჯამში 13 მილიონ ლარს შეადგენს.
პირველადი სახის შემდეგ, ამის გარდა ბიუჯეტში რა ცვლილებები განხორციელდა?
- ცვლილებები რომ არ არის შეტანილი, სწორედ ამის გამო ვიწუნებ. ამ ბიუჯეტში არ წერია რა ღონისძიების გატარებას აპირებს მერია ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კრიზისში არიან. ბიზნესმენების მეირ ნაყიდი სასურსათო კალათების დისტრიბუცია, მერიის სოციალურ პოლიტიკად ვერ ჩაითვლება. ეს არის ერთჯერადი აქტი, რომლითაც ადამიანებს ბიზნესი ეხმარება და არა მერია. მერია აქ დისტრიბუტორის როლშია, რომელიც ანაწილებს იმ პროდუქტებს, რომელსაც კონკრეტული კომპანიები ყიდულობენ. მერია ამას თუ თვლის საკუთარ სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯად, ამაში ვერ დავეხმარები.
თუმცა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტში სოციალურ და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი, ეს კი ბიუჯეტის მესამედი, ანუ 33%-ს შეადგენს...
- ეს ახალი არც არის, რადგან აქამდეც ასე ხდებოდა. რას გვაყვედრის, რომ ადამიანებს წამლებს უფინანსებს და გარკვეული პროცენტით ოპერაციებს აფინანსებს?! ეს თანხები ორდინალურ პერიოდში ისედაც იყო გათვალისწინებული. ახლა სოციალური წნეხი ადამიანებში გაზრდილია, მაგრამ ბიუჯეტში არაა გაზრდილი. გასაგებია, რომ 33%-მდე სოციალურ პროექტებში იხარჯება. სოციალური მიმართულება არის ფართო ცნება, ის ჯანდაცვას, ადამიანების ტრანსპორტით უზრუნველყოფას, ერთჯერად ფულად დახმარებას მოიცავს. აქედან ამ თანხების განკარგვა ხანდახან არაეფექტურად ხდება, მაგრამ აქ მთავარი შენიშვნა ის არის, რომ დღეს არაორდინალურ სიტუაციაში ვართ და ამ კრიზისს ეს წარმოდგენილი ბიუჯეტი არ შეესაბამება. საქმე გვაქვს ციფრებით მანიპულაციასთან. 33% იყო შარშანაც და შარშანწინაც. ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და დახმარება სჭირდებათ, როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ისევე დედაქალაქის ბიუჯეტიდან.
და თქვენი აზრით თბილისის მერიამ ოპოზიციის შენიშვნები რატომ არ გაითვალისწინა?
- ხელისუფლება საზოგადოებას დიდი ხანია გაემიჯნა. მათ მოსახლეობის დაპირებებსა და პრინციპებს უღალატეს, რომლითაც თავის დროზე ხელისუფლებაში ერთად მოვედით. სამწუხაროა, რომ საზოგადოებას არ უსმენენ, ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებენ - გინდა ურბანული თვალსაზრისით, გინდათ ქონებრივი განკარგვის მიმართულებით. თუნდაც, კალაძის მეგობრები მიწის ნაკვეთებს 1 ლარად უპრობლემოდ იძენენ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ისინი ჩვენს შენიშვნებს არ ითვალისწინებენ. ჩვენი შენიშვნები აბსოლუტურად ადეკვატური, სამართლიანია და ასე რომ ვთქვათ, ხალხის გამოძახილია.
თქვენ ახსენეთ, რომ დედაქალაქის მერისთან დაახლოვებული პირები მიწის ნაკვეთებს 1 ლარად უპრობლემოდ იძენენ და შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ ეს პირები?
- როგორ არ შემიძლია. თუნდაც „არქი“, რომელიც ათიათასობით მეტრ ფართობებს, თბილისის ქონებას ეუფლება 1 ლარად. ასევე კალაძის ბიზნესპარტნიორები აკეთებენ ისეთ მონაცვლეობებს - ყოვლად უსარგებლო ადგილებს ცვლის მილიონ ლარებში. ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია.
თქვენ ამბობთ, რომ კალაძე მის ბიზნესპარტნიორებს მიწის ფართობებს 1 ლარად აძლევს და ამ დროს აფრიკის დასახლებიდან მოსახლეობას ასახლებენ. თქვენ იყავით ამის საქმის კურსში, რომ იქ უკანონოდ იყვნენ შესახლებულები და რატომ გადაწყვიტა მერიამ მათი გამოსახლება ზამთარში?
- ცხადია, ეს მერის და მერიის პასუხისმგებლობაა. ეს არ არის ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, ეს არის მასშტაბური პრობლემა, რომელიც მერიის უპასუხისმგებლო ქმედებებიდან წარმოიშვა, შესაძლოა, ხელშეწყობითაც კი, რაც დღეს უკვე ძალიან მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემად იქცა. გამოიკვეთა, რომ დღეს უკვე საჭიროა ხისტი და უხეში მიდგომები, რაც საზოგადოების ადეკვატურ პროტესტს იწვევს. რა თქმა უნდა, ადამიანები მუნიციპალურ მიწის ნაკვეთებს მიტაცებით არ უნდა დაეუფლონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ერთეული და ათეული შემთხვევები, ეს არის ასეულობით შემთხვევა, როდესაც ხდება მუნიციპალური მიწებზე შენობა-ნაგებობების განთავსება. ეს არის დიდი ხნის პრობლემა. ამ პრობლემაზე თავის დროზე თვალი დახუჭა მუნიციპალიტეტმა. ფაქტი ის არის, რომ დღეს ეს გადაიზარდა მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემად. ასეთი მიდგომებით პრობლემები არ გვარდება.
დასაფასებელია, ახალგაზრდამ მიიქცია ყურადღება. მართალია, არავითარი კონსტრუქტივი მის ინტერვიუში არ არის, მაგრამ ჰაიპინგი არც ითვალისწინებს რაიმე ასეთს. დღის წესრიგშია ეს მოვლენა, ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. ყველა საშუალება გახდა მიზნის მისაღწევად დასაშვები. იმასაც ვიღებ მხედველობაში, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, პათოლოგიურად, ასრასდროს არავისი არაფერი არ მოსწონთ.
ისე, რომელი პარტიისგან გახდა დამოუკიდებელი დეპუტატი?