საკონსტიტუციო ცვლილებები - „ლაგამი“ პრეზიდენტისთვის, თუ...

საკონსტიტუციო ცვლილებები - „ლაგამი“ პრეზიდენტისთვის, თუ...

„მითხარი, როგორი დამოკიდებულება გაქვს კონსტიტუციასთან და გეტყვი ვინ ხარ შენ“ - დამეთანხმებით, უტყუარი ტესტია ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის თუ პოლიტიკური ფიგურის დასახასიათებლად. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის ერთთვიანი პერიოდი დასასრულს უახლოვდება. აღნიშნულმა პროცესმა რამდენიმე პრობლემა გამოააშკარავა, რომელიც განზოგადებას ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია მათი გასაჯაროება. წინამდებარე წერილი იქნება ერთგვარი საფეხური ჩემს წინა წერილსა (For.ge 20.01.2013) და შემდეგ წერილს შორის, რომლის შინაარსიც წინა წერილის დასკვნით აბზაცებში დავაანონსე.

ყველას გვახსოვს ზემოხსენებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინაისტორია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ერთდროულად აღშფოთების და განცვიფრების გამომხატველი ინტონაციით გვიყვებოდა, რომ მისი გუნდის იურისტებმაც კი ვერ დაინახეს ის საფრთხეები, რასაც შეიცავს დღეს მოქმედი კონსტიტუციის მთელი რიგი დებულებები. შეფასება ცოტა გადაჭრბებული და გარკვეული თვალსაზრისით არაკორექტულიც მეჩვენა. ვფიქრობდი, ახალი ხელისუფლების იურისტები 1 ოქტომბრის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობის პირობებში, უბრალოდ, საფრთხეებს ვერ ხედავდნენ, ან სათანადოდ ვერ აფასებდნენ, ამიტომ, მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს ამ თემებით კოალიციის ლიდერის ყურადღების მოცდენა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს რომ გავეცანი და მისი ინიციატორების საჯარო გამოსვლები რომ მოვისმინე, დავრწმუნდი, რომ ბიძინა ივანიშვილი მართალი იყო. კომპეტენციის პრობლემა აშკარაა. სპეციალურ ვებგვერდზე (constitution.ge) შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტს, აქვე შეგიძლიათ ნახოთ ფაქტებით და არგუმენტებით გაჯერებული რამდენიმე ექსპერტული დასკვნაც, შესაბამისი ანალიზითა და რეკომენდაციებით და თავად დარწმუნდებით, რომ „ოცნების“ კანონშემოქმედთა შტაბში საქმე არც ისე კარგად ყოფილა. რაც შეეხება ჩემს მიერ ნავარაუდებ პოლიტიკურ არგუმენტებს საფრთხეების არარსებობასთან დაკავშირებით... ეს თემა განხილვის საგანიც კი არ გამხდარა.

თავს ნამდვილად ვერ მივცემ იმის უფლებას, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, მხოლოდ ჩემი დილეტანტური ცოდნის იმედად, ვინმეს რაიმე ვასწავლო, ან თუნდაც შენიშვნები ვაძლიო. გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება გამაჩნია, შევეცდები, ჩემს ანალიზში ძირითადად სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით ვისარგებლო.

ცვლილებების პროექტის სულისკვეთება ნათელია და ვფიქრობ, მხარდაჭერასაც იმსახურებს. ავტორებს მოსალოდნელი კრიზისები დაუხარისხებიათ და აქცენტი გაუკეთებიათ იმ კრიზისებზე, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. როგორ წარმოგიდგენიათ - ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილი ეუბნება ივანიშვილს: შენი მუშაობით არ ვარ კმაყოფილი, წადი ახლა სახლში და შენს საქმეებს მიხედე, ქვეყანა კი ისევ მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ახალაიებმა უნდა მართონო(!). არ იფიქროთ რაიმეს ვაჭარბებდე. ზუსტად ეს წერია შავით თეთრზე საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ს“ ქვეპუნქტებში.

ცვლილებების პროექტის ავტორები ცდილობენ პრეზიდენტს „ლაგამი ამოსდონ“, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ამას აკეთებენ არასრულფასოვნად და თანაც აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ბალანსის დარღვევის ხარჯზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთ მძიმე ჩანაწერს უყურადღებოდ ტოვებენ, ხოლო არაკონსტიტუციურ კონსტიტუციურ დებულებებს უპირისპირდებიან არაკონსტიტუციური კონსტიტუციური დებულებებით. ოფიციალური დოკუმენტიდანაც და საჯარო გამოსვლებიდანაც აშკარად ჩანს, რომ პროექტის ავტორები და ინიციატივის სხვა გამხმოვანებლები პრეზიდენტის ინსტიტუტს „ნაცმოძრაობის“ კანტორად, ხოლო პარლამენტს „ქართული ოცნების“ კანტორად წარმოიდგენენ და ამ მოცემულობიდან გამომდინარე ერთვებიან პოლიტიკურ ვაჭრობაში.

უფრო კონკრეტულად: ცვლილებების პროექტი აუქმებს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტებს, რომელთა ძალითაც დაუშვებელია პარლამენტის დათხოვნა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის ვადაში და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ძალიან მიჭირს, აღნიშნულს გაგებით მოვეკიდო. მოცემულ დებულებებში არადემოკრატიულობის ნიშანწყალიც რომ არ არის, ამაზე არავინ იდავებს. პირიქით, ისინი ქმნიან პირობას, რომ პოლიტიკური პროცესი დაცული იყოს ხელოვნური კრიზისებისგან, აგრეთვე, ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი მუდმივად იყოს უზრუნველყოფილი.

ფუნდამენტური ღირებულებები იმიტომ არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომ დროის გამოცდა გავლილი აქვს და „გარემოებებიდან გამომდინარე“ გადასინჯვას არ ექვემდებარება, მათ შორის, არც დროებით. ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ის არგუმენტი (რაც ქვეტექსტებში აშკარად იკითხება), რომ სააკაშვილის ხელისუფლება ცუდი ხელისუფლება იყო და მის ხელში არაკონსტიტუციური კონსტიტუციური დებულებები დიდ საფრთხეს შეიცავს, ხოლო ახალი ხელისუფლებისგან არაკონსტიტუციური კონსტიტუციური დებულებების ბოროტად გამოყენების საფრთხეს არ უნდა ველოდეთ, რადგან ის კარგი ხელისუფლებაა, დამეთანხმებით, არათუ კრიტიკას ვერ უძლებს, კომენტარსაც არ საჭიროებს.

დემოკრატიის ტრადიციების არმქონე ქვეყნებისთვის მუდმივად არსებობს იმის საფრთხე, რომ რაინდი, რომელმაც დრაკონი განგმირა, თვითონ შეიძლება იქცეს დრაკონად... ეს ხდება მაშინ, როცა გამარჯვებულის გადაწყვეტილებები და მოქმედებები გადის ხალხის კონტროლის ჩარჩოებიდან. ფუნდამენტური ღირებულებები ის საყრდენია, რომელზეც აღნიშნული ჩარჩო უნდა აიგოს.

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ჩემი შეფასებები გავამაგრო დამატებითი ფაქტებითა და არგუმენტებით.

ის, რაც ახლა უნდა ვთქვა, შეიძლება საქმეში ჩაუხედავმა მკითხველმა ცვლილებების პროექტის ავტორების გაქილიკების მცდელობად ჩამითვალოს, ამიტომ იძულებული ვარ ტექსტის სრულად ციტირება მოვახდინო. ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის იმ პუნქტში (ა.გ.), სადაც საუბარია ინიციატივის მოტივებზე, ანუ ისეთი კონსტიტუციური მექანიზმების შემოღების აუცილებლობაზე, „რომელიც შესაძლებლობას არ მისცემს პრეზიდენტს, უგულებელყოს პარლამენტის, ანუ ხალხის, ნება“, ვკითხულობთ: „კანონპროექტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების გაუქმება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის, ანუ ხალხის, ნების წინააღმდეგ გადააყენოს არსებული მთავრობა, ხოლო შემდეგ შექმნას და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს თავისთვის სასურველი მთავრობა.“ - და აქ იწყება მთავარი - „იმავდროულად, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, მას უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს მისი რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს...“

ჰოი, საოცრებავ!.. მოხერხება არ უნდოდა? - ერთი აბზაცის ორ, ერთმანეთზე გადაბმულ წინადადებაში პრეზიდენტს ჯერ ვუკრძალავთ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადააყენოს მთავრობა, ხოლო შემდეგ („იმავდროულად“) უფლებას ვაძლევთ საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს პარლამენტი  ხალხის ნებას გამოხატავს, თუ არ გამოხატავს(?).

ჩვენო „კეთილებო“, იქნებ აგვიხსნათ, სად გაგიგიათ, სად გინახავთ?.. ვინ კითხავს პრეზიდენტს ხალხის ნდობის არსებობა-არარსებობის განსაზღვრას, თანაც საკუთარი შეხედულებიდან („მიიჩნევს“) გამომდინარე?  რა თქმა უნდა, აქ სააკაშვილზე არ არის საუბარი - ვინ კითხავს რონალდ რეიგანს?.. ვინ კითხავს შარლ დე გოლს?.. ნინიას ბაღია?.. – „გაგულავდნენ“ ბიჭები...

წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, თუნდაც „გარემოებებიდან გამომდინარე“ რომ შევხედოთ, მაინც არასახარბიელო სურათი იხატება. პროექტის ავტორები ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთი ნაწილის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მზად არიან რაღაც „მნიშვნელოვანი“ თვითონაც „დათმონ“. „ნაცმოძრაობის“ ყველაზე გულდათუთქული გულშემატკივარიც კი, როგორი რევანშის წყურვილიც არ უნდა ახრჩობდეს, კარგად აცნობიერებს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მისი ფავორიტისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. მაშ, რა ხდება? ამ კითხვაზე მე მხოლოდ ერთი პასუხი მომეპოვება - სახეზეა არასაკმარისი კომპეტენცია.

კიდევ ერთი „გაუგებრობა“ საფრთხეების დახარისხების პრინციპს უკავშირდება. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ჩაითვალოს მწვავე კრიზისის გამომწვევ საფრთხედ კონსტიტუციის 73-ე მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტები? მაგალითად, თუ სააკაშვილი გამოიყენებს ამ პუნქტების ძალით მინიჭებულ უფლებებს, გადააყენებს მთავრობას, ან თუნდაც მხოლოდ თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, შექმნილი ვითარება რით იქნება ბევრად ნაკლები იმაზე, რაც სააკაშვილის მიერ ახალი მთავრობის ფორმირებას შეიძლება მოჰყვეს?

ვფიქრობ, ამდენ კითხვის ნიშანს ერთგვერდიანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იგი ძირეულად უნდა გადაისინჯოს.

წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ქვეყნის ძირითადი კანონისადმი, რბილად რომ ვთქვათ, ზერელე დამოკიდებულების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, გამონაკლისი შემთხვევა არ არის.

აღნიშნულ კონტექსტში ყურადღებას იმსახურებს ინიციატივა, რომელიც ე.წ. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის ვადის წინ გადმოწევას ეხებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ინიციატივა ინიციატივად დარჩა და მსვლელობა არ მისცემია. თემას არც კი შევეხებოდი, იგი ახალი ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან რომ არ წამოსულიყო. „ზემოდან“ ასეთი „წამოსროლები“ ყოველთვის ქმნის გარკვეულ დაძაბულობებს, რაც, გარკვეულ შემთხვევებში, ამა თუ იმ კრიზისის (თუნდაც უმნიშვნელოს) წინაპირობა შეიძლება გახდეს. მიზეზი აქაც მარტივია - ე.წ. ახალი კონსტიტუციის ამოქმედება, არსებული სახით, დათქმულ ვადებშიც კი მიუღებელი უნდა იყოს დემოკრატიის საფუძვლების მცოდნე და მათი პატივისმცემელი ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ამავე ოპერიდანაა ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ეს არის ინიციატივა, რომელმაც ახალი ხელისუფლებისადმი ნდობა შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს. პარლამენტის არჩევა არ ნიშნავს გარკვეული პარტიებისა და პიროვნებებისადმი მხოლოდ ნდობის გამოცხადებას. პარლამენტის არჩევა, უპირველეს ყოვლისა, არჩეულებისადმი გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. (მკითხველს პატიებას ვთხოვ, ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე რომ მიწევს საუბარი.)

როდესაც დღეს მოქმედ პარლამენტს ვირჩევდით, ვიცოდით, რომ ერთი წლის თავზე ქვეყნის პრეზიდენტიც ჩვენვე უნდა აგვერჩია და ფიქრადაც არ გვქონია ამ უფლების პარლამენტისთვის დელეგირება. გამოდის, რომ პარლამენტი, თვითნებურად, საკუთარ თავს ანიჭებს ისეთ დამატებით უფლებას, რომელსაც შეუძლია, ხალხის ნების გვერდის ავლით, ძირეული ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. აშკარაა, რომ იკვეთება ხელისუფლების უზურპაციის ნიშნები.

ხალხსა და ხელისუფლებას შორის ბზარი თუ გაჩნდა, ხმალაძეს, ქუცნაშვილსა და უსუფაშვილს  არავინ მოსთხოვს პასუხს, უკმაყოფილება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისკენ და მთლიანად ახალი ხელისუფლებისკენ იქნება მიმართული. ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ვალია, გავუფრთხილდეთ ღვთისგან ბოძებულ შანსს, სრულად გამოვიყენოთ  კონსტრუქციული ურთიერთობის  ყველა მეთოდი და ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას ამ გზით შევუწყოთ ხელი დასახული მიზნების განხორციელებაში.

ხელისუფლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გაზრდა უბრალო საქმე რომ არ არის, ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენივე გამოცდილებაა: 2007 წლის ნოემბერში საზოგადოება აპროტესტებდა პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ვადის ექვსი თვით გახანგრძლივებას, რაც მწვავე კრიზისში გადაიზარდა; 2006 წელს პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების ძალით, მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა თითქმის ერთი წლით. ამ გადაწყვეტილების რეციდივია ის კოლიზია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, მაგრამ მაინც აგრძელებს ამ სტატუსით ავი ზრახვების ასრულებას და ქვეყანას ყელში ძვალივით ჰყავს გაჩხერილი; 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები შედარებით ნაკლები ხარისხის „გადაცდომა“ იყო. მიუხედავად ამისა, დღევანდელი პარლამენტი, სრულიად საფუძვლიანად, ცდილობს გაანეიტრალოს ამ „გადაცდომის“ შედეგად გაჩენილი საფთხეები.

მოქმედი პარლამენტის მიერ საკუთარი თავისთვის ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლების მინიჭება იმ კატეგორიის უსამართლობათაგანია, რაზედაც წინა აბზაცში ვსაუბრობდი. როდესაც კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა სურთ, მათი უფლებამოსილებაში შესვლის ვადა, როგორც წესი, ახალი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო ციკლის დაწყებას უკავშირდება ხოლმე, ან ორივეს ერთად. ასე ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ჩვენი ორიენტირიც ეს უნდა იყოს.

მოტივი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს და საკითხი სასწრაფო წესით გადაწყვეტას მოითხოვს, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გამო. პრობლემის გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. სახელმწიფო მოწყობის მოდელად საპარლამენტო რესპუბლიკის (სუსტი პრეზიდენტით) არჩევის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა განიხილებოდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხიც, არაუგვიანეს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვისა, ანუ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში, წესიც დაცული იქნება და კანონიც.

წერილში განხილული ყველა საკითხი ფართო კონსესუსით გადაწყვეტას მოითხოვს. სურს ეს ხელისუფლებას თუ არ სურს, დღის წესრიგში ისევ და ისევ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის აუცილებლობა დგება. როგორც წერილის დასაწყისში აღინიშნა, ამ თემაზე, აგრეთვე, სახელმწიფო მოწყობის მოდელზე და მასთან დაკავშირებულ თემებზე ჩემეულ ხედვებს შემდეგ წერილში წარმოგიდგენთ.