„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დებატების გამართვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამით საპარლამენტო უმცირესობას კიდევ ერთ შანსს აძლევს. ამის პარალელურად, რეგიონებში საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების დანიშვნასთან დაკავშირებით ხმაურია ატეხილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე კი კოალიციაში შემავალ პარტიებში ნაციონალების მიერ ჩანერგილებზე საუბრობს. რა ხდება რეალურად რეგიონებში, რატომ გამოაქვს თავისი განხეთქილებები კოალიციას საჯაროდ განსახილველად და მოაგროვებს თუ არა „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას პრეზიდენტის უფლება-მოსილების შესაცვლელად, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიგა ბუკია ესაუბრება.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნაციონალებს მიმართეს და უთხრეს, რომ თუ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს რ დაუჭერენ, პრაქტიკულად ქვეყანაში უახლოეს მომავალში განვითარებული მოვლენები მათ სინდისზე იქნება. ამდენად, მმართველი გუნდი არ არის დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას მოაგროვებს?
- არა, აქ საუბარი იმაზე არ არის, შევაგროვებთ თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საპარლამენტო უმცირესობამ საზოგადოებას განუმარტოს, რატომ არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ცვლილებებს ვერ გავიტანთ. ამ შემთხვევაში 102 ხმას მივიღებთ, თუ 125-ს, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოსახლეობას დავანახოთ, საპარლამენტო უმცირესობის თითოეული წევრი, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან იყო ამოფარებული და მის თითოეულ სურვილს თუ ხუშტურს ასრულებდა, დღეს არის თუ არა მზად იმისათვის, რომ მათ მიერ ხალხის წინაშე წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაული გამოისყიდონ.
ამ ადამიანებმა მკაფიო არჩევანი უნდა გააკეთონ, თუ რას უჭერენ მხარს - ქვეყნის მომავლის დემოკრატიულ განვითარებას, თუ დიქტატორ სააკაშვილს. ჩვენი ვალდებულებაა, მოსახლეობას ვუჩვენოთ, ვინ არის რეალურად ის ხალხი, ვინც დემოკრატიის შუქურად წოდებულ მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს და გავარკვიოთ, ამ ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ ქვეყნის განვითარებას შეუწყონ ხელი, თუ ხელოვნურად შექმნან პოლიტიკური დაპირისპირება. სწორედ ამაზეა საუბარი. საპარლამენტო უმრავლესობას აქვს მკაფიო სურვილი და ნება, რომ მოსახლეობას დაეკითხოს და ასევე უჩვენოს, თუ ვინ არის რეალურად მიხეილ სააკაშვილი. ნაციონალები, ხშირ შემთხვევაში, გამოდიან და სხვა თემაზე გადააქვთ აქცენტები. ჩვენ კი გვინდა, მათ საქართველოს მოსახლეობას გასცენ პასუხი, რატომ დაიკანონეს დიქტატორული ბერკეტები და დღეს ასე თავდაუზოგავად რატომ ებღაუჭებიან მას. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადების არსი. ჩვენ არასოდეს გვითხოვია და მით უმეტეს, არ დაგვიძალებია რომელიმე დეპუტატისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სასარგებლოდ გაკეთებინათ არჩევანი. მათ არჩევანი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გააკეთონ. ამის ვალდებულება მათ პირველ რიგში, საკუთარი ოჯახებისა და შვილების წინაშე აქვთ. ჩვენ გვინდა მოსახლეობას მოვუწოდოთ, კარგად გაანალიზოს და ნახოს, ვინ არიან მათი „რჩეულები“ და წლების განმავლობაში ვინ მართავდა ქვეყანას.
გამოდის, დარწმუნებულები ხართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაიტანთ?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რადგან უმცირესობაშიც ამ თემაზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ჩვენ გვინდა საზოგადოებას წყალგამყოფი ვუჩვენოთ, იმ საპარლამენტო უმცირესობაშიც ვისთან შეიძლება მომავალში რეალური ოპონირება, ან თანამშრომლობა ქვეყნის სასიკეთოდ და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ცალსახად უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილის დიქტატურას. სწორედ ეს არის მთელი ამ პროცესის რეალური არსი.
ბატონო გიგა, რეგიონებში გარკვეული ხმაურით მიმდინარეობს გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების დანიშვნა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც კოალიციას წინასაარჩევნოდ ეხმარებოდნენ, ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ისინი დასაქმებულები არ არიან და ამასთან დაკავშირებითაც რეგიონებში გარკვეული პრობლემებია. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება რეალურად?
- ყველგან რა ხდება ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად ტენდენცია ასეთია - საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა არჩევანი კოალიციის სასარგებლოდ გააკეთა, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობებში დარჩა ის ხალხი, რომელიც ამ ცხრა წლის განმავლობაში ადგილებზე, რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის კურსის გამტარებელი იყო. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვალა და ამ დროს ადამიანი ხედავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ისევ ის ადამიანები აპირებენ მმართველ რგოლში დარჩენას, მოსახლეობას ბუნებრივი პროტესტი უჩნდება. ამასთანავე, მოგეხსენებათ, დღეს ადამიანებს საკუთარი პროტესტის გამოხატვის აღარ ეშინიათ, განსხვავებით იმისგან, როდესაც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში მათ ამის ეშინოდათ. იქიდან გამომდინარე, რომ პროტესტის გამოხატვის აღარ ეშინიათ, ამ პროტესტის გამოხატვამ საკმაოდ აქტიური ფორმა მიიღო. მხოლოდ ეს არის და ეს.
რაც შეეხება დავით საგანელიძის მიერ კოალიციის პარტიებში „ჩანერგილ“ პირებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ასეთი შესაძლებლობა?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ბერკეტები გააჩნდა, ამის უარყოფა მე მგონი, არ იქნება სწორი. ბუნებრივია, ადგილებზე ზოგჯერ არის თვითშემოქმედება, ზოგან საკუთარი სურვილით რაღაცის გაკეთება და ა.შ. თვითონ ვანო მერაბიშვილმა აღიარა, რომ ადამიანების გადაბირების და სხვა ამგვარი მეთოდების გამოცდილება აქვს, რითაც ამ ხელისუფლების დასუსტებას შეეცდება. ამიტომ, ბუნებრივია, ისინი ეცდებიან, ყველა მეთოდი გამოიყენონ იმისთვის, რომ მოახდინონ ქვეყანაში თითქოსდა არეულობის ინსპირირება.
არ ფიქრობთ, რომ კოალიციის შიდა პრობლემების ასე საჯაროდ გარეთ გამოტანა მანამ, ვიდრე ეს საკითხი კოალიციაში იქნებოდა განხილული, „ნაციონალური მოძრაობის“ უძლეველობის მითის დამკვიდრებას და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს?
- ალბათ, შეიძლებოდა, ეს საკითხი კოალიციაში განხილულიყო, მაგრამ არც ამაში ვხედავ ტრაგედიას. სჯობს, მოსახლეობა სანამ რაიმე აქციაში მიიღებს მონაწილეობას, კარგად დაფიქრდეს, კარგად გაარკვიოს, ვის მიერ არის აქცია ორგანიზებული და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს აქციაში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ამდენად, ეს ერთგვარი პრევენციაც არის და იმის დემონსტრირებაც, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი, ქვეყანაში მსგავსი დაპირისპირება არსებობდეს. ამიტომ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების დასასუსტებლად და მისი ქვეყნის სათავიდან წასვლის დასაჩქარებლად უარმავი ბერკეტი გააჩნიათ. როგორ ფიქრობთ რა ბერკეტებია ეს და ხომ არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტს პარლანენტის დათხოვნა აქვს გადაწყვეტილი?
- სხვათა შორის, მერაბიშვილმა თქვა, რომ ეს არ არის არჩევნების გზა. ჩვენ ეს განცხადება იმიტომ გავაკეთეთ, რომ სააკაშვილს უკანონოდ აქვს მითვისებული ბერკეტი, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მისი ჯიბის მთავრობა დანიშნოს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში ამგვარი ჩანაწერი არ არსებობს. ეს მათ ხელში ერთ-ერთი ბერკეტია და ვანო მერაბიშვილი რას გულისხმობდა, ამაზე ალბათ, თვითონ უნდა გასცეს პასუხი.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამის გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არანაირი რეალური ბერკეტი არ არის?
- მიმაჩნია, რომ ეს უფრო მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების გასამხნევებლად გაკეთებული განცხადებაა. ვანო მერაბიშვილი მაშინ იყო მაგარი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების ხერხემალს წარმოადგენდა. ახლა კი ერთი მშიშარა კაცია, რომელიც იმ ძალაუფლების გარეშე აღარაფერს წარმოადგენს.