ამ უბედურებს, ყველგან „ნაციონალური მოძრაობა“ ელანდებათ

ამ უბედურებს, ყველგან „ნაციონალური მოძრაობა“ ელანდებათ

მერვე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო პირველი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის ემზადება, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში კი, ვნებთაღელვა დღითიდღე მატულობს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილება ეზღუდება, ხვალ დაიწყებს, 6 თებერვლის პლენარულ სხდომაზე კი, საკითხი პირველი მოსმენით გავა.

ხელისუფლება უმცირესობის წევრებს ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, მმართველ გუნდს ულტიმატუმის ენას უწუნებს და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ალტერნატიულ წინადადებებს უყენებს.

კერძოდ, უმცირესობა უმრავლესობას მოუწოდებს - საკონსტიტუციო ქვორუმის 3/4-მდე გაზრდის წესი აამოქმედოს და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ნდობა გამოუცხადოს.

სანამ, საკითხზე, პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსულტაციები დაიწყება, პარლამენტს იმ ცვლილებებზე მოუწევს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის უფლებამოსილება უქმდება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით, მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი შეინარჩუნოს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა პარლამენტი დაითხოვოს და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

საკონსტუტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რა განწყობებია პრეზიდენტის გუნდში, for.ge ფრაქცია „მაჟორიტარების“ ხელმძღვანელს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერთ?

- „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭერს, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური კრიზისების პრევენციისკენ და არა პირიქით.  მზად ვართ მხარი ყველა იმ ცვლილებას დავუჭიროთ, რომელიც კრიზისების შესაძლებლობას გამორიცხავს, ან მინიმუმამდე დაიყვანს. რაც მთავარია, იმ საკანონმდებლო ცვლილებას დავუჭერთ მხარს, რომელიც საქართველოს საგარეო კურსს - დასავლურ ორიენტაციას უცვლელს გახდის.

ანუ, უმცირესობის იმ საკანონმდებლო წინადადებას გულისხმობთ, რომლის მიხედვითაც, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საგარეო კურსის უცვლელობა უნდა დაფიქსირდეს, ასევე, დეოკუპაციისკენ მიმართული პოლიტიკისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განსაზღვრა მოხდეს და საქართველო არ გაწევრიანდეს - დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, .. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებებში?

- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის დათხოვას არ აპირებს, მთავრობის ყურადღება იქითკენ არის გადატანილი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს მთავრობა არ დაითხოვოს. ანუ, მათ სურთ, რომ თავიანთ სკამებზე ისხდნენ, ღამით მშვიდად იძინონ და იმის შიში არ ჰქონდეთ, რომ მათ გადააყენებენ. ჩვენ ვეუბნებით - მშვიდად იძინეთ, რადგან თქვენთვის სკამები ასე მნიშვნელოვანია. ეს სკამები ქართველი ხალხის მიერ მოგენიჭათ და სანამ ქართველი ხალხი არ გადაწყვეტს, რომ ეს სკამები დაგატოვებინოთ, პრეზიდენტი ამ უფლების გამოყენებას არ აპირებს. თუმცა, საგარეო კურსი კონსტიტუციით გაამყარეთ-თქო, რაზეც, როგორც ჩანს, არ გვთანხმდებიან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ  ინტერფრაქციული დოკუმენტი უკვე მომზადებულია, სადაც კურსის უცვლელობის შესახებ არის საუბარი. შესაბამისად, რატომ ამტვრევთ, ღია კარს?

- დოკუმენტი და დეკლარაციები ერთია, მაგრამ მეორეა, საკითხის კონსტიტუციით გამყარება. მაპატიეთ, მაგრამ ხელისუფლება კონკერტული საკითხის დეკლარირებას დღეში სამჯერ ახდენს, მაგრამ საღამოს, უკვე ბოდიშებს იხდის, შესაბამისად, მათი განცხადებებით ვერ დავკმაყოფილდებით და თედო ჯაფარიძის მიერ მომზადებული დოკუმენტის იმედზე ვერ ვიქნებით. უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტის შინაარსი კიდევ უფრო აძლიერებს იმ აზრს, რომ დასავლური ორენტაციის გზაზე, ხელისუფლება ვერ იქნება თანმიმდევრული. ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება, ყოველ დღე ამ კურსისკენ მიმავალ გზებს ანგრევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის როგორ მოახერხეს, რომ სამთვიანი მმართველობის დროს, არა მხოლოდ პარტიორებთან, არამედ მეზობლებთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ურთიერთობა გააუარესეს? თუ შეიძლება, ამ საქმის  გაფუჭებას ვირტუოზული დაერქვას, ეს, ალბათ, ვირტუოზულია.  

ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის პირველ პირს არ ენდობა, რის გამოც, ეს ცვლილებები მოამზადეს. პირადად თქვენ, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მთავრობის დათხოვის საფრთხეს ვერ ხედავთ?

- დიახ, მთავრობის დათხოვის საფრთხეს ვერ ვხედავ. მთავრობას დათხოვის შიშებს მოვუხსნით, მაგრამ მათ ევროინტერგრაციასთან დაკავშირებით, არსებული შიშები თავად მოხსნან. ამ შიშებს შორის კი, რომელი უფრო ხარისხიანია, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. ჩვენ ქვეყნის საგარეო ვექტორი გვაწუხებს, მათ კი - სკამების. ახლა, აჟიოტაჟი საკონსტიტუციო ცვლილებების მოპოვებაზე ატეხეს. საგანელიძე ამბობდა, რომ უამრავი ბერკეტი გვაქვს, რითაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შევძლებთო, მაგრამ ეს ბერკეტები, არ გამოიყენეს? სინამდვილეში, ისინი იმას ააშკარავებენ, რომ ამ ხმების მოპოვებას ზეწოლებით ცდილობენ. თუ ზეწოლას არ აქვს ადგილი, მაშინ სხვა რა ბერკეტი აქვთ? დეპუტატების დაშანტაჟება ყველა მეთოდით სცადეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 100 ხმა მაინც არ აქვთ. მათ მიერ გაკეთებული განცხადება, ლამის, პანიკის დონეზეა. იმედი მაქვს, რომ ოთხშაბათს, ეს ცვლილებები ჩავარდება.

ოთხშაბათამდე ორი დღეა დარჩენილი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამ თვეში, თქვენი რიგები რვა დეპუტატმა დატოვა, თქვენი გუნდიდან კადრების გადინებას გამორიცხავთ?

- ყველა ადამიანს სუსტი წერტილი მოეძებნება, მაგრამ გააჩნია, დღევანდელი ხელისუფლება რას იკადრებს. ალბათ, გაუტეხელი ადამიანი არ მოიძებნება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, უმცირესობა ამ ზეწოლას უძლებს და იმედია, მომავალშიც, გაუძლებს.

რაც შეეხება დავით საგანელიძის მიერ თქვენს მიმართ წაყენებულ ბრალდებას, უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომქართული ოცნებისხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანოძე, რომელიც ივანიშვილის დაცვის წევრის, სურმავას ცოლის დის ქმარიაყოველ საღამოს, თქვენ ინფორმაციას გაბარებდათ. რა კავშირი გქონდათ სანოძესთან?

- ძალიან ხშირად, გამოსვლისას, საგანელიძე ხაზს უსვამს, რომ თურმე, მთელი მისი ცხოვრება ოპოზიციონერი ყოფილა, მას რომ ვუყურებ „რაჭა ჩემი სიყვარული“ მახსენდება, სადაც იპოლიტე ხვიჩიას გმირი მიწაში ხელოვნურად ჩარგულ ხეზე ამბობს - მომკალით და ეს ხე არ მახსოვსო. მომკალით და ქართული პოლიტიკის ისტორიაში, საგანელიძე, როგორც ოპოზიციონერი არ მახსოვს, განსხვავებით, ბერძენიშვილებისგან, ძიძიგურისგან, ზურა აბაშიძისგან. ძალიან არ მსურს, რომ „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოში ჩავერიო, ბოდიშს ვიხდი და თავი უტეხიათ, თუმცა, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობისკენ“ თითის გაშვერა, ეს ის არის, რომ  „შეშინებული ძაღლი მთვარეს უყეფდაო“. ეს არის შეშინებული ადამიანების პოზიცია, რადგან ჩვენს ოპონენტებს, ყველგან „ნაციონალური მოძრაობა“ ელანდება. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია მოკვდაო, მეორე მხრივ კი, საქართველოში თუ რაიმე ხდება, ყველაფერში  „ნაციონალების“ კვალს ხედავენ. არსებული ვითარების შეფასებას არ დავიწყებ და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებ  - ის პროცესები კარგად შეაფასოს, რაც „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარეობს. კერძოდ, ადამიანები, რომლებიც თავიანთ თანამებრძოლებს ასე უღირსად ექცევიან და რას არ აბრალებენ, წარმოიდგინეთ, ხვალ და ზეგ სხვა მოქალაქეებს როგორ მოიექცევიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ბინძურ მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ შიდა პარტიული ბრძოლები მოიგონ. ხალხი უნდა დაფიქრდეს, ასეთი ხალხი ქვეყანას რა სიკეთეს მოუტანს? მართალი, რომ გითხრათ, ის ხალხი მეცოდება, რომლებიც იბრძოდნენ და ახლა, მათ საგანელიძე ჯაშუშობასა და შეგზავნილობას აბრალებს. რუსეთის აგენტებზე გვსაყვედურობენ, რომ აგენტებს ვუწოდებდით და ამ უბედურებს, ყველგან „ნაციონალური მოძრაობა“ ელანდებათ.

8 თებერვალს, პარლამენტში, წლიური მოხსენებით, პრეზიდენტი უნდა წარდგეს. უმრავლესობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსსასიამოვნოგარემო არ დახვდება, ქუთაისში მოღვაწე არასამთავრობი სექტორის ნაწილი კი, სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. გამოსვლისას, თავად, პრეზიდენტი რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას?

- ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, პრეზიდენტს პირველად მოვუსმენ. რაც შეეხება იმ ე.წ. არასამთავრობო სექტორს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქციების გამართვით არის დაკავებული, ისინი არანაირი არასამთავროები არ არიან, არამედ ხელისუფლების მიერ მართული ძალაა და მათ ურჩევნიათ, ის პროცესები გააპროტესტონ, რაც ქვეყანაში ხდება და თავიანთ არსებობას მხოლოდ იმით ნუ შეინარჩუნებენ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მართონ. სიმართლე, რომ გითხრათ, სააკაშვილი იმდენად ძლიერი პიროვნებაა, რომ დღესაც კი, ყველაზე აქტუალურად მის ნაბიჯებს აკრიტიკებენ. ეს კი იმას ადასტურებს, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება და უმოძრაობაა.