სულ მცირე დრო დარჩა და მთავრობა სავაჭრო ობიექტების გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებს. ვითარება ბიზნესისთვის ამჯერად არასახარბიელოა, რადგან ინფექციონისტები პირდაპირ ითხოვენ მკაცრი შეზღუდვების ძალაში დატოვებას, ხოლო მთავრობა კი უკვე ფეხს ითრევს შემსუბუქებაზე.
ეკონომიკის სამინისტროს გუნდსა და არასასურსათო სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის შეხვებრები ლამის ყოველ დღე იმართება. ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია რა ვალდებულებას იკისრებენ სავაჭრო ობიექტები, როგორ გეგმავენ ისინი უზრუნველყონ, რომ რიგები არ გაჩნდება და ეპიდვითარება არ გაუარესდება.
მომეტებულ სიფრთხილზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძეც, რომლის განცხადებითაც, ფაქტი, რომ ინფექციის გავრცელების სისწრაფე შენელდა, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და მეტს არაფერს ნიშნავს. ამიტომ ჯერ გადაწვეტილი არ არის შემსუბუქდება თუ არა დაწესებული მკაცრი შეზღუდვები.
სავაჭრო ობიექტების მფლობელები კი უკმაყოფილებას ვერ მალავენ. ერთკვირიანი მუშაობა არასაკმარისად მიაჩნია „სითი მოლის“ დირექტორს ლევან მესხელს. 24 დეკემბრიდან მხოლოდ ერთი კვირით საახალწლო ვაჭრობის დაშვება, დროის სიმცირის გამო, მომხმარებლის ნაკადის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, ნებისმიერი მექანიზმი შესაძლოა, უძლურიც იყოს ხალხის მასის სწორი გადანაწილებისთვის. ეს შედეგი არ დადგებოდა, თუკი სავაჭრო ობიექტებს 15 დეკემბრიდან ექნებოდათ მუშაობის საშუალება.
„კონკრეტული გეგმა ლოქდაუნის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ წარვადგინეთ სამინისტროში და ვუთხარით, რომ 24 დეკემბრიდან სავაჭრო ცენტრების გახსნა ძალიან რთული იქნებოდა და გამოიწვევდა რიგებს. ჩვენ გვინდა იმის საშუალება გვქონდეს, რომ ხალხის ნაკადი გადავანაწილოთ და ამის მექანიზმი და ბერკეტები შევთავაზეთ მთავრობას. პასუხისმგებლობასაც იმ შემთხვევაში ვიღებდით, თუ 15 დეკემბრიდან გაიხსნებოდა მოლები და ამ ბერკეტებით ვითარებას გავაკონტროლებდით. ადამიანებსაც მეტი დრო ექნებოდათ ვაჭრობისთვის. ხალხის მასის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, თუ 24 დეკემბერს მხოლოდ ერთი კვირით გავიხსნებით“, - განუცხადა „კომერსანტს“ მესხელმა.
სავაჭრო ობიექტებს ჯერჯერობით არც იმას ეუბნებიან, რომ ერთი კვირით, წინასაახალწლოდ მუშაობას შეძლებენ და არც იმას, რომ დღევანდელ სიტუაციაში დარჩებიან. არადა გახსნის შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიღება, სავაჭრო ქსელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც „აისიარ“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ აღნიშნა, ინფორმაციის მათთვის გაცნობა, ბიზნესს მოსახლეობის გაფრთხილებაში და ნაკადების სწორად მართვაში დაეხმარება.
„ვფიქრობ, რომ სავაჭრო ქსელები ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული ქსელია, რომელიც წესებს ზედმიწევნით სწორად იცავს. ჩვენს პერსონალში კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. ჩვენ რეალიზაციის საათებს გავზრდიდით, დავიწყებდით დილის 9-საათზე და გვიანობამდე ვივაჭრებდით. ვიცით, რომ სავაჭრო ცენტრებში მყიდველები სამსახურის შემდეგ მიდიან და ამიტომ სპეციალურ ფასებს დღის პირველ ნახევარში შევთავაზებდით, რათა მათ დღის პირველ ნახევარში მისვლის მოტივაცია ჰქონოდათ და ნაკადებს ამის მიხედვით ვმართავდით. ეს ყველაფერი ეკონომიკურ გუნდთან გადაგზავნილი გვაქვს.
იანვარი-თებერვალი ჩვენი ტიპის ბიზნესებისთვის ყოველთვის კრიტიკულია, ამიტომ შემოსავლების თვალსაზრისით დეკემბერში გახსნა მნიშვნელოვანია, ეს გვიჩვენებს რამდენად შევძლებთ მომდევნო თვეების გადატანას“, - განაცხადა გადაცემა „საქმიან დილაში“ ხაზარაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ 24 დეკემბერი მოახლოვდა, მთავრობა გადაწყვეტილების მიღებას მაინც არ ჩქარობს.
პირიქით, უნდა გამკაცრდეს კონტროლი წესების დაცვაზე.
მაგ. ახლაც, ვისი ნებართვით და რა საჭიროებისათვის მუშაობენ მთელი ღამის განმავლობაში "დეილი"-ს მაღაზიები?
უბნის სასურსათო მაღაზიებშიც არის საკმარისად ყველაფერი. სუპერმარკეტებში და ბაზრობებზე, საჩუქრების და ასაფეთქებლების საყიდლად, ჯგლერთვის და ღამით მთვრალი ბოდიალის გარეშეც შეიძლება ახალი წლის შეხვედრა, წყნარად, ოჯახურ გარემოში.