თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი აშშ-სგან სანქციების გაუქმებას ელის

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი აშშ-სგან სანქციების გაუქმებას ელის

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, აშშ-ის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციები თურქეთისა და აშშ-ის ერთობლივ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში ზიანს აყენებს.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ აშშ თავის პოზიციას გადახედავს და ამ მცდარ ნაბიჯზე უარს იტყვის. თურქეთისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხი აშშ-ის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში უნდა დააყენონ“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი ის ქვეყანა არ არის, რომლის ინტერესების უგულებელყოფა შეიძლება.

„საუბარია სახელმწიფოზე, რომელთანაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სთვის, ასევე ნატოსთვის. თურქეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია რაიმე ნაბიჯის გადადგმა ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.