სასტავი - თანამედროვე ახალგაზრდული ჟარგონის ერთ-ერთი მთავარი ცნებათაგანი. ნიშნავს საერთო ინტერესებით მცხოვრები, ერთმანეთთან კარგად შეგუებული ახალგაზრდების ჯგუფს, გაერთიანებას, წრეს. მომდინარეობს რუსული სიტყვიდან состав - შემადგენლობა. „ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში, ალბათ სასტავს პირველი ადგილი უკავია. ეს მეგობრების წრეა (...). სასტავი, უბრალოდ, ერთი ჯგუფია, ჯგუფი, რომელიც ერთ გარემოში ტრიალებს, ტრიალებს იმიტომ, რომ ასე სიამოვნებს ან ასე სჩვევია“. (ქეთი ბაქრაძე); “სასტავი - ეს სიტყვა ჩვეთან რაღაც ბირთვის, გაერთიანების გამომხატველია“ (ბექა მოლაშვილი)... „ნუ, მოკლედ, წუხელ მაგარ სასტავში გავეძრე“ (ნინო თარხნიშვილი); „კაი სასტავშია მომჯდარი“ (აკა მორჩილაძე)
(ლევან ბრეგაძე, „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“)
ვინ სად ეძრობა და სად უნდა იყოს გარჭობილი, ვინ სად უნდა იჯდეს და სად არის მომჯდარი, სადღაც თეთრი გედი მღერის, სადღაც თეთრი რაში მიქრის და ჩვენ რა დავაშავეთ, ყველა ყვავმა და ვირმა აქ რომ მოიყარა თავი, რომ ჩასასტავდნენ, მიდგნენ-მოდგნენ, ყველა შეაწუხეს, დაეკიდნენ გრენლანდიასავით და ყველაფერი დაიკიდეს, ყელი მოიღერეს, ხმა ამოუშვეს და ყველა გააჩუმეს. როდესაც ქვემეხი ქუხს, მუზები დუმან. როდესაც მუზები დუმან, სცენაზე გამოდიან მამუკა ახვლედიანი და გიგი უგულავა. ისინი უკრავენ, თეატრალური კვარტეტი კინტოურს ცეკვავს. ქართულს ვერ იცეკვებენ, სისხლი არ ეყოფათ და ვერც ხანჯლურს იცეკვებენ, რადგან ხანჯალს ცოცხი ამჯობინეს.
„ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს.როგორც კი დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ დაახლოებით 6 თვეში. ვისაც კომპიუტერული თამაშები უთამაშია, იცის, რომ პირველად არის თამაში ძნელი, თორემ მეორედ უკე ადვილად გადიხარ“, - უთქვამს ვანო მერაბიშვილს თავის სასტავში და სასტავი რა აზრის იყო, არ ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს კი ახლავე მოკლედ მოგახსენებთ.
პირველად იყო ძნელი სააკაშვილისთვის პანღურის ამორტყმა, თორემ მეორედ უკვე ისეთი იოლია, რომ მამაპაპურ პანღურს კაი ლაზათიან წიხლსაც მიაყოლებ, პირდაპირ კუდუსუნში და გინაც - კუკუზნაკში, თუ იმ დროისთვის კუდუსუნებს ცოცხებით არ დაიფარავენ.
დრო გავა, დრო მოვა და იქნებ სწორედ ახლა არის დრო, რომ გავიხსენოთ და დავუფიქრდეთ, როგორ იქცნენ ვარდები ცოცხებად და როგორ გადაიქცა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი ვირზე უკუღმა შემომჯდარ კინტოდ.
გია ცაგარეიშვილის მიერ მოყოლილი ერთი ეპიზოდი კინტოს ცხოვრებიდან, ჩაწერილი „ინტერპრესნიუსის“ მიერ: „პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბებიასთან, მზია წერეთელთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა აცნობა, რომლის ინფორმაციით, მზია წერეთელი შვილიშვილთან ერთად სტრასბურგში მოწყობილ გამოფენაზე იხილეს. ცაგარეიშვილი სააკაშვილს მიმართვს კითხვით - აპირებს თუ არა ის საქართველოს პარლამენტშიც ბებიასთან ერთად მისვლას?“
ჰო, ეგ მეც მაინტერესებს, თუმცა ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ მზია ბებოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიხილავთ, რადგან პარლამენტი ქუთაისშია და არა სტრასბურგში. რამდენიმე დღეც და სააკაშვილი პარლამენტში მივა. გაახსენდება, როგორ წავიდა პირველად სკოლაში, როგორ მიიყვანეს დედამ, ბებიამ და დიდმა ბებიამ, როგორ ტიროდა, როცა მარტო დარჩა და როგორ ტიროდა, როდესაც პირველი პანღური მოხვდა. შემდეგ, შეეჩვია მარტო დარჩენას და პანღურებსაც მიეჩვია. მიეჩვია დიდ დასვენებაზე ბებიამისის მიერ გამოტანებული კატლეტის ჭამას და მას შემდეგ მხოლოდ ბებიამისისას მიირთმევს.
„როდესაც ლაპარაკობენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ამნისტიამ გაუშვაო, ბოდიშს ვიხდი, ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას და ახლაც, რომ დავურეკო, წინააღმდეგი იქნება“ - თქვა გასულ კვირაში სააკაშვილმა და გაიფიქრა: „დავალევინე მაჭარი...“
სანამ ის მაჭარს სვამს და ეს ბოროტად ხითხითებს, გავიხსენოთ ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, რადგან ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში არ ხდება ყოველ კვირას, ხოლო ის - პანღურები, მაჭარი და მზია ბებიას ძღვენი საყვარელი შვილიშვილისთვის, ყოველ კვირას კი არა და, ყოველ დღე ხდებოდა და კიდევ ბევრჯერ მოხდება.
მართლაცდა, სულაც არ ხდება ყოველ კვირას, რომ კეზერაშვილს ბრალი წაუყენონ, უგულავა დაკითხვაზე დაიბარონ, ლეიბორისტული პარტიის სახეებმა დატოვონ ლეიბორისტული პარტიის თავი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ცემოს ჭიდაობის ფედერაციისავე ვიცე-პრეზიდენტი, ახლადარჩეულმა პარლამენტმა ვადაგასული პრეზიდენტის უკანასკნელი სიტყვის მოსასმენად გამოყოს დრო და მიხეილ ქარელმა გაავრცელოს განცხადება, რომელშიც არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ არის დაშვებული. ამ ოც წელიწადში, გასულ კვირაში პირველად მოხდა ის, რომ გია ბარამიძმ აღიარა საკუთარი კვერცხობა და ამ 25 წელიწადში პირველად გავიგე, რომ ამირან ძოწენიძემ ვიღაც ცემა.
როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო მეტ სიმპათიას იმსახურებს - კაცი, რომელიც ჩასაძირად განწირულ გემზე ადის თუ გასუქებული ვირთხა, რომელიც ამ გემს სასწრაფო წესით ტოვებს? რა თქმა უნდა - პირველი, ეს ზოგადად, თორემ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ცოტათი რთულად არის. ჩასაძირად განწირული გემი ნაციონალური მოძრაობაა, მასზე ასული კაცი - ამირან ძოწენიძე, ხოლო ის ვიღაც, ვინც ძოწენიძემ ცემა, მთლი 10 წელი სააკაშვილის პურ-მარილის ნარჩნებზე იყო წამოპლაკული, ახლა კი ივანიშვილის პურ-მარილის ნარჩენებზე აპირებს წამოპლაკვას.
საქმე რთულად არის, მაგრამ ჩემთვის მარტივია - ძოწენიძეს 25 წელია ვიცნობ. არ მიცემიაო... ვაგინეო... თუ რამეში ზუსტად ვარ დარწმუნებული, არის ის, რომ საცემიც იქნებოდა და საგინებელიც. 25 წელია, რაც ამირან ძოწენიძეს ვიცნობ, მაგის ნათქვამი ტყუილი არ გამიგია, მაგრამ ახლა იმედს ვიტოვებ, რომ იტყუება. მინდა, რომ ეცემა, რადგან ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცეული ვირთხები ისევე იმსახურებენ პანღურს, როგორც ის კინტოები, კუდუსუნებს ცოცხებით რომ იფარავენ.
გიგი უგულავა... „ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, ასე გვიან რატომ მოვიდა უწყება. ჯერ სამსახურში მოუტანიათ უწყება, დამირეკა დედაჩემმაც, სახლშიც მისულან. მინდა ვუთხრა მათ, რომ ხვალინდელი დღე მე მაქვს გაწერილი, ამიტომ ხვალ, 16:00 საათზე ველოდები გამომძიებელს, პაატა მამულაშვილს. მერიის მისაღებში მას ჩემი თანამშრომლები დახვდებიან, მივიღებ და გავცემ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს. თუ გამოძიებას ეს დრო არ აწყობს, მე ზეგ მივემგზავრები პრეზიდენტთან ერთად კონფერენციაზე და დაბრუნებისთანავე შევჯერდებით მომდევნო ურთიერთობის ფორმაზე. თუ ვინმეს ილუზია შეექმნა, რომ მე მივდივარ და აღარ დავბრუნდები, მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ სიამოვნებას მე ივანიშვილს, კბილაშვილს, წულუკიანს და ა.შ არ მივანიჭებ“, - განაცხადა გიგი უგულავამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და უსაქმურებზე სასაუბროდ პროკურატურაში დაიბარეს.
მერე აღარ ვიცი, რა მოხდა, წავიდა თუ არა კონფერენციაზე სააკაშვილთან და ბებიამისთან ერთად. არც ის ვიცი, ერთხელაც რომ იქნება და რომ წავა, დაბრუნდება თუ არა უკან. ყოველ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ შეხვდა და ესაუბრა გამომძიებელს და რომ შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. „ლირიული გადახვევებიც იყო“ - თქვა უგულავამ და ეგრევე ის გამახსენდა, კამერული მუსიკა გეყვარება და აგერ მაქვს შენთვის პირველი კამერაო.
ეგ დღეც დადგება, ეგ არის ჩემი ქართული ოცნება, თორემ თეატრალურ კვარტეტს, პარლამენტარ ყეენიშვილს და პოლიტპატიმარ ჩახალიანს რა თავში ვიხლი? განსაკუთრებით, ამ თეატრალური კვარტეტის ამბავია საინტერესო, აი, კომენტარი რომ არის ზედმეტი და ერთი კაი ჭიტლაყი მადლი რომ იქნებოდა. ჩემი და თქვენი კომენტარები - ერთია, ხალხის (განსაკუთრებით - კახელების) შეფასება - მეორე, მაგრამ ხანდახან ისეა, რომ, ერთ დროს დოკუმენტური ფილმების ციკლი რომ იყო - „კინო მოგვითხრობს თავის თავზე“ - ისე იყო გასულ კვირაშიც - მამუკა ახვლედიანი მოგვითხრობს თავის თავზე. ეს მონათხრობი ჩემმა მეგობარმა სააგენტომ ჩაიწერა და გაავრცელა კიდეც:
„საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, „თეატრალურ კვარტეტს" შპს "თბილსერვისში“ რეკომენდაცია თავად გაუწია , - ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა დღეს საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ისინი ჩემი მეგობრები არიან და ეს იყო პერიოდი, როდესაც ისინი ასპარეზზე გამოსვლას იწყებდნენ. მე შევთავაზე მათ და რეკომენდაცია გავუწიე დასუფთავების სამსახურში. შევთავაზე, ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკი ჰქონოდათ. ეს ის პერიოდია, როდესაც აქტიურად უნდა გაგვეწია პროპაგანდა დასუფთავების სამსახურის მუშაობისთვის და იმართებოდა გარკვეული ღონისძიებები და აქციები, რომლებშიც „თეატრალური კვარტეტი“ მონაწილეობდა. თეატრალური კვარტეტის წევრებმაც ანაზღაურებაც სწორედ ამ მიზნით მიიღეს. თუ ეს არის დანაშაული, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს და მზად ვართ ამისათვის პასუხი ვაგოთ“ , - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა“.
პასუხსაც აგებ და ლენინზე ლექსებსაც იტყვი, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის არის, თან იმას რომ ამბობს, დასუფთავების სამსახურისთვის უნდა გაგვეწია პროპაგანდაო და თან ისე გამოდის, რომ თეატრალურ კვარტეტს იქით ჭირდებოდა რეკლამა და სიყვარული.
რავი... სისუფთავეს თუ პროპაგანდა ჭირდება და... არა, ისე მართლა ჭირდება, სამწუხაროდ, მაგრამ ცეკვა-თამაშით და ტინგიცით, ფონოგრამით და ლაზღანდარობით ასეთი საქმეები არ კეთდება. რაც შეეხება თეატრალურ კვარტეტს, თუ პოპულარობა უნდა, ამისთვის არსებობს „საქართველოს ვარსკვლავი“ და „ახალი ხმა“ ტელევიზიებში, „დუბლინი“ და „ბუფალო“ პეროვსკაიაზე და, ბოლო-ბოლო, ამ ქალაქში უამრავი მიწისქვეშა გადასასვლელია. რაღა ნაგვის ბუნკერიდან იწყებთ კარიერას, თქვე ჩემისებო?!
მაგარი რაღაც - როგორც ირკვევა, „თბილსერვისში“ „თეატრალური კვარტეტის“ წევრები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებულნი... ამაშია საქმე - თუ ეგ მომღერალ-ალპინისტ-დამგველები იმ ბუნკერიდან ამოძრომას მაინც მოახერხებენ, ქართველებს არც ტვინი გვქონია და არც მეხსიერება, თუმცა... აგერ, სულ არ აქვს ნიკა ლომიძეს პრეტენზია ალპინისტობაზე, მაგრამ ისეთი ქაქიდან ამოძვრა, წესიერი კაცი რომ არ ჩავარდება და თუ მაინც ჩავარდება, იქიდან ამოსვლას ისევ დახრჩობას არჩევს.
როგორც ჩანს, საქართველოს ლეიბორისტული პარტია არსებობას სწორედ ნაგვის ბუნკერში დაასრულებს. ყველაფერი მაქეთ მიდის და გზაც იქით ჰქონიათ. გასულ კვირაში შალვა ნათელაშვილი ყველანაირი კიდურების გარეშე დარჩა, კი იძახის, მაგრად მკიდიაო, მაგრამ მახსოვს, რომ ოსტაბ ბენდერმა კვალიფიკაცია შეიცვალა და სახლმმართველი გახდა. გული მიგრძნობს, შალვა ნათელაშვილიც გამოიცვლის პროფესიას და დაწყებით კლასებში ინგისურის სწავლებას მიყოფს ხელს.
და შატბერაშვილი? ძაგანია? ჯიბლაძე? გუგავა?..
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღედე გრძელდება მოღალატე, დამღუპველი პოლიტიკოსების „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდად გამოყენება. „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა ერთგული, მებრძოლი აქტივისტის პატივისცემის მიუხედავად, ვემიჯნებით პარტიის თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვქმნით ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და ვრჩებით ჩვენი პოლიტიკური პრინციპების ერთგულნი“, - აღნიშნულია ექს-ლეიბორალისტების განცხადებაში.
ანუ - შოუ მასთ გოუ ონ!!!
„მთავარი პროკურატურა „თბილსერვის ჯგუფში“ ფორმალურად დასაქმებული არც ერთი თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
აქაც იგივეს ვიტყვი - ანუ - შოუ მასთ გოუ ონ!!!
„შპს „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლების დაკითხვა აღვირახსნილი პოლიტიკური დევნაა, - ამის შესახებ, გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი შეფასებით, გამოძიების მიხედვით, დანაშაული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა და აქტივისტობაა: „700 ადამიანის დასაქმება შევძელით და მეტს შევძლებთ“.
გული ამიჩუყდა... იმ მეტროს სადგურს სახელი ხომ არ გადავარქვათ და „300 არაგველის“ ნაცვლად „700 ადამიანი“ ხომ არ დავარქვათ? „სამი მუშკეტერის“ პონტში ჩვენც ხომ არ შევქმნათ რამე, მაგალითად „ოთხი ალპინისტ-დამგველი“?! და იქნებ ნიკა ლომიძისთვის ახლავე მოვზომოთ ადგილი დიდუბის პანთეონში! რაღაც, მაქეთ მიდის საქმე, ეგეთი დვიჟენიებია. ხალხი უნდა იცნობდეს თავის გმირებს და ერთი გმირის განცხადების ერთ ნაწყვეტს აქვე შემოგთავაზებთ.
„დღევანდელი ვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად დადებით ატმოსფეროს ქმნის და შესაბამისად, ეს განცდა 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაბრუნებული სამართლიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემისა და პატრიოტიზმის შედეგია, რომელიც სააკაშვილის, ოქრუაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების და სხვათა მსგავსთა მიერ შექმნილი რეჟიმით იქნა სრულიად იგნორირებული“
ბარემ, მეორე ნაწყვეტიც: „ამ რეჟიმს ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად პირდაპირ თუ ირიბად მეც ვუჭერდი მხარს და მისი პოლიტიკის გამტარებელიც ვიყავი, თუმცა რეჟიმის იდეოლოგი და ბრმად მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ, მიმაჩნდა რა, რომ ქვეყანა ვარდების რევოლუციის შემდგომ სწორ კურსს ადგა, ვიდრე სააკაშვილის მანიაკალურმა და ავტორიტარულმა მისწრაფებებმა ფრთები არ გაშალა. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ამ რეჟიმის წინააგმდეგ მემოქმედა ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად, რაც დასაწყისშივე ძალიან ძვირი დაგვიჯდა“.
რომ არ ვიცოდე, თუ ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, ვიფიქრებდი, ექვთიმე თაყაიშვილი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამარიდან გველაპარაკებიან-მეთქი.
მიხეილ ქარელი... განბაჟუიწე ი უხაძიწე... კიდევ ერთი პოლიტდევნილი, მსხვერპლი რეჟიმისა... მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ერთი მსხვერპლი მართლა მახსენდება - 6 წლის გორელი ბავშვი, საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმზე ამაყად რომ ამბობდა მშობლის თუ მასწავლებლის მიერ შექმნილ ნაწარმოებს „ოდა მიხეილ ქარელს“. შესაძლოა, სადმე ახლაც აგდია ინტერნეტში და აუცილებლად მოვნახავ, მაგრამ ინტერნეტი ინტერნეტია და მეხსიერებაც ხომ არსებობს? ჰოდა, მახსოვს იმ ბავშვის გაბრწყინებული თვალები, მახსოვს სტრიქონები და მათი დედააზრი - მადლობა ძია მიშა ქარელს, ბავშვობას რომ გვილამაზებსო; ეგ რომ არ ყოფილიყო, დედა აღარ გვეყოლებოდაო და ა.შ.
რა არის მაინც ეს დალოცვილი მეხსიერება!.. ისეთი რამეები მახსოვს და ისეთი რამეები ვიცი!.. მაგრამ ცოდნა არ არის მთავარი, მთავარი გაგებაა. არც მოსმენაა მთავარი, მთავარი გაგებაა.
გავიგე, წავედი!
ა.ა. (არ აგვერიოს) რამსები არ აგერიოს - არაფერი შეგეშალოს. „პირი დავიბანე და მეთქი, მამუკ, არ აგერიოს რამსები, ახლა უნდა გაიგო ყველაფერი“ (აკა მორჩილაძე)
(ლევან ბრეგაძე, „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“)