საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, თავდაცვის უწყებამ დღეს, საინფორმაციო კამპანია დაიწყო. სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას საკონტრაქტო სამსახურის პირობებს პირადად გააცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბიულეტინებს დაურიგებენ.
დღესვე, მასმედიის წარმომადგენლები ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ, სადაც რეკრუტები ძირითად საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან. ჟურნალისტებს მეგზურობა სასწავლო ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ გაუწია და რეკრუტების მიღების პროცესი გააცნო. ჟურნალისტებმა სასწავლო ცენტრში სასწავლო აუდიტორია, სიმულაციების ცენტრი და ყაზარმები დაათვალიერეს.
„სასწავლო ცენტრში რეკრუტები ძირითად სამხედრო მომზადების კურსს გაივლიან. ეს კურსი 12 კვირას მოიცავს. 9 კვირა ინდივიდუალურ მომზადებას დაეთმობა, ხოლო 3 კვირა - სპეციალიზებულ მომზადებას. სამკვირიან მომზადებაში შედის - ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნელის მომზადება, ავტომატური დაზგიანი ყუმბარმტყორცნელის გათვლის ნომრის მომზადება, მეტყვიამფრქვევის მომზადება, ლულისქვეშა მეტყვიამფრქვევის მომზადება. ცხრა კვირის განმავლობაში რეკრუტი იმ დონეზე დაეუფლება სროლას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ჯარისკაცი, როგორც ერთეული მებრძოლი“ - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ბერიამ.
საწყისი საბრძოლო მომზადება მარტში დაიწყება. კურსის დასრულების შემდეგ, მომავალი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.