„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მარიკა ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა. ამის შესახებ ვერულაშვილმა ბიუროს სხდომას დღეს მიმართა.
4 თებერვლით დათარიღებულ მარიკა ვერულაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ფრაქცია „რეგიონებს“ ტოვებს.
„გავდივარ „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების“ რიგებიდან“, - ნათქვამია ვერულაშვილის მიმართვაში. ამ ეტაპზე მარიკა ვერულაშვილი გასვლის მიზეზებს არ ასახელებს და არც იმას აფიქსირებს, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს გადასვლას.
For.ge-მ მარიკა ვერულაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას მობილური გამორთული ჰქონდა.
მარიკა ვერულაშვილის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმის შესახებ წინმსწრებად ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2013 წლის 12 იანვარს დააანონსა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მარიკა ვერულაშვილი მძიმე სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავდა, რამდენ ხანს აპირებდა დაუშვებელი უკანონობით პოლიტიკური მიზნების გადაწყვეტას?!
უმცირესობის წევრებზე ზეწოლის მაგალითად მაშინ სააკაშვილმა ყვარლის დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი დაასახელა, რომელიც თურმე იძულებული გახდა, არჩევნების შემდეგ გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ წასულიყო. გარდა ამისა, სააკაშვილი წუხდა, რომ, ასევე, დაკითხეს ვერულაშვილის ოჯახის რამდენიმე წევრი.
„შემდეგ ვერულაშვილი დაბრუნდა. ოჯახის წევრი, რომელიც მიდიოდა უცხოეთში, საზღვრიდან მოხსნეს და დააკავეს. მისი მეუღლე რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ გუშინ დაკითხვაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, მძიმე სტრესისა და ზეწოლის ქვეშ მყოფმა ვერულაშვილმა პარლამენტიდან საერთოდ წასვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ უთხრეს, რომ არა თუ დაეტოვებინა პარლამენტი, არამედ უმცირესობის ფრაქციიდან გასულიყო და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მიეცა ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოჯახის წევრის დაკავებით დაემუქრნენ.
„მას პატარა ბავშვი ჰყავს, ახლად გათხოვილია ამ მეუღლეზე და, თუ ფრაქციას არ დატოვებს, მეუღლის დაჭერით ემუქრებიან“, - აცხადებდა მარიკა ვერულაშვილის ბედით შეშფოთებული სააკაშვილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის რიგები 21 ოქტომბრიდან, ანუ საშემოდგომო სესიის გახსნიდან დღემდე უკვე 9 დეპუტატმა დატოვა, ხომ არ გახდება ეს უმცირესობის დაშლის საფუძველი?!
For.ge დეპუტატებს ესაუბრა.
უმცირესობის წევრი კაკო ბობოხიძე აცხადებს, რომ მარიკა ვერულაშვილის შესახებ მას დიდი ხანია, მსგავსი ინფორმაცია ჰქონდა და არ გამორიცხავდა, ასე მომხდარიყო. თუმცა თუ რამ უბიძგა ვერულაშვილს ამ გადაწყვეტილების მიღება, ამის გასარკვევად კაკო ბობოხიძე ბიძინა ივანიშვილთან გვამისამართებს.
„ამის თაობაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა, რომ მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლები. თუ რა არის ამის მიზეზი, მე არ შემიძლია ვთქვა, ეს ალბათ, იცის ქალბატონმა მარიკამ და ვფიქრობ, იცის ივანიშვილმა ან იმ პირებმა, ვისაც ივანიშვილმა ეს დავალება მისცა“, - აცხადებს კაკო ბობოხიძე.
როცა ჩავეკითხეთ, იქნებ, ღიად გაეზიარებინა თავისი ეჭვების შესახებ, კაკო ბობოხიძემ აღნიშნა, ახლა მარიკა ვერულაშვილზე შეიძლება, სხვანაირად დაისვას შეკითხვა -არსებობდა თუ არა რაიმე სხვა მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან მისი გასვლისთვის?!
ამდენად, უშუალოდ კაკო ბობოხიძისთვის ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და იგი დარწმუნებულია, რომ ვერულაშვილის ეს ნაბიჯი ზეწოლით აიხსნება.
დაიშლება თუ არა უმცირესობა, ამას კაკო ბობოხიძე გამორიცხავს. უბრალოდ, აცხადებს, რომ ახლა შეიკრიბა პარლამენტი და აქამდე ქალბატონი მარიკა ამ განცხადებას ვერ დაწერდა.
„ეს არის ჩვენთვის სამწუხარო, მაგრამ არა მოულოდნელი. როგორც ვიცი, მარიკა არ აპირებს უმრავლესობაში გადასვლას. ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ რა პოზიციას აირჩევს, ამას მომავალი გვიჩვენებს“, - გვითხრა კაკო ბობოხიძემ.
უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური აცხადებს, რომ ამაში ორი აზრი არ არის და, როგორც ჩანს, მარიკა ვერულაშვილი ისე შეავიწროვეს, რომ მან ვერ გაუძლო ზეწოლას. ამის მიუხედავად, უმცირესობის დაშლის პროცესს ხათუნა ოჩიაური გამორიცხავს.
„ის, რომ უმცირესობა დაიშლება, ამის იმედი ნურავის ნუ ექნება. აქ არის ხალხი, ვისაც ღირებულებები და რწმენა აქვს და იმიტომ არ ყოფილან „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ უბრალოდ, ხელისუფლებაში მოხვედრილიყვნენ“, - აცხადებს ხათუნა ოჩიაური და აკონკრეტებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერულაშვილთან არ უსაუბრია.
ექსპერტ გია ხუხაშვილს არასერიოზულად მიაჩნია ნაციონალების ვერსია, თითქოს მარიკა ვერულაშვილზე ზეწოლა განხორციელდა. ექსპერტის თქმით, ყველა ადამიანს აქვს რისკები და ამდენად, ნებისმიერი ადამიანი აკეთებს არჩევანს რისკებიდან გამომდინარე.
„რა იგულისხმება ზეწოლაში?! ფრჩხილები დააძრეს თუ დაემუქრნენ?! ეს იყო სააკაშვილის სტილი, ის მართლაც ემუქრებოდა, აშანტაჟებდა ადამიანებს. მე არ ვიცი, ვერულაშვილის შემთხვევაში კონკრეტულად რა მოხდა, მაგრამ ადამიანს შეიძლება მართლაც აქვს გარკვეული რისკები, რის პრევენციასაც იგი ცდილობს. ეს ჩვეულებრივი და ადამიანურია. მასზე ზეწოლას გამოვრიცხავ, არც მარიკა ვერულაშვილია იმდენად მარტივი ადამიანი, რომ შეშინებოდა ასეთი ტიპის მუქარის“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და მარიკა ვერულაშვილს საკმაოდ გამოცდილ მებრძოლად მოიხსენიებს, რომლის შეშინებაც ასე ადვილი არ არის.
გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი?- გია ხუხაშვილის თქმით, დღესდღეობით ყველა დეპუტატს აქვს იმის საფუძველი, რომ დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან სააკაშვილი ცდილობს, დიქტატორის ილუზია დააბრუნოს ამ ქვეყანაში. ამიტომ ნებისმიერ ნაციონალ დეპუტატს შეუძლია ამა თუ იმ ფორმით ბოდიში მოიხადოს საქართველოს საზოგადოების წინაშე იმისთვის, რასაც ისინი ცხრა წლის მანძილზე აკეთებდნენ.
„მე თუ მკითხავთ, ბოდიშის მოხდის ერთ-ერთი ფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაა. მარიკა ვერულაშვილმა ეს გზა არჩია და ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს არის ბოდიშის გარკვეული ფორმა, რასაც ქართული საზოგადოება ან მიიღებს, ან არ მიიღებს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, 1971 წელს დაბადებული მარიკა ვერულაშვილი საქართველოს პარლამენტის ორგზის (2004, 2008) წევრი იყო. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1994-1997 წლებში მუშაობდა პირველი არხის პროგრამა „მაცნეს“ კორესპონდენტად. 1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პრესცენტრში. 2000-2001 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2001 წელს დაიწყო მუშაობა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 2002-2003 წლებში იყო საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. 2004 და 2008 წლებში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად ნაციონალების სიით.