აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმეები გამოჩდნენ - კონკრეტული პირები ღიად ჰყვებიან იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც აკადემიკოსის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. კონკრეტული პირები პროკურატურისგან დაკითხვას მოითხოვენ. ერთი-ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმს უცვლელად გთავაზობთ, საიდანაც შეიტყობთ რა აკავშირებს “თოფუს“ და ოლეგ მელნიკოვს გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან. გურამ შარაძის ოჯახის უფლებების დამცველი ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე კონკრეტული პირის გამოკითხვის ოქმს პროკურატურაში დღეს წარადგენს. მანამდე კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ირაკლი გაბრიჭიძე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომელშიც მასთან ერთად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და შარაძეების უფლებების დამცველი კიდევ ერთი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სიახლეების შესახებ გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ და გიორგი ბარათელის უფლებების დამცველმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გვაცნობეს.
ჯერჯერობით ძიება არ დასრულებულა ბარათელისთვის ე.წ. შტირის აღმოჩენის ფაქტზე - ბარათელი უკანონო ნივთის შენახვისთვისაა ბრალდებული და მას ბრალის სამ წლამდე დამძიმება ისევ ემუქრება. ბარათელის უფლებების დამცველმა ადვოკატმა სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტში შუამდგომლობა წარადგინა - ადვოკატი მამუკა ნოზაძე ქსნის საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის დაკითხვას მოითხოვს, რომელიც მოწმეა იმის, წლების განმავლობაში რა მეთოდებითა და ხერხებით ხორციელდებოდა ზეწოლა გიორგი ბარათელზე. ხსენებული მოწმე ადვოკატ მამუკა ნოზაძეს საპატიმრო დაწესებულებიდან ტელეფონით თავად დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. შტირის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ ადვოკატ მამუკა ნოზაძის ერთ-ერთი შუამდგომლობა უკვე დააკმაყოფილა, რომლითაც ადვოკატი ბარათელის უკლებლივ ყველა თანასაკნელის დაკითხვას მოითხოვს.
გურამ შარაძის მკვლელობის საქმის კიდევ ერთი ახალი მოწმე დაკითხვას ითხოვს
გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ახალი მოწმე, რომლის შესახებაც ამ სტატიის პირველივე აბზაცშია საუბარი, ამჟამად პატიმარია და მზად არის პროკურატურას ჩვენება მისცეს. კონკრეტული პირი ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ გამოკითხა. გამოკითხვის ოქმს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ (სტილი დაცულია):
“2002 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობა დღეს დამაკავეს ყალბი ბრალდებით და აჭარის უმაღლესმა სასამართლომ მომისაჯა მთლიანობაში 14 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2002 წლიდან დღემდე, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გამოვიარე ყველა ის საშინელება, რაც კი არსებობდა ამ პერიოდის სასჯელაღსრულების სისტემაში. ამავე სისტემაში დავინვალიდდი, ისე რომ ვერ ვახერხებ დამოუკიდებლად გადაადგილებას და ინვალიდის სავარძელში ვარ მოთავსებული, უკვე მეოთხე წელია, 2008 წლიდან.
ზუსტად არ მახსოვს თარიღი, მაგრამ იყო ზაფხულის პერიოდი, როდესაც მე უკვე ვიყავი დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში, ე.წ. ბალნიჩკაში მოთავსებული და ვითხოვდი უშედეგოდ დაწესებულების უფროსთან შეხვედრას. ერთხელაც თანამშრომლებმა მითხრეს უნდა შეგახვედროთ უფროსსო და ჩამიყვანეს უფროსის კაბინეტში. იქ დამხვდა ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებსაც სახეზე ვიცნობ, ასევე ვიცი ერთ-ერთი მათგანის სახელი და გვარი - იგი ამოვიცანი ტელევიზორში, ხოლო მეორეს მხოლოდ სახეზე ვიცნობ, ისიც მყავს ტელევიზიით ნანახი, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი. ამ ადამიანებმა მითხრეს, რომ თუ არ დავეთანხმებოდი მათ წინადადებას, სუფთა ჰაერს არ მაღირსებდნენ. ასევე დამემუქრნენ ჩემი შვილის დაჭერით.
მათ შემომთავაზეს, რომ დამერწმუნებინა გიორგი ბარათელი, რომ მიეცა ჩვენება. მე გიორგი ბარათელს მანამდე არ ვიცნობდი და არც ჩემს საკანში იყო ამ დროს მოთავსებული. ერთ-ერთმა მათგანმა, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, ისე, რომ არ წამომდგარა სკამიდან (ხელში ეჭირა ჩემი პირადი საქმე და ექსპერტიზის დასკვნები), მითხრა რომ მეკუთვნოდა სასჯელის გადავადება და გადამივადებდნენ კიდეც სასჯელს ერთ კვირაში, თუ მათ შეთავაზებას დავთანხმდებოდი. მანვე მითხრა, რომ ბარათელს (თუ კი იგი მისცემდა მათთვის სასურველ ჩვენებას) მნიშვნელოვნად შეუმცირებდნენ სასჯელს, ისე, რომ მალე გავიდოდა. მეორე პიროვნება ამ დროს ოთახში იქით-აქეთ დადიოდა და ხელში ტელეფონი ეჭირა.
მეორე მათგანმა, რომლის სახელი და გვარი ვიცი ამჟამად, კონკრეტულად მითხრა, რომ მე უნდა დამერწმუნებინა ბარათელი, რომ მიეცა შემდეგი შინაარსის ჩვენება, კერძოდ, მასთან მივიდოდა გამომძიებელი, მისივე თხოვნით და ბარათელი ჩვენებაში განაცხადებდა, რომ თითქოს გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მას გოგა ხაინდრავამ. ჩვენება რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, მანვე აღმიწერა გოგა ხაინდრავას სახლის ინტერიერი. მითხრა რომ გოგა ხაინდრავას სახლს აქვს დიდი “ზალა“, რომელიც გადატიხრულია ფარდით, სადაც დგას რიკინის ორნამენტებიანი მოჩუქურთმებული ავეჯი, რომელზეც თითქოს გოგა ხაინდრავამ ბარათელს უთხრა, რომ მეგობრებმა აჩუქეს. შეეკითხა კიდეც, ხომ ლამაზია, მოგწონსო?!
ასევე ბარათელს უნდა ეთქვა, რომ გოგა ხაინდრავა ამ საქმის გაკეთების შემდეგ, ანუ გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ მისცემდა 500 000 აშშ დოლარს, სუფთა პასპორტს, მიიყვანდა აეროპორტში და საზღვარგარეთაც უპატრონებდა. ამასთან, ბარათელი ორი წელი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ამასთან, დამემუქრნენ კიდეც, თუ მათ შეთავაზებაზე უარს ვიტყოდი.
მე ვკითხე თუ რატომ ამომირჩიეს მაინცდამაინც მე, რაზეც მათ მითხრეს, რომ შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგითვალისწინებს გიორგი ბარათელი და შეიძლება დაგთანმხდესო. ამასთან მითხრეს, რომ თუ სადმე გავამხელდი, სასტიკად დავისჯებოდი, რაც მე დღემდე მართლაც არავისთვის მითქვამს და ახლა ვაცხადებ ჩემს ადვოკატთან. ამასთან, შენ იმიტომ ამოგირჩიეთ, რომ შენი გაშვება ეჭვს არ აღძრავს, ისედაც გეკუთვნის, შეწყალებით, რომ გაგიშვათ, საეჭვო იქნებაო.
ამის შემდეგ, ორ დღეში ჩემს საკანში შემოვიდა უფროსი და უსაფრთხოების უფროსი. მათ მითხრეს, ბარათელი შემოგვყავს თქვენთან და ვინმეს ხომ არ გაქვთ პრობლემაო. ჩვენ ვუთხარით, რომ პრობლემა არ იყო და შემოიყვანეს გიორგი ბარათელი. კამერაში ვიყავით მანამდე მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ამ საუბრის შემდეგ დარჩა ჩემთან, ჩემივე თხოვნით.
მე ბარათელს რამდენიმე დღის განმავლობაში ვესაუბრე აღნიშნულ თემაზე, თვითონ დაინტერესდა კიდეც და მომიყვა თავისი ამბები, თუ რომელ კამერაში რა შეემთხვა და რა კონფლიქტები ჰქონდა. იგი თითქმის ყველა კამერიდან გარბოდა, იმიტომ რომ ყველგან იყო ზეწოლის ქვეშ. მე რომ მოვისმინე მისი მონაყოლი, შემეცოდა და ვუთხარი, რომ კარები, რომ გაიღებოდა და წყალზე გავიდოდა, უკან აღარ დაბრუნებულიყო, რაც გააკეთა მან და უკან აღარ დაბრუნებულა.
მე მისი საუბრიდან გამომდინარე და ზოგადად სიტუაციიდან გამომდინარე დავრწმუნდი, რომ ის არ იყო ბატონ გურამ შარაძის მკვლელი. ამის შემდეგ ჩემზე, იმის გამო, რომ არ შევასრულე მათი მოთხოვნები ბარათელთან მითითებაში, განხორციელდა წამება და გრძელდებოდა თვეების განმავლობაში.
მე მოვითხოვ დამკითხოს გამოძიებამ და მზად ვარ მივცე სრულყოფილი ჩვენება, თუ როგორი სახის ზემოქმედება და წამება განხორციელდა ჩემზე, რისი დამტკიცებაც მე შემიძლია.
აქვე ვაცხადებ, რომ იმ ადამიანებიდან ერთ-ერთი, რომლებიც მთავაზობდნენ ბარათელისთვის მეთქვა, რომ თითქოს მას გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა გოგა ხაინდრავამ, იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელიც ხშირად ტელეფონში საუბრობდა და მეორე პიროვნებას ეუბნებოდა, რომ “თოფუს“ გავაგებინოთ თუ არა თანახმა, რომ არისო. ზოგიერთ შემთხვევაში ვიღაც შეფსაც მოიხსენიებდა ხოლმე“.
მკითხველს აქვე შევახსენებ, რომ ე.წ. შტირის (გნებავთ ლურსმნის, ან წათლილი კბილის ჯაგრისის) ინცინდენტიდან სამი დღის შემდეგ - 2012 წლის 30 ნოემბერს, გიორგი ბარათელმა უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს ღია წერილით მიმართა და დახმარება სთხოვა. ამ ვრცელ მიმართვაში ბარათელმა იმ პატიმარზეც ისაუბრა, რომლის გამოკითხვის ოქმიც ამ სტატიაში შემოგთავაზეთ. ყოველი შემთხვევისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ბარათელის ღია წერილიდან:
“... ჩემ პატიმრობის განმავლობაში მუდმივად „ნასედკა“ პატიმრების გარემოცვაში ვიმყოფებოდი. ე.წ. „ბალნიჩკაზე“ ყოფნისას ბათუმელმა პატიმარმა, ვინმე ხვიჩამ შემომთავაზა, რომ შემოიტანდა ე.წ. „ჟუჩოკს“, ანუ ჩამწერს (დეპარტამენტის მეშვეობით) და უნდა მეთქვა, რომ ოპოზიციონერმა გოგა ხაინდრავამ მთხოვა, რომ მომეკლა გურამ შარაძე, რაზეც არ დავთანხმდი და შემომთავაზა მეორე ვერსია, თითქოსდა რუსმა ქილერმა მოკლა გურამ შარაძე და აიღე შენს თავზე იმის გამო, რომ გოგა ხაინდრავა არის რუსეთთან დაახლოებული და იგი არ დამტოვებდა ციხეში. ბათუმელ ხვიჩას, რომლის გვარიც არ ვიცი და იყო ინვალიდი, სურდა, რომ ვითომდა გურამ შარაძის მკვლელობა გახსნა და ამით მიიღებდა თავისუფლებას და მეც დამეხმარებოდა განთავისუფლებაში. ამასთანავე, განხორციელდებოდა ანგარიშსწორება გოგა ხაინდრავას მიმართ, რომლის დაჭერაც ხელისუფლებას სურდა...“
და ბოლოს, შეგახსენებთ იმასაც, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება 2012 წლის 22 სექტემბერს ტელეკომპანია “მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით გააკეთა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პირად მცველს, იმჟამად პატიმარ გიორგი ჩიხლაძეს დათა ახალაია ასე დაემუქრა - ისე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძის მკვლელობა დავგეგმე და გავასაღეო. 2012 წლის დეკემბერში მსჯავრდებულმა გიორგი ჩიხლაძემ ვაკე-საბურთალოს პროკურორსა და მის მოადგილეს ოფიციალური ჩვენება მისცა, სადაც გურამ შარაძის მკვლელობის შესახებაც წერია.