ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ ბელარუსის ხელისუფლებისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის.
„უცნაურად მეჩვენება, რომ სასანქციო სიაში ბევრი პასუხისმგებელი პირი არ შეიყვანეს. რაშია საქმე? ნუთუ ევროპა მიიჩნევს, რომ ასე ცოტა პასუხისმგებელი პირია? ვფიქრობ, ევროპას შეეძლო უფრო მეტი გაეკეთებინა სანქციების კუთხით. სასანქციო სიაში ის პირები უნდა მოხვდნენ, ვინც სასტიკად ეპყრობოდა მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსის თემა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა იყოს“, - აღნიშნა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
18 დეკემბერს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სასანქციო სიაში 29 ფიზიკური პირი და 7 ორგანიზაცია შეიყვანეს.
კერძოდ, სანაქციები დაუწესდა პარლამენტის ზედა პალატის სპიკერს, ნატალია კოჩანოვას, გენერალურ პროკურორს, ანდრეი შვედს, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის მინისტრს, იგორ ლუცკის და ვიცე-პრემიერს, ანატოლი სივაკს.