საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დღეს, თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ მედიის წარმომადგენლებს რეკრუტირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„კონტრაქტი 4 წლის ვადით ფორმდება. ამ წლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები ანაზღაურებას, ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით იღებენ. თუმცა, მოკლე დროში იგეგმება ხელფასის გაზრდა, დაახლოებით 20%-ით და შეიძლება უფრო მეტითაც. თავდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის დაზღვევას, როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსაც სთავაზობს. სამინისტროში ასევე, ძალიან კარგი შესაძლებლობებია იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ტიპის სწავლება გაიარონ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მომავალში სამხედრო სამსახურის გაგრძელების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს კიდევ უფრო მეტ სოციალურ გარანტიების სთავაზობს“, - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიაში, საკალათბურთო კლუბ „არმიას“ მოთამაშეებმაც მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენებმა თბილისში სპეციალური ბროშურები და ჟურნალები დაარიგეს. კალათბურთელებმა მოსახლეობას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები გააცნეს და სამხედრო პროფესიის პრივილეგიებზე ესაუბრნენ.