"საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელიც 1991 წელს შექმნილი მე-16 სამთო ბატალიონიდან იღებს სათავეს, აგრძელებს საქართველოსა და NATO-ს წევრი სამხედრო მომსახურეების სპეციალურ სამთო მომზადებას ზამთრის პერიოდში. 20 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის 19 სამხედრო მოსამსახურე სპეციალურ სამთო მომზადებას გაივლიან საჩხერელი ინსტრუქტორების დახმარებით", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (1-14 თებერვალი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "მზადება მაღლა მთაში...".
"თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად ამ 19 მსმენელს უკვე ჩაუტარდა მაღალ მთაში ზუსტად სროლის კურსი. საერთოდ, ზღვის დონიდან რამდენიმე კმ-ში ჰაერი გაუხშოებულია, რაც ცვლის ტყვიის ფრენის ტრაექტორიას როგორც ქვემოდან ზემოთ, ისე ზემოდან ქვემოთ, ასევე პირდაპირი დამიზნებით სროლისას. ქართველმა ინსტრუქტორებმა ქართველი, უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ახალქალაქთან აბულის მთის კალთებზე, ზღვის დონიდან 3000 მ სიმაღლეზე ავარჯიშეს სროლაში. ალპური მომზადება აუცილებელია სპეციალური დანიშნულების დანაყოფებისთვის, მით უმეტეს კავკასიაში, სადაც მაღალმთიან რელიეფზე ბრძოლა ადრეც ყოფილა და არც მომავალშია გამორიცხული. ამაზე მიუთითებს, თუგინდ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სამთო დანაყოფების მზადების პრაქტიკაც", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"2006 წელს ჩამოყალიბებული საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებს შეუძლიათ მოამზადონ ქართული არმიის, ასევე შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებისა და სასაზღვრო პოლიციის ის მოსამსახურეები, რომლებსაც ფიზიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მაღალ მთაში რთული საბრძოლო ამოცანები შეასრულონ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მთავარია არა რაოდენობა (მთებში დიდ დანაყოფებს ვერ გამოიყენებ), არამედ ხარისხი. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მოქმედებს მომზადების როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კურსები. ეროვნულ კურსებში შედის სამხედრო ალპინისტისა და მოთხილამურის, ასევე სამთო-სამაშველო კურსები. ცალკეა ზამთარ-ზაფხულის სამთო მომზადების კურსები ჯგუფისა და ქვედანაყოფის მეთაურებისთვის. საერთაშორისო კურსებში შედის საბაზისო, შუალედური და მაღალი მთის სამთო მომზადების საზაფხულო და საზამთრო კურსები", - წერს სტატიის ავტორი.
"2006 წლის ზაფხულიდან საჩხერის სამთო მომზადების სკოლას არანაკლებ 34 მოსამზადებელი კურსი აქვს ჩატარებული, რომელიც 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. სხვათა შორის, რამდენიმე ათეულმა სამხედრომ ვერ მიიღო კურსის წარჩინებით გავლის სერტიფიკატი, რაც ინსტრუქტორების პრინციპულობაზე მიუთითებს. საერთაშორისო კურსების ჩატარება საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ 2007 წლის ზაფხულიდან დაიწყო და დღემდე 9 კურსის ფარგლებში NATO-სა და PfP-ს წევრი ქვეყნების ასზე მეტი სამხედრო მოამზადა, მათ შორის მეზობელი სომხეთიდანაც. საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ 2010 წელს მიიღო Pfp-ის (პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამა) მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს NATO -სკენ მიმავალ გზაზე", - დასძენს სტატიის ავტორი.
"2010 წლის 20 ივლისს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ერთი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. კერძოდ, დღის წესრიგში იყო საქართველოს მოქალაქის, რუსეთის სასამართლოს მიერ ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდადებულის ზაზა ხერკელაძის, აგრეთვე, სახელმწიფოს ღალატის მუხლით გასამართლებულების, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, პოდპოლკოვნიკ ხვიჩა იმერლიშვილის და პოდპოლკოვნიკ მარლენ ბოგდანოვის (ბალაშვილის) ადვოკატების კასაცია. რუსეთის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ ჩრდილო კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლოს მიერ 2010 წლის 25 მარტს გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ზემოაღნიშნულ სამ პირს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ბრალდებოდათ და იმერლიშვილს - 13, ბოგდანოვს - 15, ხოლო ხერკელაძეს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიესაჯათ", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "ქართველ მზვერავს დახმარება სჭირდება!".
"ეს ხუთწლიანი დრამა 2008 წლის ზაფხულში დაიწყო. "საქართველოს აგენტების შემოსევისა" და "ყოჩაღი" რუსი ჩეკისტების ვაჟკაცობის ამსახველი თეატრალიზებული დადგმის პირველი ნაწილი 2008 წლის 11 აგვისტოს შედგა, როდესაც ეფ-ეს-ბეს ახალი დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, შეშფოთებული სახით, საქაღალდით ხელში ეახლა მაშინდელ რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს. იქვე "შემთხვევით" მყოფი რუსეთის "თავისუფალი" მასმედიის წარმომადგენლები "უდიდესი სენსაციის" მოლოდინში მოუსვენრად ცმუკავდნენ. აბა, უბრალო საქმე ხომ არ იყო მტრის 9 (ხან 10 ასახელებდნენ) აგენტის გამოვლენა! თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებს, ეტყობა, პრობლემები აქვთ არითმეტიკასთან ან რაღაცას ეშმაკობდნენ, რადგანაც მხოლოდ 8 ეჭვმიტანილის გვარი დასახელდა: რამზან თურქოშვილი (დაკავებულია 2008 წლის მაისში), ზაზა ხერკელაძე (დაკავებულია 2008 წლის 28 ივნისს) და ხვიჩა იმერლიშვილი (დაკავებულია 2008 წლის ივლისის დასაწყისში). შემდეგ დღეებში დააკავეს: მარლენ ბოგდანოვი (ბალაშვილი), ალექსანდრ ხაჩიროვი, მიხეილ ხაჩიძე და ზურაბ ალხანაშვილი. ასევე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად დასახელდა ვლადიკავკაზის #19 სკოლის პედაგოგი ხათუნა კუშაშვილიც. თუმცა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ეფ-ეს-ბეს არ გაუვრცელებელია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"ეს პირები 2008 წლის ივნის-ივლისის თვეში უკვე დაკავებული და მაგრად ნაცემ-ნაჟეჟი ჰყავდათ (რაც ნათლად ჩანდა მათ სახეზე "აღიარებით" ვიდეოჩანაწერებზე). თუმცა საინფორმაციო ომში ყველა ტყუილი გამოსადეგიაო და რუსეთის ეფ-ეს-ბემაც "საქართველოს ცხრაკაციანი აგენტურა" 11 აგვისტოს გაიხსენა და სიტუაციის დასამძიმებლად საქმე ისე წარმოაჩინა, თითქოს "აგვისტოს ომის" პერიოდში გამოევლინოს და დაეკავებინოს ეს პირები. ჯაშუშობა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანთა მოდგმის ისეთივე უძველესი ხელობაა, როგორც პოლიტიკა, ვაჭრობა და ა.შ., ხოლო ინფორმაციის მოპოვება მშვიდობიან პერიოდში ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მზის ამოსვლა ყოველ დილას. თავად რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის საქმის ღირსეულ გამგრძელებელს, რამდენიმე ათეული ათასი აგენტი ჰყავდა და ჰყავს მსოფლიოს ყველა კუთხეში. დღე არ გავა, რომ რუსეთის აგენტურის შემოსევაზე განცხადება არ გააკეთონ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. რუსეთისთვის ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა და სავსებით შესაძლებელია. აი, საქართველომ რომ მოინდომოს, თავისი გამოუცდელი და მწირი სადაზვერვო შესაძლებლობებით მოსაზღვრე (თანაც ათწლეულების მანძილზე უკიდურესად აფორიაქებული) ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილო ოსეთის და ა.შ. შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს, ეს უკვე ქვეყნის დაქცევა ყოფილა!" - წერს სტატიის ავტორი.
"რუსეთის ხელისუფლების გათვლით იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო "აგვისტოს ომისთვის" ვითომდა დიდი ხნით ადრე ემზადებოდა, აუცილებელი იყო საქართველოს აგენტურული ქსელის აღმოჩენა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა და სათავეში საქართველოდან წარგზავნილი რეზიდენტი ედგა. რუსეთის ეფ-ეს-ბეს მიერ სწორედ ასეთ პირად დასახელდა ზაზა ხერკელაძე. საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე დღიდან თავი შორს დაიჭირა რუსეთის ბრალდებისგან. რის ჯაშუშები, რა აგენტებიო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ არასწორი ცნობების გავრცელება თურმე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნის გახანგრძლივებას ისახავდა მიზნად. თუ ეს პირები საქართველოს სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობდნენ, მაშინ სათანადო საინფორმაციო მუშაობა ხომ უნდა ჩატარებულიყო დიპლომატიურ კორპუსთან, მასმედიასთან? ხომ უნდა გაებათილებინათ რუსეთის მიერ წამოყენებული ბრალდებები შესაბამისი მტკიცებულებებით? ამის მსგავსი არაფერი მომხდარა და უცხოური მასმედიაც ავტომატურ რეჟიმში იმეორებდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ ვერსიას. თუ ეს პირები საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სპეციალურ დავალებას ასრულებდნენ, რა გაკეთდა მათ გამოსახსნელად? სამწუხაროდ, ამ კითხვაზეც უარყოფითი პასუხია, სხვა შემთხვევაში ზაზა ხერკელაძე უკვე დიდი ხანია სახლში იქნებოდა", - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული პირების რეალური მდგომარეობა მათი ოჯახებისთვისაც კი უცნობი რჩებოდა. მათ ისიც კი არ იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ და ცოცხალი იყვნენ თუ არა მათი მეუღლეები, შვილები, ძმები, მამები... სამწუხაროდ,საქართველო-რუსეთს შორის მდგომარეობა უფრო და უფრო იძაბებოდა, რაც დაკავებულთა მდგომარეობას კიდევ მეტად ამძიმებდა. საბოლოო გადაწყვეტილება ერთი ტელეფონის ზარმა მიგვაღებინა, რომელიც 2009 წლის ზაფხულში გაისმა. ზაზა ხერკელაძის დედა მოსკოვში "ლეფორტოვოს" ეფ-ეს-ბეს ციხეში გამოკეტილი შვილის ბედის გარკვევაში დახმარებას მთხოვდა. ამ თხოვნას მოჰყვა სტატიების ციკლი, რომელიც 2009 წლის ზაფხულში დაიბეჭდა. მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ "საქართველოს მზვერავების" ბრალეულობის დამტკიცება არადამაჯერებელი იყო და მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებულ თვითაღიარებას ეყრდნობოდა. ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური თუ არაოფიციალური მასალის ანალიზის საფუძველზე იკვეთებოდა, რომ დაკავებულთაგან ზოგიერთი შესაძლებელია საქართველოს რომელიმე სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო ან მათი დავალებით მოქმედებდა. თუმცა ამ დასკვნის საჯაროდ გაცხადებისგან, ქვეყნისა და დაკავებულების ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მაშინ თავი შევიკავეთ. საქართველოს მოქალაქე ზაზა ხერკელაძის გამოხსნის კონკრეტულ გზებსაც ვთავაზობდით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. ჯერ კიდევ 2010 წლის აგვისტოში ვწერდით: "ზაზა ხერკელაძე თუ მართლა ამ პატრიოტულ დავალებას ასრულებდა, მის გამოსახსნელად ყველა შანსი გამოვიყენეთ და ყველაფერი გაკეთდა? სულ ახლახან მოსკოვმა აშშ-ში დაკავებული ათი რუსი მზვერავი ოთხ `უცხოეთის აგენტში~ გაცვალა, იქნებ ჰქონდა აზრი ჩვენი მზვერავი საქართველოს მოქალაქედ გვეღიარებინა და მეხუთე კაცად მიგვემატებინა?". საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩვენი გაჩუმება გადაწყვიტა და ზაზა ხერკელაძის ახლობლები დაარწმუნა, ეს პუბლიკაციები თუ არ შეწყდება, თქვენს შვილს ვერაფერს ვუშველითო", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქალბატონი ზეინარი იმის გამო, რომ ზაზას მდგომარეობა უფრო არ გაუარესებულიყო, წლების განმავლობაში თავს არიდებდა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. ამაში "წვლილი" საქართველოს დაზვერვის სამსახურსაც მიუძღვის, რომლის ზოგიერთი ხელმძღვანელი ყოველნაირად ცდილობდა ზაზა ხერკელაძის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულიყო. ბუჩქებში თავჩარგული არა მარტო სპეცსამსახურების ხელმძღვანელები, არამედ "ნაცმოძრაობის" ლიდერებიც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით, იყვნენ. ქ-ნ ზეინარ მარტიაშვილი-ხერკელაძის მდგომარეობა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს: წლების განმავლობაში მას არწმუნებდნენ, რომ არავითარი კონტაქტი არ ჰქონოდა მედიასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთში დატუსაღებული მისი შვილის გამოხსნა არ მოხერხდებოდა. ამ დაპირებებში წლები გავიდა, მდგომარეობა კი დღესაც უცვლელია. ხერკელაძეების ოჯახში კი ტკივილი არ განელებულა. 2010 წელს მძიმედ დაავადდა და მალევე გარდაიცვალა ზაზას მამა, ნოდარ ხერკელაძე. გადატანილი სტრესისა და ყოველდღიური ნერვიულობის გამო მძიმედ დაავადდნენ ზაზა ხერკელაძის დედა და მეუღლე", - ამბობს სტატიის ავტორი.
"2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში ქალბატონი ზეინარი თავად დამიკავშირდა და რამდენიმე დღის შემდეგ მისივე თანხმობით ვესტუმრე. ჩვენ შორის ხანგრძლივი საუბარი შედგა. ქ-მა ზეინარმა ის დოკუმენტებიც მიჩვენა, რომლითაც მან ძველ და ახალ ხელისუფლებას მიმართა. ლამაზ კონვერტებში ჩალაგებულია "ლამაზი" პასუხები: ჩვენი კომპეტენცია არ არის, სხვა უწყებას მიმართეთო. ასე გრძელდება უკვე ხუთი წელი, როდემდე? საუბრისას სრულიად ახალი ფაქტები გახდა ჩვენთვის ცნობილი. დოკუმენტებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში რუსეთის მხარე გვთავაზობდა ზაზა ხერკელაძის გაცვლას საქართველოში 2006 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ და გასამართლებულ ერთ-ერთ პირზე. მაშინ საქართველო ხელისუფლებამ ვიღაცის ხუშტურის გამო უარი თქვა ზაზა ხერკელაძის მზვერავად აღიარებაზე და გაცვლის პროცესი არც დაწყებულა. ამის შესახებ დაწვრილებით შემდეგ ვისაუბრებთ", - დასძენს სტატიის ავტორი.
"მას შემდეგ, რაც გასული წლის შემოდგომაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი გადადგა, თითქმის ყოველკვირა ახალ-ახალ სკანდალში ეხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსულ ყინვაში ფრანგული "მისტრალები" ვერ გაძლებენ, რადგან მხოლოდ 7 გრადუს ყინვაზე არიან გათვალისწინებულიო, - ასეთი სკანდალური განცხადება 26 იანვარს რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა გააკეთა. რა გამოდის? 1,2 მლრდ ევროიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საფრანგეთი რუსეთს ორ საშვეულმფრენო-სადესანტო ხომალდს "მისტრალს" უშენებს, კრემლისთვის წყალში გადაყრილი ფულია? ვიცე-პრემიერ როგოზინისა და მაშინდელი თავდაცვის მინისტრ სერდიუკოვის დაპირისპირება ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მრავალმილიარდიანი ფინანსური მაქინაციების სქემა გამჟღავნდა და თავდაცვის მინისტრი გადადგა, სერდიუკოვზე ზეწოლა დაიწყო და არ არის გამორიცხული, დაიჭირონ კიდეც. რუსეთის არმიამ NATO-ს წევრი ევროპული სახელმწიფოების შეიარაღების შესყიდვა 2008 წლის საქართველოსთან ომის შემდგომ დაიწყო. ვინ-ვინ და, კრემლში მიხვდნენ, რომ ჩვენზე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან რუსეთის "უძლეველ" არმიას ძალზე გაუჭირდებოდა, რადგან აგვისტოში რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებების დროსაც კი ცხადი შეიქნა რუსების პრობლემები, მათ შორის ჯარების მართვაში, საბრძოლო დანაყოფების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებაში", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "რუსებს "მისტრალები" გაეყინებათ?!".
"სწორედ აგვისტოს ომი იქცა სტიმულად, რომ რუსეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვს წამოეწყო სერიოზული კამპანია რუსეთის არმიის გადაიარაღებისათვის. ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზღვარგარეთ, კერძოდ კი NATO-ს წევრ ქვეყნებში, უახლესი შეიარაღების ცალკეული ნიმუშებისა და მთელი პარტიების შეძენა გახლდათ. ერთი შეხედვით ნონსენსი გახლდათ - ის საქართველო, რომელიც NATO-სკენ ასე მიისწრაფოდა (ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ საქართველოს სვლა გახლდათ 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისა) და ჰაერივით სჭირდებოდა დასავლეთისგან შეიარაღებით დახმარება, აგვისტოს ომის შემდგომ ერთგვარი გამოუცხადებელი ემბარგოს ქვეშ აღმოჩნდა. მეორე მხრივ, რუსეთი, რომელმაც ღია სამხედრო აგრესია განახორციელა მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოს მიმართ და მისი ტერიტორიების ნაწილი დაიპყრო, უპრობლემოდ ყიდულობდა შეიარაღებას საფრანგეთიდან, იტალიაში, გერმანიაში, ანუ იმ NATO-ს წევრ ქვეყნებში, რომელიც თურმე აგვისტოს ომის გამო ერთი წლით "გაებუტა" კრემლს და რუსეთთან ოფიციალური ურთიერთობა შეაჩერა", - აღნიშნავს გამოცემა.
"არსებობს დიდი ეჭვი, რომ ამ ძვირად ღირებული გარიგების უკან შეიძლება მდგარიყო თავად სარკოზისა და პუტინის პირადი ფინანსური ინტერესები, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა. "ატკატების" ნიშნები გამოჩნდა მეორე, არანაკლებ გრანდიოზულ გარიგებაში, რომელსაც მოსკოვმა რომთან მიაღწია. 2010 წელს რუსეთსა და იტალიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 2016 წლამდე მოსკოვი შეისყიდდა 1775 ცალ შეჯავშნულ იტალიურ ავტომობილ IVECO LMV-ს, რაშიც 30 მლრდ რუბლს დახარჯავდა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი სერდიუკოვი ამტკიცებდა, რომ რუსეთის არმიის 3 ათასზე მეტი შეჯავშნული ავტომობილი სჭირდებოდა. ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, გარიგება მოხდა პუტინსა და იტალიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონის შორის, რომელთანაც მისი მეგობრობა საქვეყნოდ იყო ცნობილი, ისევე როგორც ამ უკანასკნელის ფინანსური მაქინაციები. გარდა ამისა, განიხილებოდა საფრანგეთის "მომავლის ჯარისკაცის" აღჭურვილობის, ხოლო იტალიიდან კი ბორბლებიანი ტანკების, "კენტავრების" შეძენა რუსეთის არმიისთვის, მაგრამ სერდიუკოვს არ დასცალდა. გასული წლის დეკემბრიდან, რაც რუსეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავისი გუნდი მოიყვანა რუსეთის არმიაში, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო სერდიუკოვის დროინდელი გადაწყვეტილებების გაუქმება, - სამხედროების ფორმა შეიცვალა და მათ სამხრეები უბრუნდებათ; რუსულ სამხედრო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე ისევ საბჭოთა დროინდელ წითელ ვარსკვლავებს დაახატავენ და ა.შ. თუმცა, მთავარი ის გახლავთ, რომ რუსეთი აღარ გააგრძელებს იტალიური შეჯავშნული მანქანების წარმოებას და აღარ ააგებს კიდევ ორ "მისტრალს" თავის ქარხნებში; ანუ უკვე მხოლოდ დადებული ხელშეკრულებები შესრულდება", - დასძენს გამოცემა.