„პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს მუდმივი პრობლემა ექნება ოპოზიციასთან“

„პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს მუდმივი პრობლემა ექნება ოპოზიციასთან“

„ჩვენ მოვახერხეთ იმაზე ბევრის გაკეთება, ვიდრე ამ დროში იყო შესაძლებელი“, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის 100-დღიან მუშაობას, რომელმაც ამის შესახებ ანგარიში მედიას ჩააბარა. პრემიერმა საუბარი სამართლიანობის აღდგენის პროცესით დაიწყო და აღნიშნა, რომ ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, შეწყდა.

პრემიერმა ანგარიშის შემდეგ იმ თემებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და ერთ-ერთი აქტუალური თემა კვლავ ირაკლი ალასანია იყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმარჯვა და მოახერხა იქ საკუთარი ხალხის ჩანერგვა. მაგის ოსტატები არიან. სიცრუეს და სეთურის სამსახურსაც კარგად ახერხებენ. ამაში ირაკლის ბრალეულობა არაფერი არაა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, გასაგებია, რომ ალასანიას გადაბირების მცდელობა აქვთ, ამაზე ჭორებიც დადის, რაზეც მან თავდაცვის მინისტრსაც ჰკითხა და პასუხად მიიღო, რომ მსგავსი არაფერი ხდება. პრემიერის განცხადებით, არის მცდელობა, როგორმე გახლიჩონ კოალიცია.

რატომ გახდა კოალიციაში შემავალი პარტიის ლიდერი ბოლო დროს მითქმა-მოთქმის ობიექტი, ვის აწყობს მისი დისკრედიტაცია და განხეთქილება კოალიციაში, ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება

ბატონო სოსო, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას მის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატობაზე საუბარი, საზოგადოებაში კი დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ალასანიას თემა დღესაც აქტუალურია და კვლავ ათასგვარი ინტერპრეტაციის საგანია, თუმცა მინდა გავიხსენო, რომ მის შესაძლო პრეზიდენტობაზე ლაპარაკი იყო არჩევნებამდეც. თქვენი შეფასებით რა ხდება და რამ გამოიწვია ეს გაუგებრობა?

- გაუგებრობის სათავე გახლავთ კონსტიტუცია, რომლის შინაარსიც როგორც ჩანს, კარგად არ ახსოვთ ამ თემაზე მოსაუბრეთ. მართალია, ის კონსტიტუცია უკვე სამი წელია, თაროზეა შემოდებული და ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომ ძალაში შევიდეს, მაგრამ განსხვავებული დამოკიდებულება ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის მიმართ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში დიდი ხანია, არსებობს.

ალასანია, ისევე როგორც ქალბატონი ბურჯანაძე, არიან მომხრენი, რომ შენარჩუნებული იყოს საპრეზიდენტო მმართველობა. შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკური ძალაც იგივე აზრის არის, მაგრამ ბევრი სხვა პარტია და მათ შორის კოალიციაში შემავალი, თვლის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის დრო დაგვიდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა თითქოს დაფიქსირებულია, როგორც კი დაიწყო საუბარი კონსტიტუციის ცვლილებებზე, კვლავ წამოტივტივდა და ბევრმა ჩათვალა, რომ ისევ დისკუსიის თემაა, საპერეზიდენტო რესპუბლიკად დარჩეს თუ არა საქართველო. ამიტომ გაჩნდებოდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანდიდატი, შესაძლოა, ყოფილიყო ირაკლი ალასანია.

თუმცა ამ შემთხვევაში გაუგებარი რჩება, რა ფუნქცია ექნებოდათ ასეთი აზრის მქონეთ შემონახული ივანიშვილისთვის. თუ ეს იქნებოდა საპრეზიდენტო მმართველობის სახელმწიფო, მაშინ პრემიერ-მინისტრი უნდა ემორჩილებოდეს პრეზიდენტს და ძნელად წარმოსადგენია, რომ კოალიციას წამოეყენებინა ალასანია ამ თანამდებობაზე.

ამიტომ, უფრო თითიდან გამოწოვილ თემად მიმაჩნია ეს საკითხი. სწორედ გაუგებრობის მიზეზია, როდესაც საუბარია ალასანიაზე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატზე იმ შემთხვევაში, თუ იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, რადგან ძნელად წარმომიდგენია, როდესაც 45 წლის გახდება ირაკლი ალასანია, მან პოლიტიკური პენსია გაიფორმოს. თავისთავად, საპარლამემნტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის ფუნქციები შეზღუდულია და ისეთმა აქტიურმა და ნიჭიერმა ადამიანმა, როგორიც არის ირაკლი ალასანია, მინიმუმ 30-წლიანი კარიერა მაინც უნდა გაიაროს პოლიტიკაში.

როდესაც ქვეყნის მოწყობაზეა ლაპარაკი, არსებობს მოსაზრება, რომ არ მომხდარა საყოველთაო მსჯელობა, რომელი მოდელია  მისაღები დღევანდელი საქართველოსთვის. თუ საკითხი შემობრუნდა და გადაწყდა, რომ კვლავ ნაადრევია საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირი იქნება ივანიშვილი, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, ვიდრე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მას პოლიტიკიდან წასვლის საშუალებას მისცემს. შესაძლოა, გაუგებრობას ისიც იწვევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს?

- არ ვიცი ბატონი ბიძინას პირადი მოსაზრება ამ საკითხზე, იგი პასუხობს, რომ მას გააჩნია საკუთარი ხედვა და ჯერ საკუთარ კოალიციაში განიხილავს, მაგრამ ლოგიკიდან გამომდინარე, ცხადია, მას ყველაზე მოხერხებულად უნდა მიაჩნდეს საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაიმატოს უფლებამოსილებანი ახალი კონსტიტუციის მიხედვით საპარლამენტო რესპუბლიკაში.

მისი გამოსვლიდანაც მკაფიოდ ჩანდა, რომ ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა, რომელიც თავის დროზე მან დაასახელა, იყო სიმბოლური და გამოხატავდა ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში.

შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად ბატონი ივანიშვილი არ წარმოიდგენდა ვახტანგ ხმალაძეს. ეს არის სწორედ  ის გაწონასწორებული პროფესიონალი, ღირსეული მოქალაქე, რომელსაც ძალუძს ტყუილისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა და შესაბამისი რეაგირება. პრაქტიკულად, ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიხასიათა, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის ტიპი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ  მაინც და მაინც ბატონი ვახტანგი დასახელდება ასეთ კანდიდატად.

დღეს საზოგადოებაში მსჯელობა მიდის, ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, ხალხმა თუ პარლამენტმა, თუ უპირატესობა ენიჭება საპარლამენტო მმართველობას, ეს თემა რატომ არის აქტუალური, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მოწყობის პირობებში პრეზიდენტს სიმბოლური დატვირთვა რჩება?

- როდესაც საუბარია იმაზე, ვინ აირჩევს პრეზიდენტს, ხალხი თუ პარლამენტი, აქ აზრთა სხვადასხვაობა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, ვემხრობი საყოველთაოდ არჩეულ პრეზიდენტს, მთუმეტეს, პირველად, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, შეიძლება შემდგომ ეს შეიცვალოს.

რადგან ასეთი დათქმა არ ყოფილა კონსტიტუციის იმ ვერსიაში, რომელიც თაროდან გვიღიმის. უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, საზოგადოებისთვის ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა არჩევნების პროცესში.

სხვაგვარად, ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს მუდმივი პრობლემა ექნება ოპოზიციასთან, რომელიც მას  ჩათვლის არალეგიტიმურად, ხალხის მიერ არარჩეულად, დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებს ამ ფაქტს და იტყვის, რომ აი, ხალხს რომ აერჩია, რასაკვირველია, მისი კანდიდატი  გაიმარჯვებდა. მაგრამ ჩაიგდეს ხელში საპარლამენტო უმრავლესობა და საკუთარი ნებით პრეზიდენტსაც ნიშნავენ და არ ირჩევენ. ეს იქნება მუდმივი დისკუსიის საგანი და არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარიც დაუჭიროს პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს სწორედ იმიტომ, რომ შემდგომში ასეთი პრეზიდენტი აკრიტიკოს და უცხოეთთან გასაგები არგუმენტი წარადგინოს, რამდენად ფრთაშეკვეცილია პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია 100 კაცის და არა მილიონი ადამიანის მიერ.

თუ ალასანიას პრეზიდენტობა-არპრეზიდენტობასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, რითი შეიძლება აიხსნას, რომ მასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ წყდება. როდესაც დუბაიში მის ვიზიტზე ჰკითხეს, პრემიერმა ამას პატარა შეცდომა უწოდა და ისიც დააყოლა, პირადულ საკითხებში არ ერევა და რომ ზოგიერი ადამიანი (არ გულისხმობს ალასანიას), მეუღლესაც კი ღალატობს. რას ნიშნავს პრემიერისგან ასეთი შეფასება?

- პრემიერმა თქვა, რომ ირაკლის არ გულისხმობდა და ნუ დავუკავშირებთ ამ ფრაზას ირაკლის. კითხვაში იყო დაფიქსირებული, რომ უგულავას ცოლთან და მის მეგობართან ერთად წავიდა. უგულავას ცოლის რა მოგახსენოთ, თვითმფრინავით მარტო რომ არ იმგზავრებდა, ცხადია. თვითმფრინავში შეიძლება ხან უგულავას ცოლი აღმოჩნდეს და ხან სააკაშვილის. ეს არ არის მინიშნება რაიმე უმსგავსობაზე.

ამ თემაზე დამოუკიდებელ ექსპეტებთან საუბრისას სრულიად მკაფიო განმარტებები მივიღეთ ბატონი ბიძინასაგან და უბრალოდ, თავში არც ერთ ექსპერტს არ მოსვლია დაესვა ისეთი კითხვები, როგორიც ჟურნალისტებმა, ვიტყოდი, საკმაოდ მოყვითალო შეფერილობის.

ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ შესაძლოა, ნაციონალები ალასანიას გადაბირებასაც ცდილობდნენ, ასეთი ჭორები დადიოდა, თუმცა როგორც განმარტა:ვკითხე ირაკლის და მან მიპასუხა, რომ მსგავსი არაფერი ხდება“. უკავშირდება თუ არა ეს საგანელიძის იმ განცხადებას, როდესაც თქვა, რომთავისუფალ დემოკრატებშიშეგზავნილები არიან ნაციონალები. ხოლო მას შემდეგ, რაც კოალიციაში კონფლიქტი არ შედგა, საპარლამენტო უმცირესობამ ალასანიას საქციელი ლაჩრობად შეაფასა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არანაციონალურ მოძრაობასან რომელიმე სხვა ძალას ჰქონდეს ასეთი გეგმა?

- ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებდი, რადგან ვიზიარებ ბატონი ივანიშვილის მოსაზრებას, რომ სიცრუის ტირაჟირება საჭირო არ არის. შეთქმულების თეორიები, რომ ვიღაცა ვიღაცას იბირებს, ვიღაცა საიდუმლო შეხვედრებს მართავს, ან ქვეყანაში რაღაც ისეთი ხდება, არარეალურია. არაფერი არ ხდება ისეთი, რაც ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

პოლიტიკოსთა შორის შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ ამის მუსირება მედიაში, მიმაჩნია დაპირისპირებუილი პოლიტიკური გუნდის პროპაგანდად. ეს არის მისი სანუკვარი თემა, რომელიც არ ჩამოდის ტელეეკრანებიდან. რაც არ მგონია, რაიმე სარგებლის მომტანი იყოს საზოგადოებისათვის.

თემა რომ ამოვწუროთ, ერთია, რა სურვილები შეიძლება ჰქონდეს ნაცმოძრაობას, მაგრამ მეორე მხრივ, თუ თეორიულად დავუშვებდით ასეთ ალიანსს, ნიშნავს თუ არა მსგავს გარიგებაზე წასვლა კოალიციაში შემავალი ნებისმიერი პარტიისთვის პოლიტიკურ თვითმკვლელობას?

- ჩემთვის ძალიან არასერიოზულია, ვისაუბრო იმაზე, როგორ გადავიდოდა ალასანია „ნაციონალურ მოძრაობაში“. იმდენჯერ მიმოგზაურია თვითმფრინავით და იმდენი ვიღაცის ცოლი მჯდარა იმ თვითმფრინავში, ათასჯერ უნდა ვყოფილიყავი გადაბირებულ-გადმობირებული.

ეს არის ძალიან უხეში მცდელობა, რომ ალასანიას და მისი პარტიის დისკრედიტაცია მოხდეს, მაგრამ წინასწარ ვარ დარწმუნებული, რომ ყოველი ასეთი მცდელობა ვაიპოლიტიკოსებისა, ჩაფლავდება.

ვის და რაში აწყობს ალასანიას გზიდან ჩამოშორება, ვისთვის შეიძლება იყოს ის საფრთხე?

 - ალასანია არის სერიოზული ფიგურა და ძალიან კარგად იცის ტექნოლოგიები, რომელიც გამოიყენებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მისი პროფესიონალური გამოცდილება საკმაოდ მყარ ავტორიტეტს უქმნის მას. რასაკვირველია, ყველას ურჩევნია, რომ ოპონენტი ჰყავდეთ მხოლოდ ივანიშვილი და არა კოალიციის წევრი პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

მართალია, მერაბიშვილი ამბობს, 4 წელი არ უნდა ვაცალოთო, მაგრამ ძალიან მცირეა, უფრო სწორად არც არსებობს შანსი, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე სხვა ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს ნაციონალებმა სხვაზე უკეთ იციან და ასეთ შემთხვევაში რა შიძლება მიიღონ, თუკი კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერების დისკრედიტაციას შეეცდებიან?

- ამაზე მკაფიოდ ისაუბრა პრემიერმა და მინდა გავიზიარო მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზიზღისა და ალერგიის გარდა ვერაფერს მოიპოვებს ქართულ საზოგადოებაში.

ასეთი დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ახალმა მთავრობამ შეძლო ხელისუფლებაში ყოფნის სამთვიან პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადაედგა, თქვენი შეფასებით როგორი ტენდენცია იკვეთება?

- ჩენ მივდევთ უცხოურ სტანდარტებს და ვაფასებთ 100 დღეს. იქნებ მაგალითებიც მოვიძიოთ, სად ხდება, ამ 100-დღიდან 90 დღე, ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ქვეყნის სათავეში, დაკავებული იყოს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის მიერ საბოტაჟის, დემაგოგიის, ცილისწამების, მავნებლობის და დეზინფორმაციის მოგერიებით?

ამიტომ უნდა ჩავთვალოთ, რომ მშვიდი მუშაობის 100 დღე არ ჰქონია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. მაგრამ ფაქტია, რომ გაიაფდა საწვავი, მედიკამენტები. მრავალი მცირე მეწარმისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაუქმდა კერძო ინსტიტუტი საგადასახადო ინსპექტორების, რომელიც დამატებითი უბედურება იყო მოსახლეობისთვის და ყველა ის თემა, რომელზეც იყო საუბარი, დაწყებული ბიუჯეტის შემადგენლობიდან, დამთავრებული საპენსიო რეფორმით, ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს იყო დაძაბული დღეების შედეგი მთლიანად მთავრობაში. დაველოდოთ რეალურ 100 დღეს, რადგან ნაციონალებთან გატარებული ერთი დღიდან ნახევარი დღე სიცრუის ჩახშობისკენ არის მიმართული.