დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა, მისი მთავრობის 100 დღიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. თავდაპირველად პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ამ სამი თვის განმავლობაში იმაზე უფრო მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ჰპირდებოდა.
პრემიერმა განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა დასახელების პროდუქციაზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, ელექტროენერგიის გადასახადი 21-27%-ით შემცირდა, საწვავის ფასები - 10%-ით, თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასიც 10%-ით შემცირდება. ივანიშვილის თქმით, ასევე ფარმაცევტულ პროდუქციაზეც ფასების 30-დან 70%-მდე შემცირების ტენდენცია შეინიშნება, რაც მისი თქმით, იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესმენებმა პრემიერის მოწოდება (რომ მონოპოლიური ფასები არ უნდა არსებობდეს) ყურად იღეს და თვითონ დაიწყეს ფასების შემცირება. ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა.
„ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ გეგმა და იმედი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩებოდნენ და შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტიც ჰქონდათ, რომელიც ახალი მთავრობის მიერ მიღებული ბიუჯეტისგან რადიკალურად განსხვავდება. იმ პროექტის გაუმჯობესება მხოლოდ წინა ხელისუფლების გაუაზრებელი ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდა“, - აცხადებს პრემიერი ივანიშვილი.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაორმაგდა. კერძოდ, 2012 წელს ჯანდაცვის პროექტებისთვის 359 მილიონი იყო გამოყოფილი, ხოლო 2013 წლის ბიუჯეტში იგივე მაჩვენებელმა 633 მილიონი შეადგინა. ასევე 2012 წელს დაზღვევის პროგრამებზე 166 მილიონი იყო გამიზნული, ხოლო 2013 წელს ამ მაჩვენებლმა 505 მილიონი შეადგინა. პრემიერის თქმით, 1 თებერვლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვევის მინიმალური პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო პირველი ივლისიდან ყველა მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს. ამასთანავე, 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის მილიარდ 654 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით, ანუ 275 მილიონით არის გაზრდილი. ივანიშვილის განცხადებით, 1 აპრილიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფი ინვალიდის პენსია 67 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერების პენსიას გაუთანამბრდება და 125 ლარი გახდება, სექტემბრიდან კი იგივე კატეგორიის ადამიანების პენსია 20%-ით მოიმატებს და 150 ლარი გახდება (დღევანდელი საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება). ამასთანავე, ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგული პირების, ასევე პოლიტრეპრესირებულების პენსია 55-დან 100 ლარამდე გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან 57 000 ქულამდე მქონე სოციალურად დაუცველ მოსახლეობის დახმარება გაორმაგდება.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა 2013 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება. კერძოდ, ვისაც 6000 ლარამდე შემოსავალი აქვს, 150 ლარი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება და შესაბამისად, ყოველი წლის ბოლოს ასეთი ადამიანები ბიუჯეტიდან 330 ლარს მიიღებენ. ამასთანავე, ივანიშვილი ამბობს, რომ პირველი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით ჯარიმები მნიშვნელოვნად შემცირდა და კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლება საგადასახადო ორგანოსთან ერთად სასამართლოსაც მიენიჭა, საგადასახადო დავალიანების გადანაწილების ერთწლიანი ვადა სამ წლამდე გაიზარდა და კერძო საგადასახადო ინსპექტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები გაუქმდა, რადგან ეს ინსტიტუტი ხშირად უსამართლოდ დაჯარიმების მოტივებს აჩენდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტში კიდევ ძალიან ბევრი პუნქტი გაუმჯობესდა. პირველი თებერვლიდან პირველ აგვისტომდე მცირემიწიან ფერმერთა ხეშეწყობის პროექტი განხორციელდება და საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის დახმარების ფონდი დააფინანსებს, რომელზეც ივანიშვილი არჩევნებამდე საუბრობდა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამნისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რადგან კარდაკარის პრინციპით ჩატარებული აღწერის შედეგად 640 000 მოსახლეს მიწა დაურეგისტრირდა. პრემიერის თქმით, ვისაც ნულიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მიწა აქვს, მათ სახელმწიფო ხვნა-თესვაში დაეხმარება და სასუქებსაც მიაწვდის, რისთვისაც სასოფლო-სამეურნეო ბარათები არის გამზადებული, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება.
„მე მუდამ ვამბობდი, ხომ გლეხებს მოხვნაში დავეხმარებოდით, მაგრამ ისეთი რამის გაკეთებაც მოვახერხეთ, რასაც მოსახლეობას არ დავპირებივართ. წინა საარჩევნო პერიოდში სამომხმარებლო კრედიტებზე საუბარი არ გვქონია, მაგრამ დღეს გეტყვით, რომ ფერმერებს 5-დან 100 ათას ლარამდე სამომხმარებლო კრედიტის აღება შეეძლებათ. ეს ის კრედიტია, რომლითაც ყველაზე ხშირად ფერმერები სარგებლობდნენ და ეს მათ წელში წყვეტდა, რადგან ამის სანაცვლოდ 32%-ის და მეტის გადახდა უწევდათ. ჩვენ კი მათ ჯანსაღ გადასახადებს ვუწესებთ. გლეხებსა და ფერმერებს 7-8%ის გადახდა მოუწევთ, ხოლო დანარჩენს სოფლის მეურნეობის განივითარების ფონდი დააფინანსებს. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში არ გვქონია. სხვა ყველაფერი, რასაც მოსახლეობას დავპირდით, ყველაფერი გაწერილია და სოფლის მეურნეობას ექნება არნახული დახმარება. თქვენ იქნებით მოწმე იმისა, რომ სოფლის მეურნეობას უპრეცედენტო დახმარება ექნება“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
აქვე იგი აღნიშნავს, რომ მოსახლეობას სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დახმარების ფონდში მილიარდი ლარის აკუმულირებას ჰპირდებოდა, მაგრამ უკვე ახლა ამ ფონდში გლეხებისათვის სამომხმარებლოს სესხების გასაცემად და სხვა სახის დახმარებებისათვის 700 მილიონ ლარზე მეტია გაწერილი. შესაბამისად, სამ წელიწადში ფონდში ბევრად იმაზე მეტი თანხა იქნება მობილიზებული, ვიდრე ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ განათლების სფეროშიც სერიოზული სიახლეებია. კერძოდ, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაორმაგდა, პედაგოგების ანაზღაურება 70-80 ლარით გაიზარდა და წლის ბოლოს (ვინაიდან ისინიც დაუბეგრავ მინიმუმში ხვდებიან) ისინიც დამატებით 330 ლარს მიიღებენ ბიუჯეტიდან. ივანიშვილი კახეთში სტიქიით დაზარალებულების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იქ ზარალის დათვლა სათანადოდ მოხდა, რათა სტიქიით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი სრულად ანაზღაურებულიყო და ის მეთოდი, რომლითაც ეს პროცესი შუქდება, პრემიერის თქმით, არაჯანსაღია.
საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა მისი და მისი მინისტრების ქვეყნის გარეთ ვიზიტები გაიხსენა და თქვა, რომ ყველა მათგანი ძალიან წარმატებული იყო და ოპოზიციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ ხელისუფლებას წარუმატებელი საგარეო პოლიტიკა აქვს, სრული სიცრუეა. ივანიშვილი ამბობს, რომ 14 თებერვალს მისი თურქეთში ვიზიტი იგეგმება. აქვე პრემიერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების სტრატეგია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ თანმიმდევრულად და სწორად ხორციელდება. პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დასაწყისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის რუსულ მხარესთან შეხვედრაც წარმატებული იყო და უახლოეს პერიოდში უკვე მეორე ასეთი შეხვედრა იგეგმება. ასევე დადებითად შეაფასა მან რუსეთში სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით გუშინ წასული ქართული დელეგაციის ვიზიტი და აღნიშნა, რომ სოფლის მეორნეობის ასეთი აღზევებისთვის საჭიროა დამატებითი ბაზრების მოძიება და ერთ-ერთი ასეთი რუსული ბაზარიც იქნება.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლას თავად ჩვენი წინა ხელისუფლება ბლოკავდა, რაც რუსეთში ქართული დელეგაციის გუშინდელმა ვიზიტმა ცხადჰყო.
„გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრ კირვალიძეს ვესაუბრე და აღმოჩნდა, რომ რუსები გაოცებულები არიან, რადგან ისინი რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შესვლას არ კრძალავდნენ. უბრალოდ, საქართველოს წინა ხელისუფლება დაჟინებით ითხოვდა რუსულ ბაზარზე მხოლოდ თავისი ფავორიტი კომპანიების პროდუქციის შეტანას. მე ეს დაახლოებით ვიცოდი და სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნებოდა და მართლაც რუსული ბაზარი ჩვენთვის იხსნება“, - ამბობს პრემიერი.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი სურვილი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა და იქიდანაც გარკვეული დადებითი იმპულსები მოდის, თუმცა ამაზე მეტზე საუბრისგან ივანიშვილმა თავი შეიკავა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ არსებობს პერსპექტივა, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც მოახერხებს და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებასაც. აქვე პრემიერი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკა და საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამერიკის ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობა დაამყარა, რაშიც ივანიშვილის თქმით, დიდი წვლილი ამერიკის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს მიუძღვის და ამისთვის ივანიშვილმა მას მადლობაც გადაუხადა.
პრემიერის თქმით, ამერიკაში ქართველი მინისტრების ვიზიტებმა ცხადჰყო, რომ ამერიკაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია სწორად არის ჩატანილი, რაც სწორედ ნორლანდის დამსახურებაა, რადგან საქართველოს ხელისუფლება არანაირი ლობისტური კომპანიების მომსახურებით არ სარგებლობს.
და ბოლოს, ახალი მთავრობის სამთვიანი მოღვაწეობის მიმოხოლვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის მმართველობა საქართველოში დასრულებულია და მოუწოდებს მოსახლეობას, გაგებით მოეკიდოს ოპოიციას, თუმცა მის „სულელურ გამონათქვამებზე“ რეაგირება აღარ მოახდინოს.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყონფისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თვითონ ბედნიერები იყვნენ და ცდილობდნენ, საზოგადოებაც დაერწმუნებინათ, რომ ხალხი ბედნიერია, ვირტუალურ სამყაროს აღწერნენ და გვარწმუნებდნენ, რომ ქვეყანა ყვავის. ახლა კი საპირისპირო ხდება - ნაციონალების თავს უსიამოვნო ამბები ხდება და ისინი ცდილობენ საზოგადოებაც დაარწმუნონ, რომ ქვეყანაში უბედურება ტრიალებს.
„ახლა ნაციონალები პანიკაში არიან, რადგან მათ მიმართ კითხვები წარმოიშვა და უნდათ, მთელი საქართველოც პანიკაში ამყოფონ. საპატრიარქოში შეხვედრისას სააკაშვილმა მითხრა - ადეიშვილი კი გაიქცაო (რატომ გაიქცა არ ვიციო), მაგრამ ევროპაში ძირითადად ტრამვაით მოძრაობსო. ახლა მე არ გეტყვით, ამაზე რა ვუპასუხე, მაგრამ თუკი ეს კაცი ტრამვაით მგზავრობს, შეგვიძლია ტროლეიბუსის ფული მაინც მივცეთ მას. საერთოდ, ნაციონალებს ტყუილების თქმა ჩვეულებად აქვთ. სააკაშვილმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ თურმე ჩემთან რამდენჯერმე შეათანხმა, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი არ უნდა გამოგვეშვა. ამაზე მასთან საუბარი არასოდეს მქონია. რა თქმა უნდა, მან იცრუა ისიც, რომ 20 000 ადამიანი უმუშევრად დავტოვეთ. ასევე იცრუა, როდესაც თქვა, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა თქვა, თითქოს, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება აუცილებლად არ მიაჩნია. სინამდვილეში ბატონმა ბუკიკიომ პირიქით აღნიშნა, რომ არ შეიძლება პრეზიდენტს ასეთი ფართო უფლებები ჰქონდეს. მერაბიშვილი კი რაღაც აპოკალიფსებს ხატავს. მოგიწოდებთ ყველას, დავმშვიდდეთ, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, რადგან ქვეყანა ვითარდება და არ მოვახდინოთ ამ სიცრუის ტირაჟირება“, - აცხადებს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური კანონის მიღებას, მაშინ ნაციონალები მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერენ მხარს. ბიძინა ივანიშვილი დავით ბაქრაძის ამ განცხადებას უნიჭოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რომ ნაციონალები ადეკვატურად ვერ აღიქვამენ რეალობას და ვერც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების არსი გაიგეს სწორად.
„ჩვენ არავითარ ვაჭრობას მათთან არ ვაპირებთ და არც ხმებს ვაგროვებთ. მათი პოზიცია, დაუჭერენ მხარს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ქვეყნისათვის არაფერს ცვლის. მათ მხოლოდ აქვთ საშუალება, რომ საკუთარი პოზიციები და საკუთარი მომავალი ან მიუღებელი გახადონ საზოგადოებისთვის, ან რაიმე პერსპექტივა შეინარჩუნონ. მე აღმოვაჩინე, რას აპირებდა სააკაშვილი და სწორედ ამიტომ დავაყენე ეს ცვლილებები დღის წესრიგში, რის შემდეგაც ამას დევალვირება გაუკეთდა. დღეს კი ამ საკითხის უფრო მეტი დევალვირება ხდება, როდესაც ამ თემაზე საზოგადოებაში მიდის საუბარი. როგორ ბედავენ ეს ადამიანები დასვან პირობები, რომ თუ მათ კანონს მხარს დავუჭერთ, ხალხს დაუბრუნებენ იმას, რაც მას ისედაც ეკუთვნის და რაც მათ წლების წინ უკანონოდ ჩამოართვეს? ეს არის ხალხის სუვერენული უფლებები“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, თავის დროზე ნაციონალებმა ხალხს ეს უფლებები ჩამოართვეს და პრეზიდენტს დიქტატორული უფლებები მისცა და არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება ასეთი უფლებები ჰქონდეს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ნაციონალები ქვეყანას ვეღარაფერს დააკლებენ, მათ მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება მიაყენონ ზიანი, ხოლო „ქართული ოცნების“ ლიდერების მათდამი მიმართვა მხოლოდ კიდევ ერთი შანსის მიცემაა მათთვის, რომ აირჩიონ, დიქტატორის მხარდამჭერებად დარჩნენ, თუ ქართულ საზოგადოებას მისი ლეგიტიმური უფლებები დაუბრუნონ. აქვე პრემიერი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა თვითონ მიიწეროს, სინამდვილეში კი ეს საქართველოს მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი არჩევანია და ამ სწრაფვას ვერავინ შეაჩერებს და მას არც სპეციალურ კანონში ჩაწერა სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილმა ვახტანგ ხმალაძის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხმალაძის იდეაა, მაგრამ კოალიციაში ეს საკითხი განხილული ჯერ არ ყოფილა. თუმცა აქვე პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად იქცევა და პრეზიდენტს კონკრეტული უფლებები ექნება.
კითხვაზე - ვის მოიაზრებს ბიძინა ივანიშვილი მისი კოალიციის რეალურ ოპონენტად, არის თუ არა ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ხომ არ შეიძლება, რომ მის ოპოზიციაში ირაკლი ალასანიაც ვიხილოთ, პრემიერი პასუხობს, ოპოზიცია დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ და კარგი იქნებოდა, თუ ის კონსტრუქციულად მუშაობას მოახერხებდა, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ივანიშვილის თქმით, სანამ ასეთი ოპოზიცია არსებობს, კოალიცია მდგრადობას შეინარჩუნებს, ხოლო ალასანია ოპოზიციაში გაადასვლას არ გეგმავს. რაც შეეხება ვიცე-პრემიერის ვაკანტურ პოსტს და ამ თანამდებობაზე განსახილველ კანდიდატურას, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისი აზრით, კარგი ვიცე-პრემიერი იქნებოდა განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი, თუმცა მისი კანდიდატურა ჯერ კოალიციასთან არ შეუთანხმებია და ამაზე პირველად სწორედ მედიასთან საუბრობს. ვახტანგ ხმალაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით კი პრემიერი განმარტავს, რომ თავად ხმალაძეს ეს პოსტი მაინცდამაინც არ სურს და მისი ამ თანამდებობაზე დასახელება პირადად ივანიშვილის იდეა იყო. თუმცა, მან ეს სიმბოლურად გააკეთა, რათა საზოგადოებაში და თავად კოალიციაში დაწყებულიყო ფიქრი და მსჯელობა საპრეზიდენტო კანდიდატსა და პრეზიდენტის ინსტიტუტზე. საპრეზიდენტო კანდიდატს კი კოალიცია მსჯელობისა და კონსულტაციების შედეგად წამოაყენებს. აქვე პრემიერი აღნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება, პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენოს თავისი თავი, მათ შორის ირაკლი ალასანიასაც, მაგრამ თუკი ვინმეს ამის გაკეთება სურს, ეს ჯერ კოალიციასთან უნდა იყოს შეთანხმებული.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან ეფექტური მთავრობა ჰყავს და არავითარი გადაადგილებები და საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. რაც შეეხება უშუალოდ ალასანიას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მის მიერ წარმოდგენილ საპრეზიდენტო ეტალონს ალასანია ვერ ერგება, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით იგი მარტო არ მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს კოალიციის ერთიანი პოზიცია იქნება. ხოლო თუ ალასანიას, ან ვინმე სხვას ეს გადაწყვეტილება არ მოეწონება, მათ უფლება ექნებათ, გამოვიდნენ კოალიციიდან და დამოუკიდებლად იყარონ კენჭი პრეზიდენტობის კანდიდატად.
ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მოსალოდნელ ინვესტიციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დავოსში ძალიან საინტერესო შეხვედრები ჰქონდა. იგი კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ წინა ხელისუფლებას უყვარდა, რათა შემდეგ ეთქვა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიოში ჯერ არსად მომხდარა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბიზნესმენებმა კარგად იციან, რომ როდესაც ქვეყანაში ინვესტორი შემოდის და მას ადგილობრივი პარტნიორი ხვდება, ეს უცხოელი ინვესტორის წახალისებას იწვევს. მისი თქმით, ამ პარტნიორის როლს ის სუვერენული ფონდი შეასრულებს, რომელიც ორი მილიარდი ლარის მოცულობისაა და რომელიც ინვესტორებს სთავაზობს, რომ თუკი მათ კომერციული პროექტი ექნებათ, ეს ფონდი მათ 25-დან 75%-მდე თანადაფინანსებას სთავაზობს. ივანიშვილის განმარტებით, მას უცხოეთში მოღვაწე რამდენიმე მსხვილ ქართველ ბიზნესმენთან უკვე ჰქონდა საუბარი და ისინი ამ მხრივ თანამშრომლობისთვის მზად არიან. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ამ საინვესტიციო ფონდში სავარაუდოდ მისი კერძო მატერიალური საშუალებებიც იქნება ჩართული, თუმცა ამ რესურსის მართვაში ის არანაირად არ ჩაერევა, მას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს კოორდინირებას. პრემიერი ირწმუნება, რომ ამგვარი ფონდის არსებობა ინვესტორებს წაახალისებს და შესაბამისად, ეკონომიკის წინსვლას შეუწყობს ხელს.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მოუთმენლად ელოდება, რადგან აინტერესებს, რას ეტყვის იგი დეპუტატებს, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა კითხვებს დაუსვამენ სააკაშვილს პარლამენტარები.
„დეპუტატებს არ აქვთ სურვილი, რომ სააკაშვილი პარლამენტში მივიდეს, გამოვიდეს სიტყვით და წავიდეს. მათ სურთ, სააკაშვილს კითხვები დაუსვან და როგორც ვიცი, ამ პროცედურებს აზუსტებენ“, - აღნიშნავს პრემიერი.
მისი თქმით, არა მხოლოდ უახლოეს მომავალში, არამედ რამდენიმე წლის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სახელი საქართველოს მოსახლეობაში ალერგიას გამოიწვევს, რადგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანას ძალიან ცუდად ექცეოდნენ. ახლა კი მათ ნაწილს აქვს შანსი, რომ ქართულ საზოგადოებაში ღირსეულად ცხოვრების შანსი მოიპოვონ.
კითხვაზე, დავოსში დიმიტრი მედვედევთან კონკრეტულად რაზე ჰქონდა საუბარი, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ეს ძალიან ხანმოკლე შეხვედრა იყო. კერძოდ, ივანიშვილი „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა ე.წ. „რუსულ დილაზე“ მიიწვია, სადაც რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და რუსული ბიზნესსექტორი იყო თავმოყრილი. მედვედევთან კი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან, ივანიშვილის თქმით, მხოლოდ მისალმებით და ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა, რადგან შეხვედრის ფორმატი იყო ასეთი.
„მე იქ სიტყვითაც გამოვედი და მინდა გითხრათ, რომ საოცრად თბილი გარემო დამხვდა. ჩუბაისმა მითხრა, რომ ასეთი ტაში ყველა გამომსვლელს არ შეხვედრიაო. ამ შეხვედრამ დამანახა, რომ ნოსტალგია არსებობს და ურთიერთობის აღდგენის სურვილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის მოსახლეობაში არის“, - აღნიშნავს ივანიშვილი.
მისი თქმით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მას გააჩნია, რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური განწყობა აქვს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ხდება, მან ისეთი არაფერი იცის, რაც ქართული საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი. პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთსაც არ უნდა სურდეს, რომ ეს დაძაბული ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგდება და ეს არ მოხდება რაიმეს დათმობის ფასად. ამასთანავე, პრემიერი აღნიშნავს, რომ რუსი ბიზნესმენებიც დაინტერესებულები არიან ქართული პროდუქციით და თავად საქართველოს ხელისუფლება აპირებს, რომ რუსულ ბაზარზე შესული ქართული პროდუქციის ხარისხი თავად გააკონტროლოს.
ბიძინა ივანიშვილი კომენტარს აკეთებს ასევე პროკურატურის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების დასაკითხად გამოძახებასა და საგამოძიებო უწყებებში მათ არ გამოცხადებაზე.
„გიგი უგულავა რომ მშიშარა იყო, ეს თავად ნაციონალებმაც იცოდნენ და სააკაშვილი მას საკმაოდ უხეში სიტყვებით მიმართავდა ხოლმე. ის ფაქტობრივად პროკურატურამდეც ვერ მივიდა და თან სურს, თავი გმირად მოგვაჩვენოს. ფაქტია, რომ უგულავას და მერაბიშვილის ირგვლივ ბევრი კითხვა არსებობს და უგულავასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამონაკლისი გააკეთა და როგორც თბილისის მერს (როგორც თვითონ უწოდებს თავს, არჩეულ მერს) კაბინეტში მიაკითხა. რაც შეეხება ღვინიაშვილს, როდესაც უმცირესობასთან შეხვედრა მქონდა, მან მკითხა, საზოგადოებას რასაც ჰპირდები რატომ არ უსრულებო. მე ჩევკითხე, რას გულისხმობდა და მან მიპასუხა, მიწის უფასოდ მოხვნას რომ დაპირდი ხალხს, ამას რატომ არ ასრულებო და ამას მეკითხებოდა ღვინიაშვილი ოქტომბერში, რაზეც თავად უმცირესობის წარმომადგენლებს სიცილი აუტყდათ“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
აქვე იგი განმარტებას აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ალასანია დუბაიში იმყოფებოდა და ამასთან დაკავშირებით მას პრემიერმა მთავრობის სხდომაზე კითხვა დაუსვა. ივანიშვილი ადასტურებს, რომ დუბაიში ყოფნასთან დაკავშირებით მართლაც ჰკითხა ალასანიას, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს. პრემიერი განმარტავს, რომ ირაკლი ალასანიას ორი დღის წინ შეხვდა და ლონდონში მის ვიზიტთან დაკავშირებით მისგან ინფორმაცია მოისმინა. ამასთანავე, ივანიშვილი ამბობს, რომ სთხოვს ირაკლი ალასანიას, იმისთვის, რომ ყველა კითხვა მოიხსნას, მან გამოაქვეყნოს თავისი ვოიაჟის მარშრუტი და მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.
„საერთოდ, მინდა, რომ ირაკლი ალასანიას თემა ამოვწუროთ და გეტყვით, რომ ორი დღის წინ შეხვედრაზე, ირაკლიმ განმიმარტა, რომ იგი დაიწყებს თავის პარტიაში წმენდას, თუკი მის პარტიაში „შეგზავნილები“ მართლაც არიან. მეორე საკითხი, რასაც ირაკლი დამპირდა და მე ვფიქრობ, რომ ის ამას მართლაც გააკეთებს, არის ის, რომ ის ორი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავებს და თავდაცვის სამინისტროს ყველაზე წარმატებულ სამინისტროდ აქცევს. კითხვები იყო სამეგრელოსთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ირაკლი არჩევნების პერიოდში სამეგრელოს შვიდ რეგიონს კურირებდა და ვერც ერთში ჩვენ შედეგი ვერ მივიღეთ. ამასთან დაკავშირებითაც ირაკლი დამპირდა, რომ მოკვლევას ჩაატარებს და გაარკვევს რა შეცდომები იყო მენეჯმენტში“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისი განმარტებით, იგი პირდაპირი ადამიანია და როდესაც ირაკლი ალასანიას რაღაც შეცდომა მოუვიდა, ივანიშვილმა მას ამის შესახებ პირდაპირ მიუთითა, რითაც ეს ინციდენტი სრულად ამოიწურა. შესაბამისად, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით ინციდენტი ამოწურულია და არც მისი კოალიციიდან გასვლა არ იხილება.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობას“ ირაკლი ალასანიას გადაბირება სურდეთ, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ. ამასთანავე, მისი თქმით, კოალიციაში დაპირისპირება რომც მოხდეს, ეს ვერც მას და ვერც ქვეყანას ვერაფერს დააკლებს.
„ვინც გაბედავს ამას (მხედველობაში მაქვს კოალიციის წევრები), მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. ჩვენ ჩვენს დანაპირებს ბოლომდე მივიყვანთ. ეს გაუგებრობები კი ვერაფერს დაგვაკლებს ვერც ჩვენ და ვერც ქვეყანას“, - აცხადებს პრემიერი.