„ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დღითი-დღე თხელდება. საპარლამენტო უმცირესობა წარსულში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, მარიკა ვერულაშვილმა ოფიციალურად დატოვა.
For.ge-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებასთან დაკავშირებით, ორი თვის განმავლობაში, ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან პოლიტიკურ კონსულტაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მართავდა.
წყაროს ცნობით, ვერულაშვილი ბესელიას შვილის ნათლია და ძალიან ახლო მეგობარია, რომლის რჩევაც, ყვარლის მაჟორიტარმა გაითვალისწინა და ფრაქცია „რეგიონების“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, როგორც ირკვევა, ვერულაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჰქონდა განზრახული, მაგრამ მისი გეგმები საფრთხის ქვეშ ქვეყნის პირველმა პირმა დააყენა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ პროკურატურა ვერულაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას აიძულებდა.
„ვერულაშვილის მეუღლე დაკითხვაზე დაიბარეს, ხოლო მისი თავისუფლების სანაცვლოდ, ვერულაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სთხოვენ. მარიკას პირველი რეაქცია ის იყო, რომ ის პარლამენტიდან წავიდოდა“, - დასძენდა პრეზიდენტი.
წყაროს ინფორმაციით, ეს განცხადება, მიხიელ სააკაშვილმა იმ მიზეზით გააკეთა, რომ ვერულაშვილს უმცირესობის დატოვებაზე უარი ეთქვა.
ამას გარდა, წყაროს ცნობით, პრეზიდენტი მარიკა ვერულაშვილს „წარსული საქმიანობით“ აშანტაჟებდა, თუმცა, რა იგულისხმება „წარსულ“ საქმიანობაში, ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ.
უმცირესობის დატოვებასთან დაკავშირებით, თავად მარიკა ვერულაშვილი განმარტებას არ აკეთებს და მასთან დაკავშირებაც შეუძლებელია. მის გადაწყვეტილებას კი, პოლიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა.
წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ვერულაშვილის გადაწყვეტილებას, მუქარასა და ზეწოლას უკავშირებენ, მმართველი გუნდი კი, მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმება.
როგორც for.ge-ს უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა, რამდენიმე დღეა, უმრავლესობის წევრები განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს კვირა არის გადამწყვეტი და ყველა დეპუტატმა პოზიცია ინდივიდვალურად უნდა დააფიქსიროს, რადგან ამ გამოხატვაზე მათი პოლიტიკური მომავალია დამოკიდებული და ამ ქვეყანაში როგორ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.
„პარლამენტის რამდენიმე წევრზე ასეთი ზეწოლა კვირეების განმავლობაში მიმდინარეობს და ის, რაც უმრავლესობის მხრიდან მოვისმინეთ, ამ ფაქტების დადასტურება იყო. საფუძველი გვაქვს ჩავთვალოთ, რომ ვერულაშვილის მიერ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილება გახლავთ იმ მოწოდების შედეგი, რაც უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს“, - დასძენს ბაქრაძე.
უმცირესობის ლიდერისგან განსხვავებით, ვერულაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ვერულაშვილი ხალხის წიაღიდან გამოსული ადამიანია.
„მარიკა ჩემი ყოფილი კოლეგა იყო და როცა, ჩვენ პარლამენტში შევხვდით, მას „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპატიებს ვამჩნევდი და მასთან მჭიდრო თანამშრომლობას მივესალმები. მას 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჩუმი პროტესტი ჰქონდა. როგორც ჩანს, ვერულაშვილი გამოსვალს ვერ ხედავდა და შესაძლოა, ეშინოდა კიდეც. მის ნაციონალურ წარსულს ვერ გავამართლებ და არ შემიძლია ის შევაქო, მაგრამ ვერულაშვილი გულისხმიერი ადამიანია, რომელიც მოქალაქეებს ეხმარებოდა, განსაკუთრებით კი, ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას”, - აცხადებს ჩაფიძე.
აღსანიშნავია, რომ მარიკა ვერულაშვილი საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად არ იყო ჩართული, უფრო მეტიც, ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს სულ რამდენჯერმე ეწვია. შემდეგ კი, საზღვარგარეთ გაემგზავრა და უწყებაში, ის არავის აღარ უნახავს. თუმცა, როგორც ჩანს, უმცირესობამ მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა, რადგან ფრაქცია „რეგიონების“ დაშლის თავიდან აცილების მიზნით, უმცირესობამ ტარიელ ლონდარიძის ფრაქციაში დესანტი - ვაჟა ჩიტაშვილის სახით, ცოტა ხნის წინ გადასხა.
უნდა ითქვას, რომ ვერულაშვილის გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი ეზრდება. კერძოდ, 21 ოქტომბრიდან დღემდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები - რევაზ შავლოხაშვილმა, კახა ოქრიაშვილმა, გოდერძი ბუკიამ, ენზელ მკოიანმა, გოგი ლიპარტელიანმა, სერგო ხაბულიანმა, გიორგი გოზალიშვილმა, გოჩა ენუქიძემ, იაშა შერვაშიძემ დატოვეს. მარიკა ვერულაშვილი კი, მეათე დეპუტატი გახდა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარი თქვა.
For.ge-ს ინფორმაციით, უმცირესობის დატოვებისთვის ემზადებიან - გურამ მისაბიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი და ანზორ ბოლქვაძე.