რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო მესა ჩაატარა

რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო მესა ჩაატარა

კათოლიკური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მესა ჩაატარა, რომელსაც წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ 100-მდე ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ტაძარში მყოფებს, პონტიფიკოსისა და მგალობელთა გუნდის წევრების გარდა, პირბადე ეკეთათ.

საშობაო მიმართვისას რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ მათ უსამართლო დამოკიდებულებაზე მათივე ძმებისა და დების მიმართ. გზავნილში პაპმა ფრანცისკემ, ტრადიციულად, მოიხსენია სხვადასხვა ქვეყანა. მათ შორის, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს, ლიბანსა და სამხრეთ სუდანს ეწვიოს.

რაც შეეხება რომის პაპის ტრადიციულ მიმართვას „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ (Urbi et Orbi), პონტიფიკოსი მას, წმინდა პეტრეს მოედანზე გამავალი აივნის ნაცვლად, ვატიკანის შიდა დარბაზიდან პარასკევს წაიკითხავს.

შობის დადგომა რამდენიმე საათით ადრე იზეიმეს ბეთლემში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საზეიმო ლიტურგია მცირერიცხოვანი მრევლის თანდასწრებით ჩატარდა.