ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი კახა ნადირაძე აცხადებს, რომ, ერთი შეხედვით, უამრავი ტერიტორია გასხვისებულია უცხოელებზე, სინამდვილეში კი, მათ უკან ქართველი ჩინოვნიკები დგანან. For.ge კახა ნადირაძეს ესაუბრა.
თქვენ აცხადებთ, რომ მიწების გასხვისება უპრეცენდენტო მასშტაბით მიმდინარეობს, რამაც შეიძლება ე.წ. მიწების რევოლუცია გამოიწვიოს. რას ეფუძნება თქვენი შეშფოთება?
- ეს პროცესი წლების წინ დაიწყო. იმ დროს ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი ფერმერული კოოპერატივების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკის სოფლის მეურნეობის სააგენტოს დეპარტამენტის იურისტ-ექსპერტებმა. პრაქტიკულად, ჩვენ სოფლები გვეკარგებოდა, გვეცლებოდა, იყო ძალიან მაღალი მიგრაცია. ამ პრეისტორიის შემდეგ კი ჩვენ მივედით ქართული მიწების გეგმაზომიერ გასხვისებამდე. არ ვიტყოდი, რომ ეს ხელისუფლებას გამორჩა, რადგან უზარმაზარი ტერიტორიები დაიცალა ხალხისგან. წინასაარჩევნო პერიოდში თიანეთის ისეთ სოფლებში მისვლა მოგვიწია, სადაც 5-10 კომლი ცხოვრობს. იმ სოფლებში ვიღაცები ყიდულობენ მიწებს, ფაქტობრივად, ხშირად ქვეყნები და კონკრეტული გვარები სახელდება, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ კონკრეტული ქვეყნებისა და გვარების მიღმა ქართველი ჩინოვნიკები დგანან „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებმაც ხელი მოითბეს, უზარმაზარი ტერიტორიები მოიზომეს და დღეს იმ მიწებს ტაბუ ადევს. ამას ეძახიან ვიღაცის მიწებს. სინამდვილეში, როცა გლეხი საქონლის გარეკვას ან მიწის დამუშავებას აპირებს, მასთან მიდის ვიღაც პირი და მას ფულს სთხოვს, შენ ჩემს მიწაზე შემოიჭერიო.
ანუ შესაძლოა, ჩვენი მიწა პაკისტანელის ან ჩინელის მიერ არც არის ნაყიდი და სინამდვილეში, მის უკან ქართველი ჩინოვნიკები დგანან?
- ზუსტად ასეა. მე ფაქტები ვიცი, არათუ მიწები, სერიოზული სოფლებია ნაყიდი და უკვე საკუთრებაშია ეს სოფლები.
რომელ სოფლებზეა საუბარი?
- ეს სოფლები ქალაქიდან შორს მდებარეობს. ეს არის ქვემო ქართლის რაიონში, ანუ იმ რაიონებში, საიდანაც მოსახლეობის ძალიან დიდი მიგრაციაა. ამის პირველი ინდიკატორი არის მოსახლეობის მაღალი მიგრაცია. ეს არ ხდება ქვემო ქართლის იმ ნაწილში, სადაც არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს, რადგან ტრადიციულად ეს ადამიანები, მათი ეთნო-ფსიქოლოგიური ბუნების და მიწაზე მიბმულობის მაღალი ხარისხით, არ წყვეტენ ოჯახურ ურთიერთობას მიწასთან. სამწუხაროდ, ქართველები ასე არ ვართ. არაქართული მოსახლეობის ახალი თაობა იქვე ფუძნდება, ახალი ოჯახები იქმნება და ეს აძლევს მათ იმის საშუალებას, არათუ შეინარჩუნონ მიწები, პირიქით, გაიფართოვონ კიდეც ტერიტორიები. დღეს, ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ ქართველები, ისევ ქართული ბედოვლათობით აღმოჩნდებიან ხოლმე მათ სეზონურ მუშებად, მათთან მეურნეობებში. უარეს შემთხვევაში კი, ქართველები ტოვებენ ოჯახებს და მოდიან ქალაქში სეზონური მუშახელის პოზიციის საძებნელად, ლუკმა-პურის საშოვნელად. ჩამოყალიბდა სერიოზული მიგრაცია, რასაც სახელმწიფომ მოუყრუა ყური და ცნობილი სამი მაიმუნის პოზიციაში ჩადგა - ვერ ვხედავ, არ მესმის, არაფერს ვამბობ. არადა, სოფლის მეურნეობა ურთულესი მექანიზმია, დაგვეცალა სოფლები.
ფერმერები რა პრობლემას აწყდებიან?
- პრობლემები ფერმერებს განვითარების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრა გვქონდა ნიკა გილაურთან, მაშინ ის პრემიერ-მინისტრი იყო, მე მომეცა განცხადების გაკეთების საშუალება და ვუთხარი, რომ სოფლებში მაღალი მიგრაცია შეინიშნება, ასევე - მოსახლეობის გაღარიბების დიდი ტენდენციაა. ადგილობრივები ყიდიან ამ მიწებს იმ ხალხზე, ვისაც ამის საშუალება აქვს, ახალი მფლობელები კი მათ უკრძალავენ ყოველგვარ ოპერირებას მათ ყოფილ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. პირდაპირ ვუთხარი, ეს ტენდენცია მიგვიყვანს ფეოდალურ საქართველომდე და ეს უნდა გავითვალისწინოთ-მეთქი. ამაზე გილაურს პასუხი არ ჰქონდა. როგორც ეხერხებოდათ, ასეთ თემებზე საუბრისას გაჩუმებდნენ. თუმცა დღეს, ამ პოლიტიკურ სიტუაციაში უფრო მეტი სიმწვავე აქვს ამ პრობლემას. მიწა რომ მივეცით ხალხს, ამას ხომ უნდა მოჰყოლოდა მთელი ინფრასტრუქტურა - დაზღვევა, მიწების გარკვეული ბიოქომიური პასპორტიზაცია?! დღეს გლეხმა ერთი და იგივე გადასახადი როგორ გადაიხადოს სხვადასხვა პროდუქტიულობის მქონე მიწაზე?! შოკური თერაპია თუ არ დავანახეთ, რომ სწრაფად ხდება ამ პრობლემის მოგვარება, არაფერი გამოვა. უკვე გაზაფხული მოდის და საქმე არ ითმენს.
როგორ გესახებათ ამ დარგის შოკური თერაპია?
- აუცილებელია მოკლე დროში სოფლის განვითარების ჩამოყალიბებული, კომპლექსური სტრატეგია შეიქმნას. მიწების კატეგორიზაცია უნდა მოხდეს. პირველ რიგში, ახალგაზრდობა უნდა დაბრუნდეს სოფლებში. ჩვენი მშობლების თაობა, 60-70 წლის ადამიანები ისე გახდნენ პენსიონერები, რომ დაღლა ვერ მოასწრეს საქმეში.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქალაქში არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეულწილად, სოფლისკენ უფრო მეტი მიზიდულობა აქვთ, ვიდრე თავად ზოგიერთი სოფლის მცხოვრებს.
- ეს იმიტომ, რომ ჩვენ გენში გვიდევს ეს.
დიახ, მაგრამ თაობები ჩამოვიდნენ ქალაქში და მიწები აღარ აქვთ სოფლად, ამიტომ ხომ არ უნდა შემუშავდეს ისეთი პოლიტიკა, ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო, როცა ქალაქელებს მიზერულ ფასად გადასცემდნენ ნაკვეთებს? ამით დედაქალაქი განიტვირთება და ხალხი იქნებ, დამკვიდრდეს კიდეც სოფლად.
- გეთანხმებით, ამიტომ კომპლექსური პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, სახელმწიფო თავად უნდა იყოს ამის განმსაზღვრელი. თუ სოფლიდან ქალაქში მიგრაცია არ შეჩერდა, ნებისმიერი ქვეყანა განწირულია დაღუპვისკენ. სხვათა შორის, ეს პოლიტიკა შეიძლება გაატარონ ყოფილი პატიმრების მიმართაც. ადამიანებს მაქსიმალურად გრძელვადიანი კრედიტირება უნდა მისცენ და ეს ხალხი დაასაქმონ, ისინი მოარიდონ ქალაქს, რადგან ქალაქი აღარ იძლევა მცირე ან დიდ ინდუსტრიებში დასაქმების საშუალებას. სახელმწიფო დახმარების მცირე პოლიტიკაც რომ იგრძნოს ამ ხალხმა, წავა და იმუშავებს. რა მოხდა, რომ უპატრონოდ დატოვებული მიწები ამ ხალხს გადაეცეს? არის ამის შესაძლებლობა, ვიდრე ამ მიწებს სხვები არ დაეპატრონებიან.