სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქიტექტურულ, ტექნიკურ მხარეებს და ზოგადად შენობის ვარგისიანობას სახელმწიფო კომისია შეამოწმებს. ამის შესახებ for.ge-ს მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა წერილობით აცნობა. სვანეთის საგანძურთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სიახლეს ამ სტატიის ბოლოს შეგიძლიათ გაეცნოთ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ და ეროვნული მუზეუმის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელიც თანამდებობას ამჟამადაც ინარჩუნებს, ახლადაშენებული მუზეუმი ზარ-ზეიმით გახსნეს, რის შემდეგაც თბილისიდან ჩასულ მაშინდელ ნაღებ საზოგადოებას სუფრა „თეთნულდში“ გაუშალეს და ისინი იქვე მოასვენეს. მოლხენა-მოსვენებამდე სააკაშვილმა საგანძურისადმი დამოკიდებულება „შთამბეჭდავად“ გამოხატა – „ამ საგანძურზე ვზივართ და ვცხოვრობდით, ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ასეთ გაჭირვებაში და ვცხოვრობდით საშინელ გაჭირვებაში. ამიტომ, ვამუშაოთ საგანძური გაჭირვებიდან ამოსაყვანად“.
მესტიის გამგეობაში კონკრეტული კითხვები მას შემდეგ გავგზავნე, რაც ცნობილი გახდა, რომ საგანძური (რომელიც ამჟამად მუსიკალური სკოლის შენობაშია დაბინავებული) ახლადაშენებულ, ქიმიური ანაორთქლებით გაჯერებულ მუზეუმის შენობაში შეიძლებოდა გადაეტანათ. გარკვეულ სპეციალისტებთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ, ახლადაშენებული მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით კითხვებით მივმართე კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს. მათ მესტიის გამგეობასთან გადამამისამართეს.
4 იანვარს გამგეობის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისგან წერილობით გამოვითხოვე საპროექტო დოკუმენტაცია, საექსპერტო დასკვნა, ნებართვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე, საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაცია, დამკვეთის მიერ გამოყოფილი კომისიის დასკვნა, შენობის ექსპლოატაციაში შესვლის შესახებ, შენობის ლაბორატორიული დასკვნა, ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე - კერძოდ, რადიაციაზე, რადონზე, მავნე ტოქსიკური აირების გამოყოფაზე და დავინტერესდი როდიდან დაიწყო და როდის დასრულდა ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები; რა მასალები გამოიყენეს ინტენსიური მშენებლობის დროს და როგორია ამ მასალების შრობის კოეფიციენტი და როგორია შრობის დროს გამოყოფილი ანაორთქლების ქიმიური შემადგენლობა.
მესტიის გამგეობიდან მიღებული პასუხის თანახმად, შესაბამისი სპეციალისტებისგან შემდგარი სახელმწიფო კომისიის სვანეთში ჩასვლამდე საგანძურს ახლადაშენებულ შენობაში ხელაღებით არ გადაიტანენ. სანამ სახელმწიფო კომისიის შესახებ დეტალებს დავაზუსტებ, უცვლელად გთავაზობთ მესტიის გამგებლის N74 წერილს:
„ქალბატონო ნინო, თქვენი 2013 წლის 4 იანვრის განცხადების (საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ) პასუხად გაცნობებთ, რომ (განცხადება მიღებულია გამგეობაში 2013 წლის 21 იანვარს) დ. მესტიაში სვანეთის ახლადაშენებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა დღეის მდგომარეობით შესული არ არის ექსპლოატაციაში.
ახლო მომავალში იქმნება და ადგილზე ჩამოვა სახელმწიფო კომისია, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების შემადგენლობით, რომლის შემადგენლობაში იქნებიან აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც.
შემოწმდება შენობაზე შესრულებული, როგორც არქტიტექტურული, ასევე ტექნიკური მხარეები. დადგინდება უსაფრთხოების ნორმები, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები შენობის ვარგისიანობაზე და სხვა. ყოველივე ამის შემდგომ, ყველა დაინტერესებული პირისათვის იქნება ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება მუზეუმის შენობის მშენებლობის ექსპლოატაციისა და ვარგისიანობის შესახებ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მთელი სვანეთის მოსახლეობა ყველაზე მეტად არის დაინტერესებული მუზეუმის შენობის ყოველმხრივ ვარგისიანობაზე. ამ შენობაში უნდა განთავსდეს ფასდაუდებელი ეროვნული განძი, რომელიც არა მარტო სვანეთის კუთვნილებაა, არამედ, სრულიად საქართველოს, ქართველი ერის კუთვნილებაა. პატივისცემით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი“.
წინასაგამოძიებო მოქმედების შედეგი სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა - 22 იანვარს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7-ე განყოფილების გამომძიებლმა გიორგი გამეზარდაშვილმა ზეპირი გასაუბრების ოქმი შეადგინა, რომლის თანახმად, თუ ეროვნული მუზეუმისგან მიღებული პასუხი ჩემს კითხვებზე, სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით, დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ამის შემდეგ გამოძიება დაიწყება, საჯარო ინფორმაციის დამალვისა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით.
ზეპირი გასაუბრების ოქმის შედგენამდე გამომძიებლის თანდასწრებით მე და ადვოკატი მამუკა ნოზაძე შევხვდით ეროვნული მუზეუმის უფლებების დამცველს ადვოკატ ირაკლი შარაბიძესა და ეროვნული მუზეუმის ინტერდისციპლინარული პროექტების მართვის სამსახურის მენეჯერს სალომე გურულს. დაახლოებით 15-წუთიანი შეხვედრა ხმაურიანი იყო.
22-ში გამომძიებლის თანდასწრებით გამართული შეხვედრიდან შვიდი დღის შემდეგ მუზეუმმა ჩემი კითხვების ნუმერაციის შესაბამისად, პუნქტობრივად წარმომიდგინა დამატებით ინფორმაცია, გარკვეული დოკუმენტები და შენიშვნები, რომელზეც დეტალური პასუხი ობიექტური მიზეზის გამო ჯერჯერობით არ მომიმზადებია. მას შემდეგ, რაც მუზეუმისთვის განკუთვნილი პასუხი „ექპსერტიზას“ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან გაივლის, მუზეუმს წარვუდგენ და პარალელურად, შესაბამის სტატიასაც მოვამზადებ.