რას შეძლებს დანარჩენი ოპოზიციის გარეშე ქუჩაში მარტო დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ აღიქვამს პატარა პარტიების პარლამენტში შესვლას საფრთხედ? - ანალიტიკოსები for.ge-სთან ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ოპოზიცია ქუჩაში დარჩენით უკვე წაგებულ თამაშს თამაშობს, რადგან იქ გადარჩენის ერთადერთი შანსი მხოლოდ ნაციოანლებს აქვთ. ნაციონალები პარლამენტში შესულ პატარა პარტიებში საფრთხეს ხედავენ, რაც იმით არის განპირობებული, რომ შესაძლოა, მათ ალტერნატიული მესამე პოლიტიკური ძალა შექმნან და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლონ.
ამიტომ, ნაციონალები თავგამოდებით იბრძვიან, რომ ისინი საკანონდმებლო ორგანოში არ მოხვდნენ. თუმცა ანალიტიკოსებისთვის გაუგებარია პარლამენტში თავად ნაციონალები რატომ არ შედიან. თუკი მათი ერთადერთი გეგმა რევოლუციაა, ქუჩაში მარტო დარჩენილები რევოლუციას კი არა საკუთარი პარტიის წევრების შენარჩუნებასაც ვეღარ შეძლებენ. ვნებათაღელვა, რომელიც შესაძლოა ნაციოანლებში დაიწყოს, პარტიის ორად გახლეჩვის საფრთხეს ქმნის. ამიტომ პატარა პარტიები ამ გაუგებარ თამაშში, როგორც პოლიტიკური ძალა, გაბანკროტდება.
ხელისუფლება ნაციონალების ტაქტიკას კარგად ხვდება, და მათ ქუჩაში მარტო დატოვებას ცდილობს, რაც შეიძლება, წარმატებითაც გამოუვიდეს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ დღეს მარტო ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სულაც არ ადარდებს, რადგან მას დასავლეთიდან მყარი მხარდაჭერა აქვს. ასევე ხედავს, რომ საზოგადოებიდანაც დიდი მხადაჭერა არა აქვთ. ძაბირაძე ფიქრობს, რომ პირიქით, ახლა ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ ქუჩაში მარტო ნაციონალები დატოვოს, რაც შეიძლება გამოუვიდეს კიდეც.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ნაწილს შესვლა უნდა, თუმცა ნაციოანლები იმის შიშით, რომ პარლამენტში ალტერნატიული მესამე ძალა არ შეიქმნას, ისინი ფაქტობრივად, შანტაჟის რეჟიმში ჰყავს. ქუჩაში გადარჩენის შანსი მხოლოდ ნაციოანლებს აქვთ, თუმცა, შესაძლოა, პარტიაში არსებულმა აზრთა სხავდასხვაობამ დაპირისპირება აქაც გამოიწვიოს და საერთოდ პარტია ორადაც კი გაიხლიჩოს, რისი ალბათობა გრიგოლ ვაშაძის განცხადებებმა გააჩინა. ასევე ნაციონალებში დაწყებული დუღილი შესაძლოა პარტიის თავმჯდომარის არჩევამაც გამოიწვიოს.
„სად არის გარანტია იმის, რომ თუკი რიგგარეშე არჩევნებში ხელახლა ისევ ამ საარჩევნო სისტემით და ადმინისტრაციით ჩატარდა, ოპოზიცია იგივეს არ იტყვის და არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა? ამიტომ ამერიკის ელჩის, დეგნანის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით სრული ჭეშმარიტებაა. ძალიან კარგი იქნება, თუკი „ოცნება“ შეძლებს და 23 კაცს იპოვის იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიქმნას და ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება განახორციელოს. ეს მარტო ის ჯგუფი კი არ იქნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, არამედ, შესაძლოა, სწორედ მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის ბირითვიც კი გახდეს. აი, სწორედ აქ არის ნაციონალების მთავარი საფრთხე, რის გამოც ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ ეს პარტიები პარლამენტში არ შევიდნენ, არ გაჩნდეს სხვა ალტერნატიული ოპოზიციური ძალა, რომელიც მათ ჩაანაცვლებს. მე პირადად ამას მივესალმები“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუკი ნაციონალები და ევროპელები ქუჩაში მარტონი დარჩებიან და პარლამენტში არ შევლენ, მათი პერსპეტქივა ძალიან მძიმედ გამოიყურება, მით უმეტეს ევროპელების - მათ სრული კრახი განიცადეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რაც შეეხება ნაციოანლებს, მათ მართალია, დიდი ელექტორატი ჰყავთ, მაგრამ ასეთი პოლიტიკური შეცდომით, როცა პარლამენტში არ შედიან, ძალიან დაზიანდებიან. ასევე ნაციონალებს პოლიტიკური ველის პოლარიზება აწყობთ, ხოლო ევროპელები და „ლელო“ მათ ამაში რატომ ეხმარება, მისთვის სრულიად გაუგებარია, რადგან ეს, შესაძლოა, მათ სრულ პოლიტკურ გაბანკროტებადაც კი დაუჯდეთ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძეც for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობს, რომ პოლიტიკურ ველზე დომინანტი იყოს. ხოლო თუ ამაში ხელს ვინმე უშლის, მათი დამუნათება, კრიტიკა და მათ წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება ხდება. იგივე ხდება მცირე პარტიების პარლამენტში შესვლის პერსპექტივაზეც. აბაშიძე ამბობს, რომ მათ არ უნდათ ეს პარტიები პარლამენტში შევიდნენ და ალტერნატიული სხვა ოპოზიციური ფრთა შეიქმნას, რომლისთვისაც ტრიბუნა საკანონმდებლო ორგანო იქნება.
„მთელი დასავლეთი ოპოზიციას უნისონში მოუწოდებს, რომ კუთვნილი მანდატები აიღონ და არსებული სისტემების გამოსასწორებლად საპარლამენტო ტრიბუნიდან იბრძოლონ. მაგრამ აქ ერთი ძალიან საინტერესო ტენდენცია იკვეთება - ნაციონალებმა რაც არ უნდა გააკეთონ, საზოგადოებაში არის დაკვეთა, რომ კონსტრუქციული პარლამენტი და პოლიტიკურ ძალებს შორის ოპონირება იყოს. ამიტომაც ეს დაკვეთა აუცილებლად შესრულდება. ეს გინდა თვეების ამბავი იყოს და გინდაც 1 წლის. პარლამენტში რომ შევიდეს ერთი-ორი მცირე პარტია და გარეთაც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალები გაძლიერდნენ, შეიძლება რაღაც ალიანსების შექმნა მოხდეს, ეს კი დესტრუქციულ ნაციონალებს აუცილებლად დაამარცხებს. ამიტომ მათ ყველაზე მეტად ასეთი გაერთიანების ეშინიათ. თუმცა ეს ბრძოლა მათთვის ფუჭი და თვითდამაზიანებელია, როგორც საშინაო ასევე საგარეო ასპარეზზე“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ამ არჩევნებში ყველაზე მწარედ და მძიმედ „ევროპულმა საქართველომ“ წააგო, ამიტომაც მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ სხვა პარტიები, რომლებსაც მანდატები აქვთ, დაამუნათონ. შესაბამისად, მათი მხრიდან ასეთი რადიკალური ქცევები გასაგებია. თუმცა აბაშიძე ამბობს, რომ გაუგებარია, ნაციოანლების ტაქტიკა, თუკი ისინი რევოლუციურ სცენარზე არ ფიქრობენ, რადგან ქუჩიდან თუკი სხვა პარტიები პარლამენტში შევიდნენ, ვერაფერს მიიღებენ. პირიქით, მათი რეიტინგი დაეცემა და შესაძლოა, ამის გამო შიდა დაპირისპირება გაღრმავდეს. მისი დესტრუქციულობა უფრო ღია გახდება და სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დისტანცირებულები დასავლეთთანაც საქმეს საბოლოოდ გაიფუჭებენ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ქუჩაში მარტო დარჩენის შემთხვევაში ნაციონალები შესაძლოა, საერთოდ დაიშალონ და ლიდერების ნაწილი, რომელიც გამორჩეული პოლიტიკოსები არიან, სხვადასხვა პარტიებშიც გადანაწილდნენ. საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი ნაციონალები ლოგიკით იმოქმედებენ და არა ემოციებით, მიხვდებიან, რომ პარლამენტში შესვლა მათთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პარლამენტში მათი უპირატესობა მათსავე სიძლიერეს უზრუნველყოფს. თუკი ისინი ქუჩაში დარჩებიან, პატარა პარტიების პოლიტიკური წონა გაიზრდება და თუ მათ ერთმანეთთან საერთო ენაც იპოვეს და პლატფორმა შექმნეს, ეს დიდი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ მესამე პოლიტიკური პოლუსი შეიქმნას.
„დაპირისპირების მუხტიც და რაოდენობაც ნაციონალებში შესაძლოა ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ისე დაიძაბოს, რომ, როგორც პარტია, საერთოდ დაიშალოს. ვფიქრობ, ეს დიდი ტრაგედია არ იქნება, თუმცა ცუდი იმ მხრივ იქნება, რომ ბევრ მათგანს პოლიტიკურად დიდი გამოცდილება აქვს. სიმართლე გითხრათ, პატარა პარტიების აქამდე მიკვირს პარლამენტში რატომ არ შევიდნენ და როგორ ვერ ხვდებიან ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში მათ რა მძიმე პერსპექტივა შესაძლოა ჰქონდეთ.
უნიკალური პროპორციაა და ასეთი მანდატების და პარტიების სიმრავლე საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ ყოფილა. ერთადერთი ის გათვლა შეიძლება იყოს, რომ იქნებ როგორმე რევოლუცია მოხდეს. თუმცა ვნახეთ, რომ ამ რევოლუციის იდეას მომხრე ოპოზიციის დიდი ნაწილიც არ არის. მმართველ პარტიაზე უარს იმიტომ არ ამბობს ხალხი, რომ იციან, ამით ხელისუფლებაში ავტომატურად ნაციონალები მოვლენ. ამიტომ არ უნდა ხალხს ეს ნაციონალები და უკან არ აბრუნებენ. სხვა დანარჩენი ყველა ქმედება, რაც დესტრუქციისკენ იქნება მიმართული თავად ნაციოანლებს დააზიანებს“, - აცახდებს საყვარელიძე for.ge-სთან.