საქართველოში თავისი ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე, ქვეყანაში დღეს შექმნილ სიტუაციაზე თავისი ხედვა წარმოადგინა.
მას შემდეგ, რაც ბატონი ბუკიკიო შეხვდა საქართველოს უმაღლეს ხელისუფალთ, მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ყველა თანამოსაუბრემ, კონკრეტულად კი პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა, ახალი კონსტიტუციის მომზადების პროცესში ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობისა და მასთან კონსულტირების სურვილი გამოხატეს. ის მიესალმა იმ ფაქტს, რომ პარლამენტი დანიშნავს მოხელეს, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობას ვენეციის კომისიასთან.
ბატონ ბუკიკიოს ესმის, რომ ახალმა უმრავლესობამ ამომრჩევლებს უნდა აჩვენოს შედეგები. თუმცა მან აღნიშნა, რომ ნაჩქარევი რეფორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, საფრთხეს შეიცავს და ყველას მოუწოდა ფართო კონსენსუსისკენ. საჭიროა კონსტიტუციის ძირეული რეფორმა, რათა გაჩნდეს საპრეზიდენტო ძალაუფლების კონტროლისა და ბალანსის შესაძლებლობა, რაც 2004 წლის კონსტიტუციაში არ არსებობდა და რაც გააკრიტიკა კიდეც ვენეციის კომისიამ. ეს საკონსტიტუციო რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს ღრმა რეფლექსიის, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ: მხოლოდ ასე შეიძლება პროცესის საბოლოო მიზნის მიღწევა, ანუ ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც კი არ გაყოფს ქართველ ხალხს, არამედ გააერთიანებს.
რაც შეეხება მოკლევადიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებზეც ამდენი დისკუსია მიდის, ბატონი ბუკიკიო დაეთანხმა იმას, რომ, ალბათ, 2013 წლამდე, სასწრაფოდ არის საჭირო ამ ცვლილებების გატარება მთავრობისა და პარლამენტის სტაბილურობისათვის გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მისი თქმით, ის არ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის იმ უფლების შეზღუდვას, რომლის თანახმადაც მას ახალი მთავრობის დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლია, რასაც ვენეციის კომისია ადრეც აკრიტიკებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან საქართველოს ხელისუფალთ რბილი, ღირსეული და პატივისცემით განმსჭვალული კოაბიტაციისკენ მოუწოდა, რაც საქართველოს ინტერესებშია.
რაც შეეხება შესწორებებს კანონში სასამართლოსა და ამნისტიის შესახებ, ბუკიკიომ განმარტა, რომ საქართველოს ეწვევიან ვენეციის კომისიის ექსპერტები. ისინი გამართავენ შეხვედრებს კომპეტენტურ სპეციალისტებთან, რადგან ვენეციის კომისია ემზადება 2013 წლის მარტში თავისი დასკვნების გამოქვეყნებისთვის. ამ კონტექსტში ბატონმა ბუკიკიომ ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლოს კანონის რეფორმირებისას აუცილებელია კანონის უზენაესობის პატივისცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელ წევრებს მანდატი არ უნდა შეუწყდეთ ვადის დასრულებამდე.
foreignpress.ge