ფონდები ოთხივ მხარეს და ოთხივე მიმართულებით

ფონდები ოთხივ მხარეს და ოთხივე მიმართულებით

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა 4 ფონდზე იქნება დამოკიდებული. აქამდე არსებულ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს, კიდევ სამი დაემატება. პრემიერის გადაწყვეტილებას ექსპერტები ცალსახად იწონებენ.

„ვაფუძნებთ სამი ტიპის ფონდს. პირველი ფონდი იქნება საქართველოს სუვერენული ფონდი, რომლის დაფუძნების პროცესი უკვე დაწყებულია და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორი გახლავთ ყველაზე დიდი საინვესტიციო ბანკი „ჯიპი მორგანი“. მე შეხვედრები მქონდა მის პრეზიდენტთან დავოსში და საბოლოოდ შევჯერდით და პირობებიც ჩამოვაყალიბეთ. ეს ძალიან დიდ დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას. სუვერენული ფონდი  კეთდება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

რიგით მეორე საქართველოს ახალგაზრდული ფონდი იქნება, რომელიც ინოვაციურ ფონდს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც, პრემიერის განმარტებით, ახალგაზრდა მეცნიერებსა და ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ მიიღონ დამატებითი დაფინანსება და ინვესტიციები, რათა ქვეყანაში საკუთარი ინოვაციური პროექტები განახორციელონ.

მესამე კი კერძო საინვესტიციო ფონდია, რომელიც პრემიერის თქმით, მისი ძველი იდეაა და ახლა აღდგა.

„ეს დაახლოებით ასე შემიძლია აგიხსნათ: ყველა უცხოელს და არა მხოლოდ უცხოელს, ვისაც სურვილი გაუჩნდება და ექნება გამართული, დასაბუთებული რენტაბელური პროექტი საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად, ეს ფონდი გამზადებული პარტნიორი იქნება მათთვის.

საინტერესო პროექტის შემთხვევაში ფონდი თანადაფინანსებას გაუწევს მათ 25%-დან 75%-მდე. ამ ფონდის, ისევე როგორც სუვერენული ფონდის მოცულობა იქნება, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარი. ჩემი გადმოსახედიდან, თუკი ვინმე უცხოელს ექნება რეალური სურვილი და პროექტი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა, პრაქტიკულად, გამზადებული პარტნიორი ხვდება, რაც ძალიან გააიოლებს მათ მოზიდვას“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

გარდა ზემოთჩამოთვლილი ფონდებისა, უკვე არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთმილიარდიანი ფონდი, რომელშიც თანხების მოზიდვა დაწყებულია. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა 4 ფონდზე იქნება დამოკიდებული.

„საინვესტიციო ფონდების შექმნა ეკონომიკის სტიმულირებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.

მისი თქმით, ინვესტორები დიდ ყურადღებას უთმობენ, როგორ აქტიურობს ქართული მხარე საკუთარ ბაზარზე და ფონდების ამოქმედება და პროექტებში თანამონაწილეობა მათთვის დამატებითი სტიმული იქნება.

„საინვესტიციო ფონდები ერთადერთი გადარჩენაა ეკონომიკისთვის. იმ ფონზე, როდესაც მთავრობას გაზრდილი აქვს სოციალური ხარჯები, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდა სწრაფი ტემპებით მოხდეს. ეს ფონდები ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს-პროექტების განვითარებას. ძალიან მნიშნველოვანია „ახალგაზრდობის ფონდიც“, რომელიც „სტარტაპ“ ბიზნესს დააფიანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი ბიზნეს-პორექტები განუხორცილებელი არ დარჩება“, - ამბობს ექსპერტი.

ექსპერტი ავთო სილაგაძე თვლის, რომ ფონდების შექმნა და ამოქმედება ძალიან მნივშნელოვანია, მაგრამ ამავე დროს დასახვეწია.

„საერთოდ არსებობს მოსაზრება, რომ უმჯობესი იყო შექმნილიყო ერთი მძლავრი ეკონომიკის განვითარების ფონდი. თუმცა, ახლა, მთავარია, საკითხები უფრო დაიხვეწოს, რათა ფონდებმა ეფექტურად იმუშაონ. მაგალითად, საპარტნიორო ფონდის ძირითადი ფუნქცია სახელმწიფო ქონების მართვაა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში არსებობს საწარმოთა მართვის სააგენტო, რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, შესაბამისად, ინტერესები იკვეთება. ფონდის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს და ფუნქციები გაიმიჯნოს“, - ამბობს ექსპერტი.