სააკაშვილის ხელისუფლების მიერ აკრძალული სერიალის „ცხელი ძაღლის“ მე-4 სეზონი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვის ნიუანსებს ასახავს. მართალია, აღნიშნულ სერიალში პრემიერ-მინისტრის როლის შემსრულებელი ქალია და მას საკუთარი დაცვის წევრების დახმარებით კლავენ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებამ მასში რეალობასთან მიახლოებული დრამა ამოიკითხა. იმ დროს დაბლოკილი ეს სერიალი ამჯერად დღის სინათლეს ტელეიმედზე იხილავს.
პრემიერის როლის შემსრულებელს ნინო ბურდულს იმთავითვე უკვირდა, თუ რატომ დაიბლოკა „ცხელი ძაღლის“ აღნიშნული სერიალი. იგი მაშინვე აცხადებდა, რომ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი ყველამ ისედაც იცოდა და ეჭვიც არსებობდა, რომ იგი მოკლეს. ამიტომ, ფილმის ეთერში გასვლა თუ დაბლოკვა, ამ ტრაგიკულ ფაქტს ვერ შეცვლიდა.
ამ ფილმზე მუშაობისას სცენარისტები ხალხში გავრცელებულ ვერსიებს იზიარებდნენ, რადგან მათთვის იმ ეტაპზე უცნობი იყო ზურაბ ჟვანიას დაღუპვაში არსებული გამოძიების ვერსიები. „ცხელი ძაღლის“ მეოთხე სერია 2006 წელს გადაიღეს, 2007 წელს მონტაჟი დაასრულეს და ამის შემდეგ ფილმი „დააპატიმრეს“.
For.ge აღნიშნული ფილმის სცენარის ავტორს კოტე ჯანდიერს ესაუბრა.
როგორც ცნობილია, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს ეს ფილმი დააპატიმრეს. კუდისა და სოდის თანამშრომლებმა ფილმის არა მარტო 12 სერია, არამედ 70 საათიანი დაუმონტაჟებელი მასალაც გაანადგურეს, რომ ფილმი ხელახლა არ დამონტაჟებულიყო. ამას ფილმის რეალისტური ხასიათით ახსნით, რაც პრემიერ-მინისტრის დაღუპვას ესადაგებოდა?
- საერთოდ, „ცხელი ძაღლი“ ისეთნაირად იყო ჩაფიქრებული, რომ მასში უნდა ასახულიყო ისეთი მომენტები, რაც საზოგადოებას იმ დროს ძალიან აღელვებდა. სხვათა შორის, ყველა სეზონს რომ დააკვირდეთ, ისინი კონკრეტულ დროს არის მიბმული. იმ პერიოდის აქტუალური თემები, რაც გვაწუხებდა, მხატვრულ გამოხატულებას ჰპოვებდა ამ სერიალში. თუმცა ეს არის მხატვრული ნაწარმოები, ამას, თითქმის, საერთო არ აქვს რეალობასთან, გარდა განწყობისა და გარდა საერთო სურათის, რაც იყო - შიშისა და ტერორის ატმოსფეროს სახით. თუ ვინმემ ეს აკრძალა და გაანადგურა, არ ვიცი, ეტყობა, ეცნო რაღაცები. ეს მათი პრობლემაა და როგორ მოხდა ეს ამბავი, მე არ ვიცი.
თქვენ როგორ გადაწყვიტეთ სცენარში მაინცდამაინც იმ მონაკვეთის ასახვა, რაც პრემიერის დაღუპვას ეხებოდა?
- როცა ჩავიფიქრეთ ამის დაწერა, ამის შესახებ ვუთხარით გენერალურ პროდიუსერს, რომ თემა დაახლოებით ასეთი იქნებოდა. არავითარი წინააღმდეგობა ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან ამ თემას თავისთავად არ შეხვედრია. მოგვიანებით, როდესაც წარვადგინეთ სცენარი, ეს სცენარი დამტკიცდა, გადაიღეს ფილმი. ამას დაემთხვა პოლიტიკური განწყობები და 7 ნოემბრამდე არ მოესწრო ამის გაშვება. რატომ არ მოესწრო, ეგ არ ვიცი. თუ ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილება იყო ასეთი, უფრო მოხერხებულ დროს ელოდებოდა, რომ უფრო მიზანში მოხვედრილიყო, თუ რა ჰქონდა ჩანაფიქრი, არ ვიცი. ფაქტია, ნოემბრამდე არ მოესწრო ამ სეზონის ჩვენება. მერე უკვე ისეთი „ნოემბერი“ მოხდა... სპეცდანიშნულების რაზმები შეცვივდნენ ტელევიზიაში.
სოდის და კუდის მიერ მოხდა ამ ფილმის მთელი სამუშაო მასალის განადგურება?
- როგორც ვიცი, მთელი სამუშაო მასალა ამოიღეს და წაიღეს. არ ვიცი, გაანადგურეს, თუ სადმე შეინახეს, მაგრამ მიზანი ასეთი იყო, რომ არ დარჩენილიყო მასალა, რათა მომავალში არ ყოფილიყო ფილმის დამონტაჟებისა და აღდგენის საშუალება. თუმცა რანაირად გადარჩა ეს მასალა, ყველაზე საინტერესო დეტექტივი, ჩემთვის ეს არის და ეს ამოუცნობია.
ორი კასეტა გადარჩა, მაგრამ, იქნებ, პირატული მიზნებისთვის გადაწერეს ეს კასატები?
- შეიძლება. ეს გამოსაძიებელი და საინტერესოა. ვიღაცამ ეს თავის თავზე აიღო. მე ვიცი, რომ მაგალითად, მეორე სერიალი - „ყავა და ლუდი“, ისიც მთლიანად წაიღეს და თვითონ უყურებდნენ ამას თავშესაქცევად, ამ დროს იქ არაფერი პოლიტიკური არ არის. პოლიტიკური დეტექტივი კი არა, წმინდა კრიმინალური სერიალია და იქ ეს ალუზიები და რეალობასთან კავშირი ნაკლებადაა. თუმცა, იქაც რაღაც მომენტები არის, რაც შეძლება, რეალობასთან პარალელებს აჩენდეს. ამიტომ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუ ვინ შეინახა და გადაარჩინა კასეტები. ზაზა ურუშაძეს არაფერი უთქვამს ამის შესახებ.
მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ბრწყინვალეა ნინო ბურდულის შესრულებით ეს როლი. სინამდვილეში, ეს სერიალი არის ისეთ ადამიანებზე, ვინც მთელი სულითა და გულით, რაღაც პრინციპების გამო ჩაება „ვარდების რევოლუციაში“ და მერე, დროთა განმავლობაში, მოხდა განჯადოება, აღმოაჩინეს, რომ არასწორ საქმეში მიიღეს მონაწილეობა და ცდილობდნენ, გამოესწორებინათ, რაც კი შეეძლოთ, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. რეჟიმი გამყარებული გახლდათ და შეეწირა ის ადამიანი მართლა მაღალი იდეალების გამო. მერე ამ ბრძოლის შედეგებით სხვა ხალხი სარგებლობს და იდეალისტებისთვის ადგილი არ არის. ეს არის ტრაგედია ამ ხალხის, ვინც მთელი სულითა და გულით მონაწილეობდა რევოლუციაში. სხვათა შორის, ეს რთული როლია და ამას კარგად ასრულებს ნინო ბურდული.
აქ პრემიერ ქალზეა საუბარი, მაგრამ, როცა პრემიერის სახეს ქმნიდით, თქვენს წარმოსახვაში ზურაბ ჟვანია ცოცხლდებოდა?
- ასე პირდაპირ არ არის ვიღაცისგან გადმოხატული ეს პორტრეტი. ეს კრებითი სახეა იმ ადამიანების, რომლებიც მართლა პატიოსნები არიან, წრფელი გულით და უანგაროდ ცდილობენ ამ ქვეყანაში ცვლილებების მოხდენას და აღმოჩნდა, რომ მათი ეს ძალისხმევა ცუდი შედეგის მომტანი იყო და ცუდ საქმეს შეუწყეს ხელი. სხვათა შორის, ეს მთელი თაობის ტრაგედიაა - კრებითი სახეა.
როგორც ჩანს, პრემიერის დაღუპვასთან დაკავშირებით თქვენი ლოგიკა სინამდვილესთან მიმართებით ზუსტი აღმოჩნდა და ამიტომაც დაბლოკეს ფილმი.
- როგორც ჩანს, ზუსტი აღმოჩნდა, თორემ რატომ უნდა აეკრძალათ? ეს არის მხატვრული ნაწარმოები. თუ ეს ასე არ იყო და პრემიერ-მინისტრი ჟვანია არავის მოუკლავთ, მაშინ რატომ ჩავარდა ეს სეზონი და რატომ არ აჩვენეს მაყურებელს?! ეტყობა, რაღაც ეცნაურათ. ეს ჩემი ვარაუდია, თორემ არ ვიცი, სინამდვილეში, რა მოხდა.
თქვენი ინფორმაციით, ამ სერიალების აკრძალვის უკან უშუალოდ სააკაშვილი იდგა?
- არ შემიძლია იმის თქმა, რომ ამის უკან, გინდა თუ არა, სააკაშვილი იდგა, მაგრამ სააკაშვილი როგორ არ იდგა ამის უკან, იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი რეჟიმი შექმნა საქართველოში, თავში არავის მოუვიდოდა, ეს სერიალი გაეშვა. შეიძლება, სააკაშვილამდე არც მიიტანეს ეს ამბავი, თორემ საფერფლეების სროლას დაიწყებდა, ისტერიკებში ჩავარდებოდა და საშიში იქნებოდა. ვერავინ გაბედავდა ამ სერიალის მისთვის ჩვენებას, თვითცენზურა მუშაობდა. თუმცა, არ ვიცი, შესაძლოა, აკრძალა კიდეც. რეჟიმი როცა ასეთი სასტიკი იყო და ტერორი იყო გამეფებული, ბუნებრივია, ყველამ იცოდა თამაშის წესები და არ გამოვრიცხავ, თვითცენზურით აიკრძალა.
ის, რომ ბადრი პატარკაციშვილი დაგთანხმდათ აღნიშნული სცენარის დაწერას და ამის გადაღებას, ამის მიზეზი რა უნდა ყოფილიყო? მას სურდა, რომ ყურადღება ზუსტად პრემიერის ამბებზე გამახვილებულიყო?
- არ ვიცი, რა იდგა ამის მიღმა, ალბათ, იგივე გრძნობა, რამაც ჩემს გონებაში იგივე ჩანაფიქრი დაბადა - აღშფოთება იმით, რომ რაღაც მოხდა, არ გამოიძიეს, რამაც გამოიწვია ასეთი ეჭვები. ეს იყო პირდაპირი ტესტი, თუ რასთან გვაქვს საქმე და ეს ტესტი მაჩვენებელი იყო, რომ აქ ჩამოყალიბდა ავტოკრატია და ტერორისტული ქვეყანა. ესენი არიან ტერორისტები, ასეთი აზრი გაუჩნდა უმრავლესობას. ბადრისაც რატომ უნდა ეთქვა უარი, მით უმეტეს, ეს მხატვრული ნაწარმოები იყო და არა ჟურნალისტური გამოძიება.
დღესაც აქტუალურია ზურაბ ჟვანიას ბუნდოვანი გარდაცვალების ამბავი, ჟვანიას უახლოესი მეგობარმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ პრემიერი როდესაც მოკლეს, ერთ-ერთი ვერსიით, იმ ღამეს ავარია მოუხდა სააკაშვილს. არ ვიცი, თქვენს სცენარში მოვლენები როგორ ვითარდება, მაგრამ, თუ არ ვცდები, იქაც ნახსენებია კონსპირაციული ბინა და მანქანაში კლავენ პრემიერს. როგორ მიხვედით ამ მიგნებამდე?
- ალბათ, დაკვირვებით მივედით ამ მიგნებამდე, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს რა შეიძლება მოუვიდეთ თავში და როგორ შეიძლება ეს განახორციელონ. ამ ლოგიკას მივყევით და აქამდე მიგვიყვანა.
კონსპირაციული ბინა როგორ გაჩნდა?
- არ მინდა, ყველაფერი მოვყვე, რადგან დეტექტივი მაშინ აღარ შედგება. სინამდვილეში, ეს არანაირი კონსპირაციული ბინა არ არის და ამას თქვენც ნახავთ. უბრალოდ, ეს არის ერთ-ერთი მინისტრის ბინა.
პრემიერ-მინისტრ ქალბატონს საყვარელ მამაკაცთან ერთად კლავენ?
- ის კაცი საყვარელი არ არის. ამას წინ უსწრებს სხვა მოვლენები. სხვათა შორის, ბევრი რამ არ არის ფილმში შესული - არ ვიცი, დაიკარგა თუ ვერ გადაიღეს. სცენარში კი ასეა, რომ ამას წინ უსწრებს ბინძური პიარ-კამპანია, დაცვის უფროსს და ამ ქალბატონს უღებენ ფოტოებს და ამტკიცებენ, თითქოს, მათ შორის რაღაც ხდება. სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ არის, მაგრამ ჭორი გაშვებულია და მიცვალებულებს ერთ ლოგინში აღმოაჩენენ. მერე უკვე ძალიან ძნელია რამის მტკიცება.
სცენარში გიწერიათ, ვის ინტერესში შედიოდა ჭორების გავრცელება?
- რა თქმა უნდა, უარყოფითი პერსონაჟების ინტერესებში. უარყოფით პერსონაჟებს ამ სერიალში უჭირავთ მაღალი სახელმწიფოებრივი ადგილები.
პრემიერზე მაღალი ადგილი - პრეზიდენტის?
- არა, ზოგადად, მაღალ სახელმწიფო ადგილებზე ვსაუბრობ. რაც შეეხება პრეზიდენტს, ეს აზრი თუ ვინმეს დაებადება, დაებადოს.