როგორც გაირკვა, გენადი ონიშჩენკოს ქართულ ღვინოზე მეტად რძის პროდუქტები უყვარს. მიუხედავად მისი პირადი გემოვნებისა, ჩვენი ალკოჰოლური პროდუქიცა რუსეთში გაზაფხულზე დაბრუნდება, თანაც საკმაოდ მაღალი ფასით. 1 ბოთლი ქართული ღვინო მინიმუმ 15 ლარი ეღირება.
2013 წლის 3 თებერვალს კი საქართველოდან მოსკოვში შვიდკაციანი დლეგაცია გაემგზავრა. დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში შედიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით გრიგოლია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია, ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინათინ კეზელი, „ქართული ღვინის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, ასევე „ხილისა და ბოსტნეულის კომპანიის“ დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი.
ქართული დელეგაციასა და გენადი ონიშჩენკოს შეხვედრა გუშინ შედგა. შეხვედრას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა პროდუქტიული უწოდა და განაცხადა, რომ ყველა განსახილველ საკითხზე პასუხი მიიღეს.
„დაიგეგმა შემდეგი ნაბიჯები, ერთ კვირაში რუსი სპეციალისტები ეწვევიან საქართველოს. ის, რაც ჩვენ რუსულ მხარეს ავუხსენით, ამას თავისი თვალით ნახავენ. ამის პარალელურად, ჩვენგან მომზადდება ერთობლივი სია ყველა მსურველის, რომელიც რუსეთის ბაზარზე დააპირებს მუშაობას და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით და ორგანიზებით, რუსული მხარე დაიწყებს ამ საწარმოების რეგისტრაციას რუსეთში. ეს არის აუცილებელი პროცედურა“, - განმარტა დავითაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თენგიზ კალანდაძის ცნობით, ერთი კვირის შემდეგ საქართველოს ეწვევა „რუსპოტრებნადზორის“ სპეციალისტების 3 ჯგუფი, 2-2 კაციანი დელეგაციით.
„ისინი დაათვალიერებენ ჩვენს საწარმოებს, ნახავენ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეებს, გაეცნობიან კანონმდებლობას და დაბრუნების შემდეგ ისინი შედეგებს განიხილავენ ონიშჩენკოსთან და, როგორც ვფიქრობ, ძალიან სწრაფად გადაწყდება ჩვენი პროდუქციის ექსპორტის საკითხი რუსეთში”, - აღნიშნავს კალანდაძე.
მისი თქმით, ღვინისა და მინერალური წყლების პარალელურად, მიმდინარეობს ზრუნვა რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ხილ-ბოსტნეულის შეტანის საკითხებზეც და ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ამ მიმართულებითაც წარმატებული იქნება.
რუსეთში გამართული მოლაპარაკების პირველი დღეს გაირკვა, რომ ქართული ღვინო, ჩრდილოეთში უკვე გაზაფხულისთვის დაბრუნდება. თავის მხრივ, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმა გენადი ონიშენკომ ამ ვადას რეალური უწოდა.
„ჩემი აზრით ეს რეალურია და სწრაფიც“, - განაცხადა ონიშჩენკომ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ „როსპოტრებნადზორი“ ჯერჯერობით არ არის მზად რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის მასალები შეუშვას.
„ჩვენ არ გავცემთ ნებართვას ღვინის მასალების შემოტანაზე. ღვინის მასალები ეს არის, რაც ცისტერნებით შემოვა და შემდეგ აქ ჩამოასხამენ“, - აცხადებს ონიშჩენკო.
რაც შეეხება ქართული ღვინის ღირებულებას, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ერთი ბოთლი ქართული ღვინო რუსეთში სულ მცირე 300 რუბლი ეღირება.
„ქართული ღვინო არ იქნება იაფი. ერთი ბოთლის ფასი 300 რუსული რუბლიდან იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
„თბილღვინოს“ პრეზიდენტი გაგა მარგველაშვილი რადიო „თავისუფლებასთან“ აღნიშავს, რუსეთის ბაზარზე ხელახლა შესვლისა და დამკვიდრების შანსის ხელიდან გაშვება არაგონივრული იქნებოდა, თუმცა ერთგვარი ბალანსის დაცვაა საჭირო, რათა არ მოხდეს რუსეთის ბაზარზე ისეთივე გადამეტებული დამოკიდებულების შექმნა, რაც 2006 წლამდე, ანუ ემბარგოს დაწესებამდე, იყო.
„თბილღვინოს“ პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქართული ღვინო კვლავაც ახსოვთ რუსეთში და მას კვლავაც მოელიან. მოთხოვნა არსებობს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად იოლი იქნება ბაზარზე დამკვიდრების პროცედურები.
„ძირითადი გაყიდვები მაინც მოდიოდა ნაციონალურ საცალო გაყიდვების ქსელებზე, სადაც ახლა თაროებზე ადგილები დაკავებულია და ამიტომ გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რათა ქართულ ღვინოს გამოეყოს სათანადო ადგილი რუსეთის საცალო გაყიდვის ქსელებში. ეს დაკავშირებულია ერთგვარ ძალისხმევასთან, ფინანსურ დანახარჯებთან და ასე შემდეგ“, - ამბობს გაგა მარგველაშვილი.