საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც პრეზიდენტის უფლება-მოსილების განსაზღვრას ეხება, „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ დებატებში იწვევენ. საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მხოლოდ გარკვეული პირობებით დაუჭერენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც უმრავლესობის განცხადებას გამოეხმაურა.
დავით ბაქრაძის თქმით, უმრავლესობის დღევანდელ განცხადებაში რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. პირველი არის ის, რომ მიუხედავად პარლამენტის წევრებზე პოლიტიკური ზეწოლისა და პირდაპირი შანტაჟისა, საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ქვორუმის შეგროვება ვერ შეძლო. მეორე ტენდენცია კი ბაქრაძის განცხადებით არის ის, რომ მათმა კოლეგებმა უმრავლესობიდან სატელევიზიო გამოსვლაშიც ვერ შეძლეს თავი შეეკავებინათ პირდაპირი მუქარისგან და ფაქტობრივად, ულტიმატუმის სახით ესაუბრებოდნენ ოპოზიციას, რაც მიუღებელია.
„ის, რომ ზეგ გასამართ კენჭისყრაზე ვერ მიიღებენ მხარდაჭერას, დიდწილად განპირობებული იქნება სწორედ იმ ენით, ურთიერთობის იმ ფორმით, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენი მხარდაჭერის მოპოვებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მთავრობა ცდილობს მოსახლოებას აჩვენოს, რომ ხელი ეშლება საქმეში, რის გამოც მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებას ვერ ასრულებს და არსებობს მთავრობის დათხოვნის მზაკვრული მსოფლიო გეგმა.
„არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს და არავინ არ აპირებს მათთვის ხელის შეშლას. თავი დაანებონ კუდიანებზე ნადირობას, ნაციონალების დადანაშაულებას, შეგზავნილი აგენტების ძებნას და იმუშავონ“, - ამბობს ბაქრაძე.
უმცირესობა ასევე სთავაზობს უმრავლესობას, მოიხსნას ოპოზიციაზე ზეწოლა. ბაქრაძის განცხადებით, ისინი სთავაზობენ უმრავლესობას, ამოქმედდეს კონსტიტუციის ის ნაწილი, რომლითაც 3/4 იქნება საკონსტიტუციო ქვორუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის წინაშე მუდმივად აღარ იქნება ცდუნება თავის მხარეს რამდენიმე დეპუტატი „გადაათრიოს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ თუკი უახლოეს დღეებში პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობა შეაგროვა, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრები ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა.
„დღეს, საპარლამენტო უმრავლესობამ სრულიად გაუგებარი ისტერიკა მოაწყო. ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდა ბოლო დღეებში, რომ ამას ასეთი სერიოზული ისტერიკა მოჰყოლოდა. მე მინდა, სრული სერიოზულობით განვაცხადო, რომ დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს ხმების სრული რაოდენობა საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში შემავალი წევრების რაოდენობა მე მაძლევს საფუძველს განვაცხადო სრული კატეგორიულობით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობისგან ძალიან შორს არის. ამ ფონზე, დღევანდელი განცხადებები, რომ ისინი მალე კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ, მაფიქრებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ სერიოზული რეპრესიები განახორციელოს“, - ამბობს მერაბიშვილი.
სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები, თუკი მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო ხმებს მართლაც ვერ მოაგროვებს? მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის ვადაში შეუძლია, ექვსი თვე კი მარტის ბოლოს იწურება. შესაბამისად, სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნა აპრილიდან შეუძლია. შეგახსენებთ, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია. კერძოდ, თუკი პრეზიდენტმა დაითხოვა მთავრობა (რისი უფლებაც მოქმედი კონსტიტუციით მას ნებისმიერ დროს აქვს), შემდეგ მისთვის სასურველი მთავრობა დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა, ხოლო პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა (პრეზიდენტის მიერ მისი სამჯერ წარდგენის შემდეგაც კი), პრეზიდენტს ასეთ შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის უფლებაც აქვს, შემდეგ კი მას შეუძლია მისთვის სასურველი მთავრობა ერთპიროვნულად დაამტკიცოს. ასეთი რეალობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ შემთხვევაში, თუ ამ თვეში პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღო.
კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება საჭიროა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციით ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დარღვეულია. ეს კი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, რომ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. თუმცა, აქვე კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი დასახულ მიზანს ბოლომდე ვერ აღწევს, რადგან ამ ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს მაინც შეუძლია ნებისმიერ დროს გადააყენოს მთავრობა (ძალოვანი მინისტრები) და საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ქვეყან საერთოდ მთავრობის გარეშე დატოვოს.
რაც შეეხება დღეს მოქმედ კონსტიტუციას და იმ შემთხვევას, თუკი ცვლილებები ამ თვეში ვერ იქნება მიღებული, ირაკლი კობახიძის თქმით, მივიღებთ იმ მდგომარეორას, რაც ზემოთ აღვწერეთ - პრეზიდენტი მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შემდეგ დანიშნავს მისთვის სასურველ მთავრობას და ამ მთავრობის ქვეყნის სათავეში ყოფნის პირობებში ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს, რამაც ირაკლი კობახიძის თქმით, შეიძლება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს.
„შეიქმნება ვითარება, როდესაც მთავრობა არის პრეზიდენტის ხელში, ხოლო პარლამენტი საერთოდ არ არსებობს. ჩვენს კონსტიტუციაში შეგნებულად არის ასეთი ნონსენსი ჩადებული (რაც 2004 წელს გაკეთდა), რომ პარლამენტის დათხოვნა ავტომატურად იწვევს მისი უფლება-მოსილების შეწყვეტას, რაც არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ გვხდება. დაუშვებელია, ქვეყანაში რაღაც დროის განმავლობაში არ არსებობდეს პარლამენტი, ანუ პარლამენტის დათხოვნა არ შეიძლება მისი უფლება-მოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტას იწვევდეს“, - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.
მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში დათხოვნილი პარლამენტი თავის უფლება-მოსილებას ახორციელებს იქამდე, ვიდრე ახალი პარლამენტის უფლება-მოსილების ცნობა არ მოხდება. ჩვენთან კი არის იმის საშიშროება, რომ პარლამენტის დათხოვნიდან ახალი პარლამენტის არჩევამდე ქვეყანა საერთოდ პარლამენტის გარეშე დარჩეს და ამ პერიოდში მიხეილ სააკაშვილს მისთვის სასურველი მთავრობა ჰყავდეს, რაც უკვე ხელისუფლების უზურპაციის ნიშნებს იძენს.
სადამდე მიჰყვება პროცესებს მმართველი გუნდი და აქვს თუ არა მას იმედი, რომ საკონსტიტიციო ცვლილებას საპარლამენტო უმცირესობის წევრები მხარს დაუჭერენ, ამასთან დაკავშირებით for.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ბერძენიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ამ თვეში საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტი მიიღებს თუ არა. ბერძენიშვილი ამბობს, მთავარია, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყანას პოლიტიკური პრობლემა მოუხსნა, რადგან სააკაშვილი ვეღარ შეძლებს მის მიერ 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით სარგებლობას.
„ჩვენ გავაგებინეთ მთელს მსოფლიოს და რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელში ასანთი სახიფათოა. თავად სააკაშვილიც დარწმუნდა იმაში, რომ ბლეფზე ვერ წამოვა. ის ვენეციის კომისიაზე აპელირებდა და კომისიის დასკვნაც გავახსენეთ მას, როდესაც 2004 წელს სააკაშილმა თურქმენ-ბაშის კონსტიტუცია მიიღო, ვენეციის კომისიამ ამაზე თქვა, ეს ცუდი ცვლილებაა და მას ვემიჯნებითო. ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა სურდა, სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ საკუთარ ხაფანგში აღმოჩნდა, რადგან ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა, ბატონმა ბუკიკიომ გაიხსენა, რომ კომისია 2004 წელსაც ამ ცვლილების წინააღმდეგი იყო და აღნიშნა, რომ ახლა კონსტიტუციაში ცვლილებებია შესატანი, რათა პრეზიდენტს ასეთი განუზომელი უფლებები არ ჰქონდეს“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გონიერი ნაწილი პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ მისცემს, რადგან შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობას“ არათუ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების, არამედ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. აქვე დეპუტატი დასძენს, რომ თუ სააკაშვილი მაინც მოისურვებს ამის გაკეთებას, „ნაცმოძრაობამ“ კეთილი უნდა ინებოს და იგი გააკონტროლოს. დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი თავის ზრახვებში ძალიან მოკრძალებულია, რადგან მას სურს, „პაწია ოპოზიციის ლიდერად დარჩეს“, მაგრამ მან ეს დრო გაფლანგა, იგი ამ წლების განმავლობაში ისე ცუდად იქცეოდა, რომ ოპოზიციაში ყოფნის შანსიც კი აღარ აქვს.
დავით ბერძენიშვილი ვერც იმის საშიშროებას ხედავს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტი და მთავრობა დაითხოვოს და მისთვის სასურველი მთავრობის პირობებში ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები.
„მისთვის სასურველი მთავრობის კი არა, სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნები ისეთ პირობებში ჩაატარა, რომ მთელი სახელისუფლებო ბერკეტების არსენალი მის ხელთ იყო და ოფიციალურად „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო. დღეს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილის, თუ მისი ძალიან მაგარი გუბერნატორების პირობებშიც კი (განსაკუთრებით ოჩიაური თავისი ბარნოვით და ევროპიდან დაბრუნებული ჭიაბერაშვილი) ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. ამიტომ, არავითარი არჩევნები არ იქნება. ჩვენ ვეუბნებით იმ პატიოსან ხალხს პარლამენტში - ისწავლონ პოლიტიკა ოპოზიციაში“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ნაციონალ დეპუტატებს მათ ფრაქციებში გაწევრიანებას კი არ სთავაზობს (რადგან ყველა მათგანის ფრაქციებში მიღება სულაც არ სურთ და არ სჭირდებათ), არამედ ეუბნება მათ, რომ საკუთარ თავზე იზრუნონ.
„მე, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, არ ვარ მზად, რომ ჩვენ რიგებში ნაციონალები მივიღო. ჩვენ მათ ვთავაზობთ, საკუთარ თავზე იზრუნონ და როდესაც ქვეყანა წინ მიდის, უკან ნუ ექაჩებიან, რადგან ისინი ისეთი სუსტები არიან, რომ ქვეყანა მაინც წინ წავა. თუ გინდა შენც იყო ამ მსვლელობის მონაწილე, იყავი მონაწილე, თუ არ გინდა, დარჩი წარსულში და იქ მყოფი პოლიტიკოსების რიგები შეავსე - ვეუბნებით მათ ჩვენ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
მისი თქმით, მმართველ გუნდს უბრალოდ არ სურს, პოლიტიკური კრიზისის მაგვარი რამდენიმეთვიანი პერიოდი დადგეს, თორემ საპარლამენტო არჩევნების მოგების პრობლემა არ აქვს და პოლიტიკური პრობლემა გადაწყვეტილი აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ელემენტარულად ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.