ავტომანქანები თავისუფლების სანაცვლოდ

ავტომანქანები თავისუფლების სანაცვლოდ

ადვოკატი ირმა ჭკადუა შინაგან საქმეთა სამინისტროს აუქციონზე გატანილი ავტომანქანების აუქციონის შეჩერებას სთხოვს, რადგან აუქციონზე გატანილ მანქანებს შორის 30-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი ამოიცნო, რომლებიც მათ ყოფილი ხელისუფლების დროს შსს-ზე ან სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ პირებზე იძულებით გადააფორმებინეს.

ადვოკატმა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ ინსპექციასა და მთავარ პროკურატურას და ამ საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ირმა ჭკადუას მტკიცებით, იმ ფაქტს, რომ ავტომანქანების ჩამორთმევა იძულებით ხორციელდებოდა, ისიც ადასტურებს, რომ ავტომობილების გადაფორმება ხდებოდა იმ მომენტში, როდესაც პირები სასჯელს იხდიდნენ. შემდგომში კი ამ მანქანებით კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები და მათი მეუღლეები სარგებლობდნენ.

ამჟამად აუქციონზე გატანილი მანქანები ეკონომიკის სამინისტროს აქვს გადაცემული სარეალიზაციოდ, მაგრამ ადვოკატის თქმით, გამოძიების დასრულებამდე აუცილებელია აუქციონის შეჩერება, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი მხარე საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს, მანქანები უკვე გაყიდული იქნება და სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდება.

მისი თქმით, შს სამინისტროს ბალანსზე ეს ავტომობილები იმყოფება  ჩუქების შემდეგ და თავად შს სამინისტროს ერთი თეთრიც არ აქვს ამ ავტომობილებში გადახდილი. უფრო მეტიც, ეს ავტომობილები განაჩენს მიღმა არის წართმეული და საუბარი არ არის იმ ქონებაზე, რაც განაჩენით აქვს ხალხს ჩამორთმეული.

„უფრო დიდი საშინელებაა, რომ განაჩენის გარეშე აიძულებდნენ ბრალდებულებს, მათზე რიცხული ძვირადღირებული მანქანები გადაეფორმებინათ შს სამინისტროს სახელზე. ეს ძალადობრივი გზით მოპოვებული მანქანებია. ეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პრინციპებზე დაყრდნობით მოვიდა, ამიტომ ამ ადამიანებისთვის სამართლიანობის აღდგენა დაიწყება მაშინ, თუ მათი კონსტიტუციური უფლება, ანუ კერძო საკუთრების უფლება, ხელშეუვალი იქნება. თუკი ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ წინა ხელისუფლება დანაშაულს ჩადიოდა და დანაშაულებრივი გზით მოიპოვებდა ამ ავტომობილებს, მაშინ თვითონ ნუ დააკანონებენ მათ უკანონო ქმედებას და კეთილი ინებონ, მესაკუთრეებს დაუბრუნონ აღნიშნული ავტომობილები“, - გვითხრა ირმა ჭკადუამ.

ამასთან, ადვოკატმა დაზარალებულ გივი თოდაძის შემთხვევა მოიყვანა, როცა ციხეში მყოფ გივი თოდაძეს საკუთარ მეუღლეზე გააცემინეს მინდობილობა, ამის შემდეგ მისი მეუღლე კუდისა და სოდის მაღალჩინოსნებმა წაიყვანეს სააგენტოში მანქანების გადასაფორმებლად. ამ ქალბატონს იქ გული წაუვიდა და ექიმის დახმარება დასჭირდა, რაც იქ არსებულმა კამერებმაც დააფიქსირეს. ამდენად, ადვოკატი მოითხოვს, აღნიშნული კამერები გახსნან და გამოითხოვონ ეს ინფორმაცია.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული ავტომობილით გადაადგილდებოდა ლევან ქარდავას, ანუ მეგის ქარდავას ძმის მეუღლე, სახელმწიფო ნომრით MIA 400, ხოლო მეორე ავტომობილით გადაადგილდებოდა თბილისის უშიშროების სამსახურის უფროსის მეუღლე.

„ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია რუსთავის სააგენტოდან, თუ როდემდე იმყოფებოდა ამ ადამიანების საკუთრებაში ეს ავტომობილები. ისინი ზუსტად იმ პერიოდშია გადაფორმებული, როცა ეს ადამიანები პატიმრობაში იყვნენ. აღნიშნულ ავტომობილებს დავაყადაღებთ და სამოქალაქო წესით დავიწყებთ დავას, ეს ძალიან მარტივია. თუ საქართველოში ვერ მივაღწიეთ სიმართლის დამტკიცებას, მივმართავთ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა ვიმედოვნებთ, ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, მსგავსი ტიპის საქმეები წავიდეს სტრასბურგში და ალბათ, ამ საკითხს მესაკუთრეების სასარგებლოდ გადაწყვეტენ“, - განმარტავს ირმა ჭკადუა.  

For.ge დაზარალებულ გივი თოდაძეს ესაუბრა.

მან დააკონკრეტა, რომ საუბარია ორ ავტომანქანაზე - „რეინჯროვერ სპორტზე“ და „კრაისლერზე“ და თუ ამ მანქანებს არ დათმობდა, მაშინ საპროცესო გარიგებაც არ შედგებოდა.

დაზარალებულის თქმით, ციხის ნოტარიუსში მას დააწერინეს მინდობილობა მეუღლეზე და შემდეგ მისმა მეუღლემ ორივე მანქანა ერთ პიროვნებას გადაუფორმა. იგი ხელისუფლების მაღალჩინოსანი არ ყოფილა, სავარაუდოდ, პრობაციონერი იყო და ამ პრობაციონერმა ეს მანქანები ჩუქების ფორმით გადასცა შს სამინისტროს.

„როგორც მითხრეს, ჩემი მანქანით დადიოდა ლევან ქარდავა, მისი ოჯახის წევრები და კუდის მაღალჩინოსნები. ძალიან ვენდობი ახალ ხელისუფლებას და იმედი მაქვს, იმავე უკანონობას აღარ გააგრძელებენ, რასაც ძველი ხელისუფლება ჩადიოდა. რატომღაც ისე იყო, რომ ეს ძვირადღირებული მანქანები მაშინ მაღალჩინოსნებს ჰყავდათ. ჯობდა, არ მეყიდა მანქანები, ეტყობა, ამ მანქანებით დაინტერესდნენ“, - აღნიშნა დაზარალებულმა.

მისი თქმით, ეს მანქანები თბილისში სომეხი მეგობრების ფულით იყიდა, რადგან მათ გადაადგილება სჭირდებოდათ და ქართული ნომრები სომხეთში აკრძალული არ იყო. თანაც, მათთან საერთო ბიზნესი ჰქონდა. მერე ფიზიკურად მოუხდა მუშაობა, რომ დაებრუნებინა მანქანების თანხა.

ციხეში მასზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარა. უბრალოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შანტაჟი იყო, რომ საპროცესოს არ აღირსებდნენ, თუ არ დათმობდა მანქანებს.

იმ მომენტში „რეინჯროვერ სპორტი“ ღირდა დაახლოებით 65 ათასი დოლარი, „კრაისლერი“  20 ათასი დოლარი.